პრემიერ-მინისტრსა და ბიზესმენებს შორის მეტად მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, სხვადასხვა სფეროში მოქმედი მსხვილი ბიზნესის 40-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. როგორც იქნა, ბიზნესმა კონკრეტული პასუხები მოისმინა და რამდენიმე დღის წინ აგორებული მღელვარებაც ჩაცხრა.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და მსხვილ დამსაქმებლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ასეთი კონსტრუქციული შეხვედრები პოზიტიური სიგნალია ბიზნესისა და ეკონომიკისთვის.
„ჩვენ დავაყენეთ კონკრეტული საკითხი, დარჩენილი შეზღუდვები რაც არის, მათზე ძალიან მალე ვიმსჯელოთ და ისევ და ისევ მივიღეთ დაპირება, რომ დააკვირდებიან მომავალი ორი კვირის განმავლობაში ეპიდსიტუაციას. ვისაუბრეთ რაღაც პარამეტრებზე კორონავირუსის ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ ორ კვირაში ჩვენ იმასაც მივაღწევთ, რომ დარჩენილი შეზღუდვები რაც არის, ისიც თანდათანობით გაუქმდეს.
ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვისთვის უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ნიშნავს იმას, რომ ის მოთხოვნები, რაც გვაქვს ეპიდემიოლოგების მიერ დაწესებული, ზედმიწევნით დავიცვათ. ამას ჩვენ ისედაც ვაკეთებთ და ბუნებრივია, მომავალში კიდევ უფრო მეტად გავაკეთებთ, რათა თითოეული მოქალაქისა და ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობა იყოს დაცული“, - განაცხადა ფხაკაძემ.
პრემიერთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროს გახსნას, მათ შორის, მთის კურორტების ამუშავებას, მაგრამ ბიზნესმა ერთ-ერთ მთავარ საკითხად კომენდანტის საათის გადაწევა მოითხოვა. „აისიარ“ ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის კახა ხაზარაძის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრს თხოვნით მიმართეს, რომ კომენდანტის საათის დაწყების დრო 2 საათით გადაიწიოს.
„ვიკითხე, რეგულაციებზე, რაც დღეს მოქმედებს. იცით, რომ ბევრი სფერო გახსნილი არ არის, მათ შორის, მთის კურორტები, კვების სფერო და ასე შემდეგ. გვითხრეს, რომ როგორც კი სტაბილურობას შევინარჩუნებთ, ეტაპობრივად გავხსნითო, ციფრებზე არ ყოფილა საუბარი. რაც შეეხება კომენდანტის საათს პრემიერმა პირობა მოგვცა, რომ 2 კვირა დააკვირდებიან მდგომარეობას და გადაწყვეტილებას მიიღებენ“, - განაცხდა ხაზარაძემ.
თავის მხრივ პრემიერ-მინისტრმა ბიზნესმენებთან ისაუბრა ქვეყანაში ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების შედეგებზე და აღნიშნა, რომ მოქმედი რეგულაციებით მიღწეულმა სტაბილიზაციამ ქვეყანას მისცა რესურსი, ფრთხილად, წესების დაცვით ეტაპობრივად აღადგინოს ტურიზმი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი მამოძრავებელი ძალაა და დამატებითი ჟანგბადი მოუტანოს ეკონომიკური აღდგენის პროცესს.
გარდა ამისა, ქვეყანაში გაგრძელდება სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმები, გაიზრდება კაპიტალური ხარჯები, დაჩქარდება სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია, ასევე სახელმწიფო საწარმოების სისტემური რეფორმა, რათა მათი მართვა კორპორატიული მართვის უმაღლეს სტანდარტებს დაუახლოვდეს.
გიორგი გახარიამ მსხვილ დამსაქმებლებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა მზადყოფნა, პირადად ჩაერთოს მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის პროცესში და იყოს გარანტი, კანონის ფარგლებში ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი ნებისმიერი პრობლემური საკითხის უმოკლეს ვადებში გადასაჭრელად.
„ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილების შენარჩუნება და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობა ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, ვინაიდან ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია გლობალურად შექმნილი ვითარებით გამოწვეული კრიზისიდან სწრაფად გამოსვლასთან. ყოველთვის მზად ვარ, მოვისმინო კონკრეტული წინადადებები თქვენგან და იცოდეთ, რომ ბიზნესისთვის მთავრობის ადმინისტრაციის კარი ღიაა“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა მსხვილ დამსაქმებლებს.
შეხვედრით მეტად კმაყოფილი დარჩა „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი, თემურ ჭყონია, რომლის შეფასებითაც გახარიასა და კერძო სექტორს შორის შეხვედრამ კონსტრუქციულ რეჟიმში ჩაიარა და გამოჩნდა, რომ პრემიერი ფიქრობს ბიზნესზე.
„ჩემდა გასაკვირად ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, სერიოზულად, ყოველგვარი მლიქვნელობის გარეშე. ბიზნესის მნიშვნელობა გაცილებით გაზრდილია და ურთიერთობაში პრემიერი პირადად იღებს ვალდებულებას, რომ ხელშეწყობა იყოს და ჩქარი ტემპით განვითარდეს. მე არაფერი მითქვამს პირველად ცხოვრებაში იმიტომ, რომ იმდენად კონსტრუქციულად წავიდა საუბარი, დავიბენი“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.
კითხვაზე რატომ არ დააყენა მისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, ბიზნესმენმა უპასუხა, რომ შეხვედრაზე ამჯობინა დისკუსია არა კონკრეტული ბიზნესების, არამედ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე წარმართულიყო.