უმუშევრობის 2020 წლის მაჩვენებელი რეკორდული იქნება, მაგრამ მიმდინარე წელს ვითარება შეიძლება კიდევ მეტად გაუარესდეს. ყველაფერი დამოკიდებულია დაატყდება თუ არა საქართველოს მესამე ტალღა და გველის თუ არა მომავალში კიდევ ერთი ლოქდაუნი. წინასწარი კვლევები ძალიან დამაფიქრებელია.
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის ეგიდით ჩატარებულ კვლევაში „ანტიპანდემიური შეზღუდვების და მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებების გავლენა დასაქმებაზე შემოსავლებსა და სიღარიბის დონეზე საქართველოში“, უმუშევრობის ოფიციალური დონის მკვეთრ ზრდაზეა საუბარი. დოკუმენტში უმუშევრობის საპროგნოზო მაჩვენებლები სხვადსხვა სცენარითაა გაანგარიშებული. გამოყენებულია უმუშევრობის დონის კვარტალური დინამიკა, ვინაიდან კრიზისი ერთგვაროვნად არ შეხებია მთელი წლის მაჩვენებლებს.
გაანგარიშებებმა გვაჩვენა, რომ უმუშევრობის დონე, რომელიც 2016-2017 წლებში ზრდის შემდეგ უკვე ჩამოყალიბებული შემცირების ტენდენციით ხასიათდებოდა, 2020-2021 წლებშიც განაგრძობდა კლებას, რომ არა პანდემია და მასთან დაკავშირებული შეზღუდვები.
„რეალურად, ვითარება გაცილებით რთულია. მართალია, მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებები არბილებენ პანდემიის ნეგატიურ გავლენას, მაგრამ ეს ღონისძიებები უსასრულო არ იქნება, მათი ფუნქცია მხოლოდ უკვე გამოკვეთილი პრობლემების ოპერატიული მოგვარება იყო. მთავრობის აღნიშნული ნაბიჯები მხოლოდ შეანელებენ, მაგრამ ვერ შეაჩერებენ უმუშევრობის დონის ზრდას. კრიზისის საერთო გავლენა უფრო თვალნათლივ წლიურ პროგნოზულ მონაცემებში ჩანს, რომლის თანახმადაც, უმუშევრობის დონე 2020 წელს შეიძლება 20.4 პროცენტამდე გაზრდილიყო, მაგრამ მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებების მეშვეობით ეს ზრდა, სავარაუდოდ, 16.7 პროცენტი იქნება“, - აღნიშნულია კვლევაში.
აქვე ხაზგასმულია, რომ ანტიპანდემიური შეზღუდვების განახლების შემთხვევაში, მთავრობის მხრიდან ანტიკრიზისული ღონისძიებების გაგრძელების გარეშე, უმუშევრობის დონემ 2021 წელს, შესაძლოა, 26.9 პროცენტიან ნიშნულს მიაღწიოს.
„თუ მთავრობა ანტიკრიზისულ ღონისძიებებს 2021 წელსაც გააგრძელებს, უმუშევრობის დონე შეიძლება იყოს 20 პროცენტამდე და გაცილებით მეტიც. საყურადღებოა ის გარემოება, რომ მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებები საგანგებოა და შედარებით მოკლევადიანი: ისინი ძირითადად შექმნილ პრობლემებზე ოპერატიულ რეაგირებას ისახავენ მიზნად. რაც შეეხება კრიზისის შედეგების დაძლევას, ამისთვის აუცილებელია გრძელვადიანი სტრატეგია, რომლის ძირითადი მიმართულებები მთავრობამ უკვე გამოაცხადა და დაიწყო მათი განხორციელება.
დღეის მდგომარეობით, მოვლენები დასაქმების სფეროში შესაძლოა შემდეგი სცენარით განვითარდეს: უმუშევრობის დონე განაგრძობს შეუჩერებელ ზრდას, რასაც მოჰყვება სოციალური ფონის არსებითი დაძაბვა, სახელმწიფოს კი აღარ ეყოფა მყისიერი ანტიკრიზისული ღონისძიებებისთვის საჭირო რესურსები, რომელთა შევსებაც, მკვეთრად გაზრდილი უმუშევრობის პირობებში, ძალზე გართულდება. მეორე მხრივ, კვლავინდებურად ასიმეტრიულად გაიზრდება სოფლის მეურნეობაში თვითდასაქმებულთა ხვედრითი წონა, რომელიც ისედაც მაღალია“, – აღნიშნულია ანგარიშში.
დასაქმების მკვეთრ კლებაზე საუბრობენ გაერთიანებულ პროფკავშირებშიც. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, დაახლოებით 160 ათასის ფარგლებშია მათი მოქალაქეების რიცხვი, რომლებმაც ეკონომიკაში დაწესებული შეზღუდვების გამო სამსახური დაკარგეს და მათი რაოდენობა შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.
„სიღარიბის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუარესდება, დიდი პრობლემა გველის. სახელმწიფომ სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ სოციალური პროგრამები კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს, თუმცა ეს არ იქნება საკმარისი. საწარმო პროცესი უნდა გააქტიურდეს და ამას შესაბამისი ბაზა და კადრი სჭირდება. მნიშვნელოვანია შესაბამისი საგადასახადო ბაზაც, რომელიც სექტორის სტაბილურობას უზრუნველყოფს.
დაახლოებით 160 ათასი ადამიანი დარჩება უმუშევარი, ხოლო 400 ათას ადამიანს შეუმცირდება შემოსავალი. მსოფლიო ბანკი აქცენტს ტურიზმის სექტორზე აკეთებს, მაგრამ სხვა დარგებსაც ექმნება პრობლემა. მაგალითისთვის, როცა კაფე ან რესტორანი იხურება, პრობლემას შეუქმნის მომიჯნავე სფეროებსაც, მათ შორის დისტრიბუციას და სოფლის მეურნეობას, ბევრგან არის პრობლემა მოსალოდნელი. ასე თუ გაგრძელდება, ჩვენი ქვეყნისთვის შედეგი ძალიან ნეგატიური იქნება“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.
მისი ინფორმაციით, პროფკავშირების მიერ მთავრობისთვის შეთავაზებული იყო რეკომენდაცია, რომ მაქსიმალურად გაეთვალისწინებინათ არსებული მდგომარეობა და უმუშევრებისთვის 340-ლარიანი დახმარება გაეწიათ, რაც მათ მდგომარეობას ცოტათი შეამსუბუქებდა, მაგრამ ეს არ მოხერხდა.
მაშინ ამით, ვითომ თავი გადავირჩინეთ , მაგრამ შედეგი ტრაგიკულია.
ახლა გამოსავალი გერმანიაში სეზონურ დასაქმებაში იპოვეს. თავდაპირველად ეს უმუშევრობისაგან ხსნად მოგვეჩვენება, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში სამამულო წარმოების მთლიანად განადგურებას გამოიწვევს. უკვე ანგარიშობენ და გამოდის, რომ სამ თვეში 13-14 ათასი ლარის შოვნა შეიძლება, რაც ჩვენი საზომით საკმაოდ მაღალი შემოსავალია. ასეთი მშოვნელი აქ სამუშაოს აღარ გაეკარება, ცხრა თვეს ეს ფული საჭმელად და პაპიროსში კი ეყოფა. ეს სამუშაო ძალის ერთი მხრივ დეგრადადაციას (სეზონურ სასოფლო შრომას დიდი კვალიფიკაცია არ სჭირდება, მათ სასოფლო ტექნიკასთანაც კი არავინ მიაკარებს), მეორე მხრივ კვალიფიციური სამუშაო ძალის მწვავე დეფიციტს გამოიწვევს, რაც ადგილობრივ წარმოებას მუშახელის გარეშე დატოვებს.
არც თუ ისე შორ მომავალში, ეს უკვე ეროვნული კატასტროფა იქნება.
თუ მოსახლეობის ადგილზე დასაქმება და სამამულო წარმოების განვითარება ვერ მოხერხდა, ქართული ეროვნული სახელმწიფოებრიობის მზე, "უმტკივნეულოდ", ყოველგვარი ომისა და ბრძოლის გარეშე ჩაესვენება.