მსოფლიო ბრენდების დიზაინის საზოგადოება (WORLD BRAND DESIGN SOCIETY) საერთაშორისო მასშტაბის გაერთიანებაა, რომელიც 2008 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს განსაკუთრებული სამომხმარებლო შეფუთვის და კორპორატიული ბრენდის დიზაინის გამოვლენას. ნებისმიერი კომპანიისთვის დიდი პატივია ამ გვერდზე მოხვედრა. სხვადასხვა დროს ამ კონკურსის მონაწილეები და გამარჯვებულები იყვნენ ევიანი, ჯეკ დენიელსი, ბაკარდი, პეპსი, ჰენესი და სხვები. ჟიურიში შედის სფეროს წამყვანი 24 დიზაინერი, რომელიც ახორციელებს საუკეთესო ბრენდების შერჩევას.
საქართველოს რეალობაში პირველად, აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო კომპანია „ვოთერ ლენდმა“, რომელიც წარმოდგენილი იყო ბრენდით „წყალი გუდაური“. აღნიშნულ საკითხზე ვესაუბრებით კომპანიის პროდუქტების განვითარებისა და ინოვაციების დირექტორს ნანა გოგუაძეს.
გილოცავთ ამ წარმატებას, რასაც მსოფლიო ბრენდების დიზაინის საზოგადოების მიერ აღიარება ჰქვია. მოგვიყევით მოკლედ ამ მიღწევის შესახებ.
- დიდი მადლობა. მართლაც საამაყოა საქართველოს წარმოჩენა საერთაშორისო ასპარეზზე.
მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან სხვადასხვა კომპანია ყოველდღიურად აგზავნის განაცხადებს საკუთარი პროდუქტის წარმოსაჩენად. მსოფლიოს ბრენდების დიზაინის საზოგადოება კი მხოლოდ საუკეთესოებს აქვეყნებს. ძალიან გაგვიმართლა და ამ უაღრესად რთულ შერჩევის კონკურსში, რომელშიც ასობით კომპანია და ბრენდი მონაწილეობდა, აღმოვჩნდით გამარჯვებული. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წარმოდგენილი პროდუქციის უმრავლესობის შემქნელები არიან მსოფლიოში აღიარებული და პოპულარული დიზაინის სპეციალური კომპანიები. ჩვენი პროდუქცია კი - ჩვენი ახალგაზრდა გუნდის ერთობლივი, დაუღალავი შრომის შედეგად შეიქმნა.
ვინაიდან მოთხოვნაა კომპანიიდან მხოლოდ 1 ნიმუშის გაგზავნა, კონკურსზე წარვადგინეთ “წყალი გუდაურის“ 0.5 ლიტრიანი პლასტმასის ბოთლი, რომელიც ჩვენდა სასიხარულოდ, სხვა წარმოდგენილ ნიმუშებში, როგორც დიზაინით, ასევე მასალით განსხვავებული და საუკეთესო აღმოჩნდა. ყველაზე ძალიან ის მოეწონათ, რომ ბოთლი გრავირებულია და სიმბოლურად კავკასიის მთებს გამოხატავს.
მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე თვეა, რაც ბაზარზე "წყალი გუდაური" გამოჩნდა, თქვენ უკვე საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწიეთ. რა გეგმები და სურვილები გაგაჩნიათ?
- ჩვენი გუნდი შრომობს იმისათვის, რომ მსოფლიოს ბაზრებზე გაიტანოს ქართული წყლის სახელი, რომელიც, ვფიქრობთ, თავისი შემადგენლობის და უნიკალურობის წყალობით, მალე ქართული ღვინოზე არანაკლებ პოპულარული გახდება. 2020 წლის აგვისტოდან პროდუქცია გამოჩნდა ქართულ საცალო ქსელებშიც და პარალელურად გავიდა ექსპორტზე სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, აზიის ძალიან პერსპექტიურ ბაზრებზე. მიუხედავად ასეთი სწრაფი განვითარებისა, რომ არა სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური ხელის შემშლელი ფაქტორები, კიდევ მეტის გაკეთება იყო შესაძლებელი. მაგალითად, პანდემიისგან გამოწვეული შეზღუდვები. ასევე, აქედან გამომდინარე, მსოფლიოში არსებული ლოგისტიკური შეფერხებები. ჩვენი გეგმები და სურვილები, საკმაოდ მრავლისმომცველია.
ძალიან მალე საზოგადოება ჩვენს ახალ პროდუქციას ნახავს, რომელიც ღირსეულად დაიკავებს თავის ადგილს ქართულ და ასევე სხვა ქვეყნების ბაზრებზე. ვისურვებდი, რომ სახელმწიფო სტრუქტურები მეტი ყურადღებით მოექცნენ ბიზნესს და განსაკუთრებით ადგილობრივ წარმოებას. დამეთანხმებით, მსოფლიოში არსებული ამ ურთულესი მდგომარეობისა და შეზღუდვების ფონზე, წარმოების შესანარჩუნებლად გატარებული ყოველი დღე გმირობის ტოლფასია.
გარკვეული პერიოდი ვსწავლობდი აშშ-ი, ნიუ-იორკის „სტერნის ბიზნეს სკოლაში“, სადაც საწარმოების შესახებ ძალიან ბევრი რთული კერძო შემთხვევა და პრეცენდენტი შემისწავლია. თუმცა, საქართველოში პრაქტიკულმა გამოცდილებამ დამანახა, რომ ამერიკული „გადაულახავი პრობლემები“ ბევრად იოლი ყოფილა. იმედი მაქვს, ბიზნესი და სახელმწიფო ერთად გაართმევენ თავს ამ მდგომარეობას, ხელს შეუწყობენ საერთო საქმეს - ჩვენი ქვეყნის განვითარებას.
აქვს თუ არა ამ კონკურსს გაგრძელება და რა არის შემდეგი ეტაპი?
- 2022 წლის მარტში, სავარაუდოდ დიდ ბრიტანეთში, მოხდება ნომინაციებში გამარჯვებულებს შორის საუკეთესოების გამოვლენა და მედლების, ასევე პრიზების გადაცემა. იქ მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მოიყრის თავს დარგის სპეციალისტი, რაც დიდ პერსპექტივას მოგვცემს, ახლოს გავიცნოთ ისინი და მომავალში სხვა და სხვა ტიპის თანამშრომლობა დავიწყოთ.