საქართველოში ყველაფერი გაძვირდა და რა გასაკვირია, რომ გამონაკლისი არც საახალწლო ატრიბუტიკაა. მართალია, ნაძვის ხის სათამაშოები და სხვადასხვა აქსესუარები პირველადი მოხმარების პროდუქტი არ არის, მაგრამ ქართველები საახალწლოდ, ტრადიციულად, წელებზე ფეხს იდგამენ და პირველი იანვრის ღირსეულად დასახვედრად ხარჯს არ ერიდებიან.
ამით ყოველთვის კარგად სარგებლობდნენ სავაჭრო ობიექტები. საახალწლოდ ფასები ყოველთვის მაღლა მიიწევდა. ახლა კი ვაჭრობის სფეროში დასაქმებულებს დამატებითი ალიბი გაუჩნდათ - 2010 წლის განმავლობაში ყველაფერი კატასტროფულად გაძვირდა და ამიტომაც ქართველებს ახალი წელიც ძვირი ექნებათ.
შარშანდელთან შედარებით ნაძვის ხის სათამაშოები, საშუალოდ, 15%-ით გაძვირდა. საახალწლო ატრიბუტიკით მოვაჭრე მაღაზიებში აცხადებენ, რომ პროდუქციის გაძვირება მომწოდებელთა მხრიდან ფასის გაზრდამ გამოიწვია და რადგან ნაძვის ხის სათამაშოების 100%-ით იმპორტირებულია, ამიტომაც გაძვირება ადგილობრივ ბაზარზეც მოხდა.
მაღაზია “ბალუს” დირექტორის ზაალ ქავთარაძის განცხადებით, ნაძვის ხის სათამაშოები ზუსტად იმდენით გაძვირდა, რამდენითაც მომწოდებლებმა გააძვირეს, ანუ 10-15%-ით. სადღეისოდ “ბალუში” ფასები 50 თეთრიდან 350 ლარამდე მერყეობს.
იგივე მდგომარეობაა ბაზრობებზე განთავსებულ მაღაზიებშიც. მოვაჭრეთა ნაწილის თქმით, ჩინური პლასტმასის სათამაშოები, რომლებიც შარშან 50-70 თეთრი ღირდა, წელს უკვე 1 ლარი ღირს. შესაბამისად, გაძვირდა ევროპიდან შემოსული მინის სათამაშოები, რომელთა ღირებულება ზომების მიხედვით 1,5-დან 9 ლარამდეა.
მომხმარებელთა ნაწილმა სამზადისი დეკემბრის დასაწყისიდანვე დაიწყო, ნაწილი ჯერაც არ ჩქარობს და ამბობს, რომ საახალწლო აქსესუარებს თვის ბოლოს შეიძენს.
სხვადასხვა სავაჭრო ქსელის წარმომადგენლებისა და მოვაჭრეების თქმით, შარშან ამ დროს მეტი აქტიურობა იგრძნობოდა. ამის მიზეზად ისინი საახალწლო ინვენტარის გაძვირებას ასახელებენ, რაც თავისთავად გადასახადების ზრდითა და საბაჟო მექანიზმების გამკაცრებით არის გამოწვეული. დღეისათვის თბილისის მაღაზიებში ხელოვნური ნაძვის ხისა და აქსესუარების ფასი 3-5 ლარიდან 250 ლარამდე მერყეობს.
რამდენიმე დღეში საახალწლო ინვენტარებით ვაჭრობა დაიწყება ვარდების მოედანზე, სპორტის სასახლესთან, პუშკინის სკვერსა და ხელოვნების მუზეუმს შორის, ასევე პარლამენტთან. გასაყიდად გამოტანილი იქნება სათამაშოები, ნაძვის ხეები და ყვავილები.
ჯერჯერობით განსაკუთრებული აქტიურობა არის თბილისის ბაზრობებზე, სადაც საახალწლო აქსესუარებით ვაჭრობა დეკემბრის დასაწყისიდანვე დაიწყო. მოვაჭრეების თქმით, შარშანდელთან შედარებით, ფასები 15 პროცენტითაა გაზრდილი. ნაძვის ხის სათამაშოები 1 ლარიდან 20 ლარამდეა. ხოლო ხელოვნური ნაძვის ხეები 5-დან 100-120 ლარის ფარგლებში იყიდება.
ძნელი გამოსაცნობი არ არის, რომ მომხმარებელი წლეულს მეტ მოკრძალებას გამოიჩენს და ძვირადღირებული საახალწლო აქსესუარების ყიდვას მოერიდება. თუმცა, არის განსხვავებული შემთხვევებიც, როცა მყიდველებს სწორედ ასეთ ნაწარმზე აქვთ პრეტენზია და ხარისხიანი სათამაშოების შესაძენად ფულს არ ზოგავენ.