„დაუმორჩილებლობის ამბებზე გაოგნებული ვიყავი, ვინც შეხვედრებზე დადიოდა, ძალიან კარგად იცოდა, რა ხდებოდა და როდის მოხდებოდა გახსნა“

„დაუმორჩილებლობის ამბებზე გაოგნებული ვიყავი, ვინც შეხვედრებზე დადიოდა, ძალიან კარგად იცოდა, რა ხდებოდა და როდის მოხდებოდა გახსნა“

მთავრობა შეზღუდვების ნაწილს ამსუბუქებს. შეზღუდვების ამოქმედება ორ ნაწილად გაიწერა - 8 და 15 თებერვლიდან. 15 თებერვლიდან სრულიად საქართველოში რესტორნები ღია სივრცეებში სტუმრების გამასპინძლებას შეძლებენ.

For.ge დაინტერესდა შრომის ისპექციამ რამდენი რესტორანი და კაფე-ბარი შეამოწმა და რამდენს მისცა გახსნის უფლება. უწყებაში დაგვპირდნენ, რომ დღის განმავლობაში აღნიშნულ ინფორმაციას მოგვაწვდიდნენ, მაგრამ შემდგომ ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობდნენ. ამიტომ, უცნობია რამდენმა რესტორანმა გაიარა შრომის ინსპექტირება და უწყებამ რამდენ კვების ობიექტს მისცა გახსნის უფლება.

For.ge ასევე რესტორნების მფლობელებს დაუკავშირდა. როგორც ჩვენმა რესპოდენტება საუბრისას აღნიშნეს, ისინი არავის შეუმოწმებია, თუმცა, 15 თებერვლიდან ყველა რეკომენდაციის დაცვით იხსნებიან.

ერთ-ერთი რესტორნის მფლობელის, ლაშა ბასლანძის თქმით, რეკომენდაციებს დაემატა კვირაში ერთხელ თანამშრომლების ტესტირება.

„შრომის ინსპექცია ჯერ არ შემოსულა, როგორც ვიცი, ახლა იწყებენ შემოწმებას. ის რეგულაციები რაც აქამდე იყო, დატოვეს, მაგრამ ფიქრობენ კიდევ ხომ არ გაართულონ. ერთადერთი რაც დაგვიმატეს, არის ტესტირება, თუმცა თანამშრომლების ტესტირებას ისედაც ვაკეთებდით. სავარაუდოდ, ამ კვირაში მოვლენ და შეგვამოწმებენ. როდესაც ღია ვიყავით, რეგულაციებს ისედაც ვიცავდით. ტესტირებაზეც პრობლემა არ გვაქვს. მოთხოვნა როდესაც არ იყო, მაშინაც ვტესტავდთ თანამშრომლებს.

შეხვედრები ყოველ კვირას იმართებოდა. ამიტომ, დაუმორჩილებლობის ამბებზე გაოგნებული ვიყავი. ვინც იქ დადიოდა, ძალიან კარგად იცოდნენ რა ხდებოდა და როდის მოხდებოდა გახსნა. ბოლო შეხვედრაზეც გვითხრეს, რომ ეპიდმდგომარეობა ერთად გავიაროთ და როგორც კი ვითარება გაუმჯობესდება ნელ-ნელა გავხსნითო. ყველაფერი დაკეტილია, ახლა პირველი ნაბიჯები გადაიდგა. იმის ილუზია არავის აქვს, რომ ჩვენ მილიონებს ვიშოვით, მაგრამ პირველი ნაბიჯები გადაიდგა და ელემენტარულად, თანამშრომლებს დავიბრუნებთ“, - განუცხადა for.ge-ს ლაშა ბასლანძემ.

ლაშა ბასლანძის მსგავსად რესტორნის ღია სივრცის გასახსნელად მზად არის გურამ ბაღდოშვილიც. როგორც მან for.ge-თან საუბრისას აღნიშნა, შრომის ინსპექციას არც მისი რესტორანი შეუმოწმებია.

„ჩვენ გვყავს დაქირავებული კომპანია, რომელსაც სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობა აქვს. მათ შეგვამოწმეს, იციან რა სიტუაციაც არის და ამიტომ მზად ვართ გახსნისთვის“, - განცხადა ბაღდოშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეპიდვითარების დაკვირვების შემდეგ, ხელისუფლება იმსჯელებს, თუ როდიდან იქნება რესტორნების შიდა სივრცის გახსნის შესაძლებლობა.

15 თებერვლიდან დავაანონსეთ ჯერ რესტორნების ღია სივრცეების გახსნა, რაც არის ზოგადი პრაქტიკა მთელ მსოფლიოში. მომდევნო ერთი-ორი კვირის განმავლობაში თუ არ გაუარესდა ეპიდვითარება, ჩვენ შეგვეძლება ვიმსჯელოთ თარიღზე, თუ როდიდან შევძლებთ გავხსნათ შიდა სივრცეებიც, მაგრამ ეს იქნება ჩვენი შეგნებული, პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილების შედეგი. რა თქმა უნდა, ყველა ბიზნესი ძალიან ღირებულია ჩვენთვის, მაგრამ მთლიანად საზოგადოების ინტერესიდან გამოვალთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, საქართველოში მკაცრი შეზღუდვები 28 ნოემბრიდან დაწესდა. დიდ ქალაქებში გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სწავლა სრულად ონლაინ სივრცეში გადავიდა, დაიხურა სავაჭრო ცენტრები და რესტორნებს მხოლოდ გატანის სერვისით მუშაობა შეეძლოთ.