რამაზ საყვარელიძე:  „სოციალური მოთხოვნებით ხალხი შესაძლოა ქუჩაში გავიდეს, მაგრამ...“

რამაზ საყვარელიძე:  „სოციალური მოთხოვნებით ხალხი შესაძლოა ქუჩაში გავიდეს, მაგრამ...“

“ვიზიარებ დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციებს, რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში და თუ რამის მოგვარება უნდა, იქიდან მოაგვაროს. ქუჩიდან პრობლემები ვერ გვარდება. ამიტომ პარლამენტისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი პროგრესული გადაწყვეტილებაა, მით უფრო, თუ განხორციელდა მემორანდუმით გათვალისწინებული ცვლილებები. ეს პოლიტიკურ პროცესს მხოლოდ გააჯანსაღებს. რაც შეეხება იმის ძახილს, რომ ორი ადამიანი პარლამენტში ვერაფერს შეცვლის - წინა პარლამენტში გაცილებით მეტი ოპოზიციონერი იყო, მაგრამ რა შეცვალეს?” - აცხადებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „სოციალური მოთხოვნებით ხალხი შესაძლოა ქუჩაში გავიდეს, მაგრამ...“.

“ელისაშვილ-იოსელიანის შესვლით პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა არ შეიქმნება, მაგრამ ორი აქტიური პოლიტიკოსი ხშირად შეიძლება 82-საც უდრიდეს, მით უფრო იმისთვის, რომ პარლამენტში ოპოზიციური ხმა ისმოდეს. ასე რომ, მე ალეკო ელისაშვილის ნაბიჯს ვიწონებ და დანარჩენ ოპოზიციასაც გადაწყვეტილებების გადახედვას ვურჩევ. ჩემთვის სრულიად გაუგებარია მათი პოზიცია. რომელიღაცამ განაცხადა, ელისაშვილმა ხალხს არ გაუწია ანგარიშიო. კი, მაგრამ რომელ ხალხს? “ქართული ოცნების” ამომრჩეველთან ერთად, ოპოზიციის ამომრჩეველთა დიდი ნაწილიც ფიქრობს, რომ პარლამენტში შესვლა უკეთესია, ვიდრე ქუჩაში დარჩენა. არის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნიუანსი, რასაც ოპოზიცია ანგარიშს არ უწევს. შეხედონ ენ-დი-აის კვლევას - 5%-მდეა შემცირებული “ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგი. აქედან გამომდინარე, ის გზა, რომელსაც ეს ჯგუფი და მასთან ერთად სხვა ოპოზიციური ძალებიც ადგანან, წარმატების მომტანი ვერ იქნება. ხალხის თვალსაზრისი ცხადად ჩანს ამ კვლევაშიც და ხალხის სახელით ლაპარაკს, მგონი, უნდა მოერიდონ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“ოპოზიციას მხარდამჭერები აკლდებიან, რაც ნიშნავს, რომ ხალხს სურს, პოლიტიკოსები პარლამენტში ნახოს და არა ქუჩაში. 2020 წელს, ამავე ენ-დი-აის კვლევების თანახმად, “ნაციონალურ მოძრაობას” მხარს ამომრჩეველთა დაახლოებით 16% უჭერდა, არჩევნებში კი 10%-ით მეტი მიიღო. ეს როგორ მოხდა, კიდევ საკითხავია, მაგრამ ფაქტია, რომ გასულ წელს მისი მხარდამჭერების რაოდენობა გაცლებით მეტი იყო. თუ ასე გააგრძელა ვარდნა “ნაციონალური მოძრაობის”, როგორც მთავარი ოპოზიციური პარტიის რეიტინგმა, ის მალე შეუერთდება იმ 1-2-3%-იან პარტიებს, რომელთაც ჩვენში ანგარიშს არც უწევენ. ეს პოლიტიკური ძალა თითქმის მიმდგარია ამ უკიდურეს ზღვართან. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთელი ოპოზიციის დირიჟორი გახდა, შესაბამისად, გამოდის, რომ თანდათან დანარჩენი ოპოზიციური ძალების რეიტინგიც შემცირდება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“მოკლედ, საქმე შეიძლება იქამდეც მივიდეს, რომ პარლამენტში კი არა, ოპოზიცია ქვეყანაშიც აღარ იყოს, რაც ქვეყნისთვის ძალიან ცუდი იქნება. თუმცა დღევანდელი ოპოზიციაც ხომ ოპოზიცია არ არის! ეს არის მასა, რომელიც ყვითელი პრესის მსგავსად, ვულგარულობის, სკანდალურობის, ფეიკნიუსების ხარჯზე იზიდავს დაინტერესებულ ადამიანებს. ასეთი ყვითელი პოლიტიკური სპექტრი რომც მოვიდეს ხელისუფლებაში, ის ქვეყანას ვერ განავითარებს ისევე, როგორც ყვითელი პრესა ვერასდროს შეძლებს ქვეყნის სწორად ინფორმირებას... “ნაციონალურ მოძრაობას” ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგაც მუდამ ჰყავდა სტაბილური ამომრჩეველი. ამის ახსნა შეიძლება იმით, რომ სააკაშვილი ქარიზმატული ლიდერია, ასეთ ლიდერს კი ყოველთვის მიჰყვება თაყვანისმცემელთა არმია, რომელზეც არც არგუმენტები ჭრის, არც - ფაქტები. ის თაყვანს სცემს და მორჩა! თუმცა, ბოლოს და ბოლოს, შეიძლება თაყვანისმცემლებიც გამოფხიზლდნენ. თაყვანისცემა ტრანსს ჰგავს, ამ დროს რეალობის აღქმა უჭირს ადამიანს, მაგრამ დროთა განმავლობაში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. ქარიზმატულ ლიდერსაც ვერ ექნება იმედი, რომ თაყვანისმცემელთა ერთი შეხედვით სტაბილური რაოდენობა მარადიულია”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“საპარლამენტო არჩევნებამდე გამოჩნდა რამდენიმე პარტია, რომელთაც თითქოს ჰქონდათ მესამე ძალად ჩამოყალიბების შანსი. ეს განსაკუთრებით ეხება `ლელოს~, თუმცა მან არ ითამაშა მესამე ძალის წესებით, მიეკედლა ერთ-ერთ პოლუსს, ანუ “ნაციონალურ მოძრაობას” და შანსიც დაკარგა. პატარა ქვეყანა ვართ, ასეთ მოკლე ხანში მესამე ძალა საიდან შეიძლება გამოიწუროს, ძნელი სათქმელია, თუმცა საქართველოს უახლეს ისტორიაში არის ერთი კანონზომიერება - საკვანძო ეტაპზე მნიშვნელოვანი ოპოზიციური ძალა მმართველი პარტიისგან ჩნდება ხოლმე. მმართველ გუნდში მყოფ ადამიანს მოსახლეობისთვის თავის გაცნობა და მისი ყურადღების მოპოვება არ სჭირდება... ხშირად ხელისუფლებისგან გამოყოფილ ახალ პარტიას სიახლე არ მოაქვს, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ის ხელისუფლებიდან არის წამოსული და ოპოზიციად ყალიბდება, უფრო მისაღები ხდება ამომრჩევლისთვის”- ამბობს რამაზ საყვარელიძე.

“არც ახლაა გამორიცხული, “ქართული ოცნების” შიგნით გამოჩნდეს ძალა, რომელიც სერიოზულ ოპოზიციურ ძალად იქცევა. ვვარაუდობ, რომ ტრადიციის გათვალისწინებით, შეიძლება ახალი პარტია, რომელიც მესამე ძალად იქცევა, მმართველი პარტიიდან წარმოიშვას”, - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას სულ უფრო ამძიმებს. ოპოზიციის ნაწილის რიტორიკით კარგად ჩანს, რომ ისინი სწორედ სოციალური უკმაყოფილების გამოყენებას ცდილობენ საკუთარი მიზნების მისაღწევად...”, - პასუხობს:

“აშკარაა, რომ სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა” სწორედ ამისთვის ემზადებიან. ვხედავთ, რომ დღევანდელ საპროტესტო აქციებზეც, როდესაც შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ, სწორედ ოპოზიცია აქტიურობს. ამასვე ეცდებიან გაზაფხულზეც, მაგრამ საზოგადოება გავა თუ არა ქუჩაში, ძნელი სათქმელია”.

“სოციალური პრობლემების მოგვარებისა და თუნდაც შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გაცილებით მასშტაბური აქციები იმართება, მაგრამ არსად ჩანს, რომ ამ საპროტესტო მოძრაობაში პოლიტიკური ძალები იყვნენ ჩართული. ძირითადად, ბიზნესწრეები და მოქალაქეები აქტიურობენ. შესაძლოა, სოციალური მოთხოვნებით ხალხი აქაც გავიდეს ქუჩაში, მაგრამ თუ მათი ლიდერობა “ნაციონალურმა მოძრაობამ” დააპირა, არა მგონია, ამისგან რამე გამოვიდეს. გავიხსენოთ - მათ ზაზა სარალიძის უბედურებაც არად ჩააგდეს და მის მხარდასაჭერად გამოსული საზოგადოების პოლიტიკური მიზნით გამოყენება სცადეს, მაგრამ არ გამოუვიდათ, რადგან როდესაც ხალხმა დაინახა, “ნაციონალური მოძრაობა” რას აკეთებდა, მას აღარ გაჰყვა. იგივე მოხდება ახლაც - სააკაშვილსა და “ნაციონალურ მოძრაობას” რევოლუციის მოსაწყობად არავინ გაჰყვება”, - დაასკვნის რამაზ საყვარელიძე.