თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. მათ 20-20 ათასი ლარის გადახდა დაეკისრათ.
აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. ბრალდების მხარის არგუმენტი იყო ის, რომ საგამოძიებო ქმედებები ყველა მიმართულებით ამოწურულია და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ბრალდებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა აღარ არსებობს.
პროკურატურა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის 30-ათასიან გირაოს და საგამოძიებო უწყების გარეშე, ქვეყნის დატოვების აკრძალვას ითხოვდა.
მელაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ის ბრალდებას არ ეთანხმება.
„რადგან მათ მიერ ჩადენილი ქმედებების გარემო გამოძიება აბსოლუტურად ყველა მიმართულებით სრულად არის ამოწურული, დღევანდელ პროცესზე ჩვენ მივმართავთ სასამართლოს შუამდგომლობით, რათა ბრალდებულებს პატიმრობა შეეცვალოს გირაოთი. ამ ეტაპისათვის მიზანშეწონილად აღარ მივიჩნევთ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას. ჩვენ ბრალდებულების ქმედების აღიარება ვიდეო-აუდიო მტკიცებულებებით მოვიპოვეთ, რაც ნიშნავს, რომ ბრალდებულები თავისუფლებაში ყოფნის პირობებში დაელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას და ჩვენ ამ პროცესში ვიქნებით საკმაოდ პრინციპულები,“ - განაცხადა საქმის პროკურორმა.
საზღვრის დემარკაციის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა.
ოპოზიციაში და ხელისუფლებაში კარტოგრაფების გირაოთი გათავისუფლებას სხვადასხვა გვარად განიხილავენ. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ეს არის ერთგვარი ვაჭრობა, რომელიც ახლა „ოცნებას“ რიგი პარტიების პარლამენტში შესაყვანად სჭირდება. არაა გამორიცხული, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ „მოქალაქეებმა“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღოს. მეცნიერების გათავისუფლებას ასევე დადებითად „გირჩში“ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ მოლაპარაკების პროცესში ეს წინ გადადგმული ნაბიჯია.
„მგონია, კარგი ჟესტია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ მოლაპარაკების პროცესში, რომ შეიცვალოს ან განიმუხტოს სიტუაცია,“ - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
„მოქალაქეები“ უკვე დიდი ხანია პირდაპირ ამბობენ, რომ პარლამენტში შესვლისთვის მზად არიან და ამისთვის აუცილებელი სულაც არ არის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. ლევან იოსელიანი აცახდებდა, რომ პარლამენტში შევლენ სამი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში: პოლიტპატიმრების გათავისუფლება,საარჩევნო სისტემის რეფორმა, საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმა.
„კარტოგრაფების საქმეზე“ იქნება დამოკიდებული „ქართულ ოცნებასთან“ პირისპირ მოლაპარაკების პერსპექტივებიც“, - ამბობს იოსელიანი.
„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი კი კარტოგრაფების გათავისუფლებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„ვულოცავ ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის ოჯახის წევრებს და პირადად მათ გათავისუფლებას! ძალიან, ძალიან გახარებული ვარ! საძაგლობაა, როდესაც სახელმწიფო ტყუილუბრალოდ აპატიმრებს ადამიანებს, მაგრამ კარგია, რომ „ქართული ოცნება“ გონს მოეგო და ისინი გაათავისუფლა. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ეს გათავისუფლება არის მოლაპარაკების შედეგი! დიახაც, მოლაპარაკებამ გამოიღო შედეგი და ეს არის კარგი. ეს არის ნაბიჯი მოლაპარაკების გაგრძელებისთვის და მხარეებს შორის ნდობის აღდგენისთვის! იშვიათად ვყოფილვარ დღევანდელივით გახარებული!“, - წერს ელისაშვილი სოციალურ ქსელში.
ელენე ხოშტარია კი აცხადებს, რომ მიუღებელია საუბარი პოლიტპატიმრების გათავისუფლების საპირწონედ ოპოზიციის პარლამენტში შესვლაზე. ეს დაუშვებელ პრეცედენტს შექმნის, რაც გულისხმობს ადამიანების თავისუფლებით ვაჭრობას საკუთარი პოლიტიკური მიზნების შესასრულებლად.
„პრინციპული საკითხი შესვლა-არშესვლა კი არ არის, პრინციპული საკითხია ქვეყანაში არ იყოს პოლიტიკური დევნა და ტყვეები არ იყვნენ ციხეში. პოლიტიკური ჯიბრით კი არ ვამბობ ამას, თქვენ წარმოიდგინეთ სიტუაცია თუ ეს დამკვიდრდა, რომ „ქართული ოცნება“ ვაჭრობს ადამიანებით და საკუთარი პოლიტიკური ამოცანებით. საკუთარი პოლიტიკური ამოცანაა დღეს პარლამენტში ოპოზიციის შეყვანა. ქვეყნის ამოცანაა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა, „ქართული ოცნების“ ამოცანა არის შეყვანა ადამიანების პარლამენტში.
თუ ამ ამოცანისთვის დავამკვიდრებთ, რომ ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველდღე ვიღაცას დაიჭერენ. და კიდევ იმაზე უნდა ვივაჭროთ? ეს სრულიად დაუშვებელია. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, რომ ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება, გიორგი რურუას ჩათვლით, შექმნის სივრცეს, რომ პოლიტიკური პროცესი მიუახლოვდეს რაღაცას და დაიწყოს სერიოზული ლაპარაკი სიტუაციის განმუხტვაზე. ამიტომ, აბსოლუტურად მიუღებელია ლაპარაკი ხალხის გამოშვების საფუძველზე ვინმეს სადმე შესვლაზე. გამოშვება არის პრინციპული სკითხი, თუმცა ამაზე ვაჭრობას არავინ არ აპირებს,“ -განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ მელაშვილი-ილიჩოვას გათავისუფლება შესაძლებელია ზოგიერთმა ოპოზიციონერმა პარლამენტში შესვლის საბაბად გამოიყენოს.
„ეს არის პოლიტიკურად შეკერილი საქმე, რომლის გამოყენებაც სურდა ივანიშვილს. დღესაც ვნახავთ, არა მართლმსაჯულებიდან გამომდინარე მიღებულ გადაწყვეტილებას, არამედ ივანიშვილის პოლიტიკური თამაშიდან მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება ზოგზოგიერთებმა პარლამენტში შესასვლელად, საბაბადაც კი გამოიყენონ,“ -აღნიშნა თინათინ ბოკუჩავამ.