ეკონომიკის გახსნა უკვე დაიწყო, მაგრამ მთავრობა, ბიზნესი და მოსახლეობა ახლა შეზღუდვების გაუქმების ტემპზე ვერ თანხმდებიან. მთავრობა ამტკიცებს, რომ გრძელვადიანი და საიმედო გეგმით ხელმძღვანელობს, რასაც ძალიან ბევრი ეჭვის თვალი უყურებს. განსაკუთრებით ჩქარობს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც შემოსავლის მიღების ყველა გზა დახშული აქვს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს შეზღუდვების მოხსნით არავინ არაა ისე დაინტერესებული, როგორც საქართველოს მთავრობა და პირადად პრემიერი, მაგრამ შესაძლოა, არასწორი, არაგონივრული და ნაჩქარევი მოხსნა, ეკონომიკის კვლავ დახურვის პირდაპირი მიზეზი გახდეს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა და ამის გამო, მთავრობა მიჰყვება იმ გეგმას, რომელიც აქვს.
„გეგმის ცოტა უფრო სწრაფად განხორციელების სერიოზული შესაძლებლობა გვაქვს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნა. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი აღდგეს და საკლასო ოთახებში ბავშვების მიყვანა დავუშვათ. შემდგომ უკვე ეკონომიკის დარგები უნდა გავხსნათ, მათ შორის არის ტურიზმი.
ვასრულებთ უკვე მუშაობას გეგმაზე, რომლითაც მშვიდად, გონივრულად და თანმიმდევრულად დავიწყებთ ნაბიჯების გადადგმას, რომ ქვეყანა იყოს იმ მდგომარეობაში, რომ ზაფხულის დასაწყისში, გაზაფხულის ბოლოს პირველი ტურისტები მივიღოთ, თუმცა არ უნდა ვიჩქაროთ“, - განაცხადა გახარიამ.
პრემიერმა რესტორნების და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების პროტესტიც ახსენა და თქვა, რომ მათი კარგად ესმის, თუმცა მთავრობა გრძელვადიან შედეგზე ფიქრობს.
„ძალიან კარგად მესმის რესტორნების, სასტუმროების, ტურიზმის სფეროში დასაქმებულების, მაგრამ უნდა ვიზრუნოთ გრძელვადიან შედეგზე. გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში აქვს თითოეულ ადამიანს და ეს არის დაცული. ჩვენი მოვალეობა კი არის, რესტორნებთან და სხვა დაწესებულებებთან ერთად, ვიზრუნოთ სხვა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და ეკონომიკის გრძელვადიან გახსნაზე“, - განაცხადა პრემიერმა.
ბიზნესი პრემიერს ნაწილობრივ უკვე ეთანხმება. „ლილო მოლის“ პრეზიდენტი ლევან გაგუა შეზღუდვების 15 თებერვლამდე მოხსნასთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ მთავრობა აფიქსირებს სურვილს, რომ ასეთი ობიექტები რაც შეიძლება მალე გაიხსნას.
„ვარაუდი არის, რომ 15 თებერვალმდე გაიხსნას. ჩვენ დადებითი მოლოდინი გვაქვს. სახელმწიფოს თვითმიზანია, რომ გახსნას ბაზრობები, ეს კი სტატისტიკაზე უნდა იყოს დამყარებული. საუბარია, დადებითობის 4%-იან ნიშნულზე, ანუ ჩვენ უკვე ვუყურებთ ციფრებს და არა ადამიანების ემოციებს. მთავრობისგან 15 თებერვლამდე გახსნის პირდაპირი დაპირება არ მიგვიღია, თუმცა განწყობას მივხვდით“, - განაცხადა გაგუამ.
მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაცია კი მთავრობას ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად ბიზნესის ქცევის სამოქმედო კონკრეტული გეგმის შედგენისკენ მოუწოდებს. გაერთიანების თავმჯდომარე მიხეილ ჭელიძე აღნიშნავს, რომ არ შეიძლება, კერძო სექტორს რამდენიმე დღით ადრე ამცნო ხსნი, თუ კეტავ.
„შეზღუდვები აუცილებლად იმ ვადებში უნდა მოიხსნას, რაც დაგეგმილია. ბიზნესი შუქი არ არის, როცა მოგვინდება ავანთოთ და ჩავაქროთ. ყველაფერს სჭირდება მომზადება. უნდა გაიწეროს კონკრეტული თარიღები. მაგალითად, უნდა ვთქვათ, რომ 4000-ს თუ აცდება, მერე თავიდან დავიკეტებით.
ეს წელი გავიარეთ, რაც იყო ჩავამთავრეთ. ახლა უკვე უნდა დავგეგმოთ ყველაფერი. ვირუსი არსად მიდის. უნდა იყოს კარგი და ცუდი სცენარი. ცუდი სცენარიც წინასწარ უნდა იცოდეს ბიზნესმა იმისთვის, რომ თუ იმ სცენარს მივუახლოვდებით, მან მზადება დაიწყოს. ისე კი არა, ხუთი დღით ადრე რომ ეუბნებოდნენ, უნდა დაგკეტოთო“, - აღნიშნა „ბიზნესპარტნიორთან“ ჭელიძემ.
სამაგიეროდ, ეკონომიკის ეტაპობრივად გახსნას სპეციალისტების ნაწილი არ ეთანხმება. მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ეკონომისტები თვლიან, რომ ნებისმიერი აკრძალვის ძალაში დატოვება ეკონომიკას ზღუდავს, ბიზნესს და მოსახლეობასაც მძიმე მდგომარეობაში აყენებს. გიგა ბედინეიშვილის აზრით, ეს მდგომარეობა შეიძლება მხოლოდ ეკონომიკის სრული გახსნით მეტ-ნაკლებად მაინც მოგვარდეს.
„შეზღუდვებმა ძალიან მძიმე კვალი დატოვა. ამის ლოგიკური შედეგია ის, რომ პირველი კვარტალი ფაქტობრივად ჩავარდნილია. კიდევ უფრო იზრდება უმუშევრობა და სიღარიბე, ასევე საბიუჯეტო დეფიციტი, რის გამოც დამატებითი ვალის აღება მოგვიწევს. დიდ გასაჭირშია როგორც ბიზნესი, ასევე მოსახლეობაც, ამასთან ერთად მცირდება ინვესტიციებიც, რასაც იწვევს გაურკვევლობა. უდავოა, რომ ასეთ მძიმე სიტუაციაში შეზღუდვები ერთბაშად უნდა მოიხსნას, მკაცრი კონტროლის ქვეშ ამუშავდეს ეკონომიკა და სტაბილურობის განცდა გაჩნდეს. ეს არ არის მარტივი, შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკის გახსნა უკვე დაგვიანებულიც არის“, - განაცხადა ბედინეიშვილმა და დასძინა, რომ ქვეყნაში დიდი გაჭირვებაა და ამ დროს არ იდგმება ნაბიჯები, რომელიც ბიზნესს ფეხზე დააყენებს.