საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმება 3 თვით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები გერმანიაში 1 აპრილიდან დაიწყება.
„საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებითი დასაქმების პროგრამა მიმართულია როგორც ჩვენი მოქალაქეთა ფინანსური კეთილდღეობისთვის, ასევე ცოდნის გაცვლის მიზნით“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მინისტრის განცხადებით, პანდემიის გამო აღნიშნული პროექტის განხორციელება 2020 წელს ვერ განხორციელდა. თუმცა, პროექტის აქტუალურობიდან გამომდინარე, ეს შეთანხმება ახლა გააქტიურდა. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 15 თებერვლიდან დაიწყება საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში რეგისტრაცია სოფლის მეურნეობის დარგში დასაქმების მიზნით.
„პროგრამა მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. საქართველოს დასაქმების სააგენტოს უკვე გააჩნია დიდი გამოცდილება და გერმანიის მთავრობაც მზად არის განუსაზღვრელი რაოდენობით მიიღოს ჩვენი მოქალაქეები“, - განაცხადა ტიკარაძემ.
For.ge დაინტერესდა, აღნიშნული პროექტი რამდენად გამოიწვევს ქართველთა მიგრაციას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მიგრაციაზე თავად ჯანდაცვის მინისტრიც საუბრობს.
„პროგრამა მოიცავს დროებით შრომით მიგრაციას, რომლის ვადები სამი თვით განისაზღვრა“, - განაცხადა ტიკარაძემ.
როგორც for.ge-თან ეკონომისტმა სოსო სიმონიშვილმა განაცხადა, გერმანიას ეკონომიკურად არ უჭირს, თუმცა ქართველების მსგავსად დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგას და სწორედ, ამის აღმოსაფხვრელად უკვე წლებია მიმართავს მსგავს პროექტებს, როგორიცა უცხოელების ლეგალური დასაქმება.
„გერმანია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ეკონომიკურად ძალიან მალე დადგა ფეხზე და წარმოება ძალიან მალე გაზარდეს. თუმცა, მუშა-ხელი გაუჭირდათ. მაშინ იყო, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირისა და ახლო-მახლო ქვეყნებიდან, ეთნიკური გერმანელების სამშობლოში დაბრუნების პროგრამები დაიწყო და მაშინ, გერმანიაში საქართველოდან, ყაზახეთიდან, რუსეთიდან და პოლონეთიდან ძალიან ბევრი გერმანელი დაბრუნდა. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ასევე გერმანიაში ბევრი თურქი ცხოვრობს. გერმანიას თურქების ჩაყვანის პროგრამა ჰქონდა. საერთოდ, წლებია სულ იზიდავს მოსახლეობას. მათ დემოგრაფიული პრობლემები აქვთ და ერის გამრავლება ისეთი სისწრაფით არ ხდება, როგორც მათი ეკონომიკის. იგივე პრობლემები აქვთ სხვა დასავლეთ ევროპის ქვეყნებსაც. ასე რომ, ეს ჩვეულებრივი ამბავია.
რაც შეეხება ქართველებისთვის 3-თვიან სამუშაო ვიზებს, ძალიან ბევრი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი, როდესაც მათ ჩვენი ჟურნალისტები კითხვებს უსვამენ - რატომ არ გასცემენ ისინი სამუშაო ვიზებს, ისინი ასე პასუხობდნენ: იმიტომ, რომ თქვენი ქვეყნის მთავრობა ამას ჩვენგან არ მოითხოვს. ამისთვის საჭირო იყო სახელმწიფოთაშორის ხელშეკრულებების დადება. ჩვენი ქვეყნის მთავრობები ამას არ აკეთებდნენ. როგორც ჩანს, ეს ნაკლი გამოსწორდა“, - განაცხადა სოსო სიმონიშვილმა.
ეკონომისტის თქმით, გერმანიაში ქართველების ოფიციალური დასაქმება გზავნილებს გაზრდის, რომელიც შემდეგ საქართველოს ეკონომიკაზე დადებითად იმოქმედებს და ასევე შესაძლოა, ამან ლარის კურსზეც კი იმოქმედოს.
„წასვლის მსურველი ბევრი იქნება. ცხადია, ეს პროექტი ჩვენი ვალუტის სიმყარეზეც იმოქმედებს და შემოსავლებიც გაიზრდება, მაგრამ ეს არათუ საუკეთესო გამოსავალი არ არის, შეიძლება ითქვას, რომ კარგ გამოსავლებს შორის ბოლო ადგილზეა. სინამდვილეში ჩვენ გერმანიაზე უკეთესი დემოგრაფიული მდგომარეობა არ გვაქვს. მეორე საკითხია ის, რომ საქართველოში ვერ მოვიდა ისეთი ხელისუფლება, რომელიც სწორ ეკონომიკურ კურსს აირჩევს. სწორში მე ვგულისხმობ ხალხისთვის სასიკეთო ეკონომიკას“, - განაცხადა სოსო სიმონიშვილმა.
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი, ნოდარ ტურძელაძე for.ge-თან აღნიშნული პროექტის პლუსებზე და მინუსებზე საუბრობს. როგორც პარლამენტის წევრი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, ამ პროექტის დადებითი მხარე ის არის, რომ ქართველებს 90 დღის განმავლობაში ლეგალურად ექნებათ სამუშაო. ხოლო, მისივე თქმით გერმანიაში წასულმა ქართველებმა შესაძლოა, საქართველოში დაბრუნება აღარ მოისურვონ და მიგრაცია გაიზარდოს.
„თქვენ იცით, რომ რამდენიმე წელია ქართველებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ შეგვიძლია მოგზაურობა. დღეს ამის პრობლემა არ არის. თუმცა, იყო შემთხვევები, როდესაც უვიზოდ მიდოდნენ და რჩებოდნენ. შესაბამისად, არალეგალები ხდებოდნენ. ეს პროექტი ამის წახალისებას არ ემსახურება. პირიქით, ამ სამი თვის განმავლობაში ჩვენ მოქალაქეებს შეეძლებათ გამოიმუშაონ ისეთი თანხა, რომელიც დიდ მნიშვნელობას წარმოადგენს მათთვის და მათი ოჯახებისთვის. ეს ყველაფერი მოხდება ლეგალურად.
მოგეხსენებათ, ადამიანები, როდესაც ჩვენი ქვეყნიდან არალეგალურად მიდიან, მათ სამუშაოს დაწყება უჭირთ. უჭირთ ღირსეული ანაზღაურების მიღება და უხდებათ ბევრი დაბრკოლების გადალახვა. ამაში ეხმარება ჩვენი ქვეყანა და შესაბამისად - გერმანია. იქ ჩასვლისას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ექნებათ ღირსეული ანაზღაურება და შემდეგ 90 დღეში უკან დაბრუნდნენ.
შეიძლება ეს 90 დღიანი შეზღუდვა რომ არ იყოს და განუსაზღვრელად მიდიოდნენ, ამ შემთხვევაში დაგეთანხმებოდით, რომ ეს შეუწყობდა მიგრაციას ხელს. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ჩვენი თანამოქალაქეები არალეგალად დარჩნენ. ამას 100%-ით ვერ გააკონტროლებ, ეს წარმოუდგენელია. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია თავშივეა ჩადებული, რომ ჩვენს მოქალაქეებს გერმანიაში 90 დღით ყოფნის უფლება აქვთ. შესაბამისად, დასაქმებაც ლეგალური იქნება. კი, დღესაც შესაძლებელია 90 დღით უვიზოდ წასვლა, მაგრამ დასაქმებით ვერ დასაქმდები. დღეს, მე რომ შენგენის ქვეყნებში წავიდე, იქ სამი თვე უნდა ვეძებო არალეგალური გზებით სამუშაო. ამაში ვუწყობთ ხელს, რომ ეს პერიოდი ლეგალურად დასაქმდნენ“, - განუცხადა for.ge-ს ნოდარ ტურძელაძემ.
კითხვაზე აღნიშნული პროექტი საქართველოში კონკრეტულად რაში დაეხმარება, გარდა იმისა რომ ქართველები დასაქმდებიან, პარლამენტის წევრი ასე გვპასუხობს: „ასე მარტივად არ არის, რომ ერთ-ორ წელიწადში ჩვენ მივაღწიოთ განვითარებული ქვეყნების დონეს და შესაბამისად, გვქონდეს შესაძლებლობა, რომ ყველას ჰქონდეს ღირსეული ანაზღაურება. დღეის მდგომარეობით ეს პრობლემა არსებობს და ამ პრობლემას თვალებში უნდა შევხედოთ. რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ ჩვენს თანამოქალაქეებს თუ მივცემთ საშუალებას, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში რაღაც პერიოდი დასაქმდნენ, შემდეგ ჩამოვიდნენ და ის ანაზღაურება ოჯახს მოახმარონ, ვფიქრობ, რომ ამაში კარგის მეტი არაფერი არ არის. თუმცა, ეს ერთი მხარით არ უნდა დავინახოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება მუშაობს იმაზე, რომ მიგრაციას ხელს უწყობს. არა, მთავარი მიზანი არის ის, რომ თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ ღირსეულად შეძლოს ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში. თუმცა, ეს არ არის ერთდღიანი ან ორდღიანი პროექტი, ეს არის წლებზე გაწერილი, რათა მივიდეთ საბოლოოდ იმ ეტაპზე, რომ ჩვენ თანამოქალაქეებს ქვეყნის დატოვება აღარ უწევდეთ“, - აღნიშნა პარლამენტის წევრმა.
ნოდარ ტურძელაძის თქმით, აღნიშნული პროექტი ქვეყნის ეკონომიკასაც წაადგება. მისივე თქმით, პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, უფრო შეფასდება დეტალურად რამდენად გაამართლებს ეს პროექტი ეკონომიკური თვალსაზრისით.
„რა თქმა უნდა, როდესაც იქ ჩვენი მოქალაქეები დასაქმდებიან და ანაზღაურებას უცხოურ ვალუტაში აიღებენ, ეს ქვეყანას მოხმარდება. შესაძლებელია, გზავნილები გაიზარდოს, მაგრამ წინასწარ ამის კონკრეტიკაზე საუბარი არ იქნება სწორი. გააჩნია, რა რაოდენობის სურვილი იქნება წასვლის. მოქალაქეებზეც იქნება დამოკიდებული, იქ როგორ იმუშავებენ, ძალიან ბევრი კრიტერიუმია, რომელიც ალბათ მოგვცემს შესაძლებლობას, შედეგები პირველი პროექტის დასრულების შემდეგ შევაფასოთ“, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.
უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი ნინო წილოსანი აღნიშნულ პროექტს დადებითად აფასებს. როგორც მან for.ge-თან საუბრისას განაცხადა, ის ვერ ხედავს საშიშროებას, რომ მიგრაცია გაიზარდოს. პირიქით, მისი განცხადებით, ქართველები გერმანიაში დიდ გამოცდილებას მიიღებენ.
„ეს არის შესაძლებლობა, რომ ქართველმა ადამიანებმა ღირსეულ პირობებში ევროპული გამოცდილება მიიღონ. ეს არის მიღებული პრაქტიკა ევროკავშირის ქვეყნებს შორის სამუშაო მიგრაციასთან დაკავშირებით. ამ პრაქტიკას სხვადასხვა ქვეყნები აქტიურად იყენებენ.
აღნიშნული პროქტის მიხედვით, ჩვენი მოქალაქეები უკან აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ. ამ პროგრამაში მონაწილე ადამიანების ჩართულობა თავისთავად გულისხმობს იმას, რომ მათ დაბრუნებას რისკები არ ახლავს. შეიძლება, ამ ყველაფერში პოზიტივი დავინახოთ. კერძოდ კი, გერმანიაში სამუშაო გამოცდილების მიღების პირობებში ეს ადამიანები დაუბრუნდებიან საქართველოს და აქ გააგრძელებენ კარგი დაგროვილი გამოცდილებით საქმიანობას“, - განუცხადა for.ge-ს ნინო წილოსანმა.
ცნობისთვის, აღნიშნულ პროექტზე ჯერ კიდევ 2019 წელს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა.
„უამრავი ქართველი დღეს საშოვარზე წასულია საზღვარგარეთ, იქ მუშაობს და ძირითადად, აბსოლუტური უმრავლესობა მათი 77777არის დასაქმებული არალეგალურად. ჩემი ინიციატივა იყო ეს და მამუკა ბახტაძესთან ერთად განვიხილავდით. სპეციალურად გუნდი ჩამოვაყალიბეთ, ჩვენ შეგვიძლია და უკვე აქტიურად ვმუშაობთ რამდენიმე თვეა, ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებთან, როგორც სახელმწიფომ... და ვაფორმებთ კონტრაქტებს და მივდივართ ამაზე, რომ შევავსოთ ის დეფიციტი, რაც ევროპელებს აქვთ. ევროპელებს აქვთ სამუშაო ადგილები და აკლიათ სამუშაო ძალა, ჩვენ არ გვაქვს სამუშაო ადგილები, ეს არის ჩვენი ძირითადი პრობლემა... სადაც მაღალი ხელფასია, იქ გადაედინება მუშახელი, მაგრამ ცივილიზებულად ხდება ეს, ისინი არ არიან ღირსებაშელახულები.
ამ პროცესს ჩვენ დავიწყებთ ძალიან აქტიურად... შეიძლება რამდენიმე ასეული ადამიანი უკვე შემდეგ გაზაფხულზე მოვახერხოთ და გავუშვათ სეზონურ სამუშაოზე“, - განაცხადა იმ დროს ბიძინა ივანიშვილმა.
ასე რომ, ივანიშვილის იდეა 2 წლის შემდეგ გახდა აქტუალური და საქართველოს მოქალაქეებმა გერმანიაში დასაქმებამდე რეგისტრაცია უნდა გაიარონ.
For.ge გთავაზობთ იმ კრიტერიუმებს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები უნდა აკმაყოფილებდნენ, რათა გერმანიაში სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმება შეძლონ.
დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
ასაკი 18 წლიდან 60 წლამდე;
გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში;
ფიზიკური ჯანმრთელობა;
მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია;
ნებისმიერი მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას;
გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია ერთმა წევრმა მაინც შეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). ენის ცოდნის მოთხოვნას დამსაქმებელი განსაზღვრავს.
“საქართველო გერმანიასთან შედარებით იაფი ქვეყანაა. თანაც მიიღებს ევროპულ გამოცდილებას, შეიძლება თავისი ბიზნესი გახსნას და ქვეყანაც განვითადება. რაც შეეხება რაოდენობას, რომ ერთ დღეში 53 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა, დიდი ციფრი არ არის. საქართველოში რამდენი უმუშევარია, ან ისეთი, რომელსაც დაბალი ანაზღაურება აქვს... ამიტომ შეიძლება მეტიც გამოჩნდეს. ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში დაუსაქმებელთა რიცხვი ძალიან მაღალია და საქართველო გამონაკლისი არ არის”, - განმარტავს გოგოლაშვილი.( იხ. ბმული
კაცს რომ ანალიტიკოსი გქვია და ამას დაწერ, გიფიქრია მაინც ამ თამაზე?
აქამდე ვინც, წავიდა და დაბრუნდა (იქ დარჩენილებზე აღარ ვლაპარაკობთ) იმათ რა გამოცდილება და ბიზნესები ჩამოიტანეს, ამაზე გიფიქრიათ?
ახლა რომ, შავ მუშებად, წავლენ და კონკრეტული ნაკვეთის გარეთ ფეხს ვერ გაადგამენ, თანაც, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ტექნიკასაც არავინ მიაკარებთ, მათ რა გამოცდილება უნდა მიიღონ, ამაზე გიფიქრიათ?
ასეთ საშოვარს მიჩვეული ადამიანი რომ პროფესიულ განვითარებაზე საერთოდ აღარ იფიქრებს, ამაზე გიფიქრიათ?
თურქეთს რომ ედრებით, სტატისტიკასთან მწყრალად ხართ? 60 მილიონ ქვეყანას ედრებით? ანდა თურქეთი ის ქვეყანაა, რომელზეც სწორება უნდა ავიღოთ?