ეკონომიკის მორიგი გახსნის გადაწვეტილების გამოცხადების პარალელურად, მთავრობამ ბიზნესს დამატებით კიდევ შესთავაზა სესხების სუბსიდირების პროგრამა. იგი გამარტივებული წესით გაგრძელდება და რამდენიმე სექტორს, რომელიც აქამდე მოკლებული იყო სახელმწიფო შეღავათს, მასში მონაწილეობის შესაძლებლობა გაუჩნდება.
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ინფორმაციით, 2020 წლის დეკემბერიდან მოქმედებს რესტორნებისთვის საბანკო სესხის სუბსიდირების პროგრამა, რომელზეც დიდი მოთხოვნა დაფიქსირდა. ამიტომ მთავრობა აპირებს მსგავსი რამ სხვა დარგებსაც შეასთავაზოს და პირობებიც გაამარტივოს.
„დაახლოებით 2000-მა რესტორანმა მოგვმართა ასეთი შეღავათის გამოყენების თხოვნით, თუმცა გარკვეული ტექნიკური მიზეზების გამო მოთხოვნები მხოლოდ 420-მა დააკმაყოფილა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ამ ტექნიკური მოთხოვნების შესამსუბუქებლად იმისთვის, რომ იმ 2000-მა რესტორანმა, რომელმაც მოგვმართა, შესძლოს და ისარგებლოს სახელმწიფოს მხარდაჭერის ამ ღონისძიებით.
გარდა ამისა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ღონისძიება, ანაც სესხის საპროცენტო განაკვეთის 80%-ის სუბსიდირება შეეხოს სპორტის ინდუსტრიას, სპორტის ობიექტებს და ასევე კერძო საბავშვო ბაღებს, რამეთუ მათი მხრიდანაც იყო საკმაოდ სერიოზული მოთხოვნა. ეს ის ორგანიზაციებია და ეს ის ბიზნესებია, რომლებიც პანდემიის შედეგად დაზარალდნენ“, - განაცხადა გახარიამ.
მაგრამ არსებობს სხვა პირობაც და საკმაოდ მკაცრიც. ორგანიზაციები დაწესებული შეზღუდვების მიზანმიმართული დარღვევის შემთხვევაში, ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას სახელმწიფოს მხარდაჭერის ღონისძიებებში და ვეღარც სუბსიდირებას ეღირსებიან.
„დაწესებული წესების მიზანმიმართული დარღვევა ნებისმიერი ორგანიზაციის მხრიდან, გარდა იმისა, რომ გამოიწვევს უმკაცრეს რეაგირებას, ასეთი ორგანიზაციები ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას და ვეღარ ისარგებლებენ სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებისა და დახმარების პროგრამებით. ისინი ვეღარც მომავალში მიიღებენ სახელმწიფოს მხარდაჭერის ღონისძიებებში მონაწილეობას. ვფიქრობ, ეს არის სამართლიანი, რომელმაც უნდა გამოავლინოს თითოეული მოქალაქისა და ორგანიზაციის პასუხისმგებლობა“, - განაცხადა გახარიამ.
პრემიერს არ უსაუბრია კონკრეტულად, ვის გულისხმობდა პოტენციურ დამრღვევებში, თუმცა, სავარაუდოდ, მისი მიმართვა ეხებოდა 200-მდე რესტორანს, რომლებსაც გაცხადებული აქვთ, რომ 6 თებერვალს დაუმორჩილებლობის გამოცხადებას და თვითნებურად გახსნას გეგმავდნენ, რამდენადაც მთავრობა მათ მუშაობის უფლებას ამ დრომდე არ აძლევდა.
მთავრობის მეთაურის განცხადებას მალევე გამოუხმაურა საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან ქოქიაშვილი. მან ხაზი გაუსვა, რომ კითხვები ისევ არსებობს და რესტორნების ღია სივრცეების გახსნა დარგს ბევრს არაფერს აძლევს.
„ამ ეტაპზე მხოლოდ ის ვიცით, რომ გარე სივრცეები იხსნება, ეს ჩვენთვის მიუღებელია და ვცდილობთ გავერკვეთ, ეს გეგმის მიხედვით ხდება, თუ როგორ იღებენ გადაწყვეტილებებს, მაგრამ პასუხები არ არსებობს. უამრავ რესტორანს კი, უბრალოდ, გარე სივრცე არ აქვს. ერთი კარგი მესიჯი არის, რომ მერია გარე სივრცეებს დროებით უფასოდ გვითმობს... მთლიანობაში, სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება რესტორნებს ვერ გადაარჩენს. ასე რომ, ბატონო პრემიერო, ნუ გვემუქრებით, ჩვენი გაჭირვება გვეყოფა“, - აღნიშნა ქოქიაშვილმა.
გაცილებით დადებითად შეხვდნენ მთავრობის პოზიციას საბავშვო ბაღების წარმომადგენლები. ბრიტანულ-ქართული საბავშვო ბაღი ABC-ის დირექტორი ანა ჯოლბორდმა დადებითად შეაფასა მთავრობის ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამით რესტორნების გარდა, სპორტული ინდუსტრია და კერძო საბავშვო ბაღებიც ისარგებლებენ. სექტორი პანდემიის პირობებში ერთ-ერთი დაზარალებულია, რადგან თითქმის ერთი წელია არ მუშაობს და კრიზისშია.
„საკმაოდ ბევრი პრობლემა გვაქვს და თუ დააინტერესებთ, აუცილებლად შევხვდებით როგორც ეკონომიკის სამინისტროს, ისე ბიზნესომუდსმენის აპარატის წარმომადგენლებს. დეტალურად ავუხსნითი მას, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა იჯარაზე გვაქვს, რადგან ამ პირობებში ყოველთვიურად იჯარას ვერ ვიხდით“, - განაცხადა ჯოლბორდმა.
რაც შეეხება შეზღუდვების მორიგი შემსუბუქების გეგმებს, იგი დაახლოებით ერთ კვირაში გახდება ცნობილი.