2020 წელს ტურიზმიდან შემოსავლების სახით საქართველომ დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი ვერ მიიღო, რაც პატარა ეკონომიკისთვის, ძალიან დიდი თანხაა. მეორე პრობლემაა ის, რომ ტურისტული ინდუსტრია კატასტროფულ ვითარებაშია და მის გაცოცხლებას დიდი დროს დასჭირდება. თანაც მთავრობის მხრიდან ამ სექტორის ამოქმედებაზე ჯერ არაფერი ისმის.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის ინფორმაციით, თუ 2021 წლის მეორე ნახევარში ტურიზმი სექტორი ეტაპობრივ აღდგენას დაიწყებს, მაშინ 2021 წელს ეკონომიკის ნაწილობრივ გაჯანსაღებას უნდა ველოდოთ, დაახლოებით 4%-ის ფარგლებში, ხოლო თუ ტურიზმი საერთოდ ვერ აღდგა, ეკონომიკა მხოლოდ 1%-ის ფარგლებში გაიზრდება.
„პანდემიის მდგენელები სამწუხაროდ, დრო და დრო არასასურველ სიურპრიზებს გვთავაზობენ და აქედან გამომდინარე გვაქვს პესიმისტური გათვლებიც. პანდემიის მიმდინარეობის და გლობალურად არსებული შეზღუდვების გახანგრძლივების შემთხვევაში, თუ ასეთი რამ მოხდა, ეს, რა თქმა უნდა, ეკონომიკას დააზარალებს. თუ სიტუაცია კიდევ გაუარესდა და საერთოდ ვერ მოხერხდა ტურიზმის აღდგენა, 2021 წლის ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 1%-ის ფარგლებში იქნება“, - განაცხადა გვენეტაძემ.
ქვეყანაში საჰაერო საზღვრები 1-ლი თებერვლიდან გაიხსნა, თუმცა სახმელეთო საზღვრები კვლავ ჩაკეტილი რჩება. არ გახსნილა არც ზამთრის კურორტები. შესაბამისად, ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამენ. „ტრეფიკ თრეველის“ მმართველი პარტნიორი ცოტნე ჯაფარიძე დაუფარავად ამბობს, რომ მთავრობასთან მოლაპარაკების ყველა რესურსი ამოწურულია, ამიტომ ერთადერთი გამოსვალი, ბიზნესის მხრიდან დაუმორჩილებლობაა.
„ჩვენ ვმუშაობთ დაუმორჩილებლობის იმ მისაღებ ფორმატზე, რომელიც იქნება მასშტაბური და ეფექტური. ბევრი ბიზნესის ჩართვა გვინდა ამ დაუმორჩლებლობის აქტში. იმიტომ, რომ ის დამოკიდებულება და რეალობა, რაც გვაქვს დღეს, არ გვაძლევს არანაირ საშუალებას და იმედს იმისთვის, რომ ავმუშავდეთ. ჩვენი მოლაპარაკების ყველანაირი რესურსი ამოწურულია. არაერთი მოლაპარაკების მაგიდასთან ვისხედით მთავრობასთან და ვერანაირ შედეგს ვერ მივაღწიეთ. ამიტომ, ერთადერთ გამოსავალს ვხედავთ იმაში, რომ გადავიდეთ უფრო აქტიურ მოქმდებებზე, რაც მოიცავს დაუმორჩილებლობას.
არაერთი დიალოგის შემდეგ, სარესტორნო ბიზნესთან, ფიტნეს დარბაზებთან, ტურიზმის სექტორთან, თუ სატრანსპორტო კომპანიებთან, არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. როდემდე უნდა ვიყოთ ჩაკეტილები? როდემდე არ უნდა იყოს გეგმა, რა იქნება ხვალ და ზეგ, საით უნდა მივდიოდეთ? ეს ყველაფერი მიგვანიშნებს, რომ ასეთი მიდგომით, ჩვენ ვერც აპრილში, ვერც მაისში და ვერც ივნისში ვერ მივიღებთ სტუმრებს“, - განაცხადა გადაცემა „საქმეში“ ჯაფარიძემ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კი უფრო იმედიან განწყობაზეა. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, სრულდება მუშაობა გეგმაზე, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რომ გაზაფხულზე, მაქსიმუმ ზაფხულის დასაწყისში ქვეყანამ შეძლოს ტურისტების მიღება.
„ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენ ვიყოთ იმ მდგომარეობაში, რომ შევძლოთ პირველ რიგში, მუნიციპალური ტრანსპორტის და საკლასო ოთახებში ბავშვების მიყვანა. შემდგომ მოდის ეკონომიკის ის დარგები, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორისაა ტურიზმი. ვასრულებთ მუშაობას გეგმაზე, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, მშვიდად, გონივრულად და თანმიმდევრულად გადავდგათ ნაბიჯები იქეთკენ, რომ გაზაფხულზე, ზაფხულის დასაწყისში შევძლოთ ტურისტების მიღება. ეს ყველაფერი არის რეალური და ობიექტური.
ძალიან კარგად მესმის რესტორნების, სასტუმროების, ტურიზმის სფეროში დაკავებული კომპანიების, მაგრამ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ გრძელვადიან შედეგზე. ერთად ვიფიქროთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და ეკონომიკის გრძელვადიან გახსნაზე“, - განაცხადა გახარიამ.
ცნობისთვის, საერთაშორისო ტურიზმის სექტორის მოგება 74%-ით შემცირდა, ხოლო ზარალი 2020 წელს 1,3 ტრილიონ დოლარს გაუტოლდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სექტორის შარშანდელი ზარალი 2009 წლის ეკონომიკური კრიზისის დროინდელ ზარალს 11-ჯერ აღემატება.