მწერალი ბოლო დროს გულისა და ფილტვების მწვავე უკმარისობით იყო ავად. "იგი საავადმყოფოში ორი კვირის განმავლობაში იწვა და გამთენიისას, დაახლოებით 4-ის ნახევარზე გარდაიცვალა", - განაცხადა მისმა შვილმა, ზაზა ჭილაძემ გასულ ხუთშაბათს.
დღეს კი ოთარ ჭილაძეს მთაწმინდაზე, ქართველ მწერალთა და მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.
პროზაიკოსი, პოეტი და დრამატურგი ოთარ ჭილაძე 1933 წელს სიღნაღში დაიბადა. "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა", "ყოველმან ჩემმან მპოვნელმან", "წათეს წითელი წაღები", "გოდორი", "რკინის თეატრი"...
მწერალს მიღებული აქვს სახელმწიფო და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიები, იყო თბილისის საპატიო მოქალაქე.
ოთარ ჭილაძის ამ ქვეყნიდან წასვლამ ბევრ მის თანადროულ შემოქმედს დასწყვიტა გული. ბაჩანა ბრეგვაძე, კრიტიკოსი:
"სამწუხაროდ, ოთარი ბოლო დროს არ მინახავს. თვითონ ძალიან ავად ვარ. ვიცი, რომ ძმები ერთად ცხოვრობდნენ. ოთარ ჭილაძე ძალიან მაღალი რანგის შემოქმედია. 2 სიტყვით მასზე ლაპარაკი მიჭირს. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ მისი გარდაცვალება ნამდვილად აუნაზღაურებელი დანაკლისია ქართული მწერლობისთვის, რომლის მსგავსი საქართველოს, მე მგონია, რომ დიდი ხანია არ განუცდია და ღმერთმა ნუღარ განაცდევინოს დიდი ხნის მანძილზე“.
"ოთარი იყო კაცი იმედი და ნუგეში, ქართული სულის კორიფე და უზარმაზარი პოტენციის შემოქმედი. ეს ძალიან ტრაფარეტული სტყვებია, მაგრამ მისი შემოქმედების დახასიათება სხვა სიტყვებით არ გამოდის".
როსტომ ჩხეიძის აზრით, ოთარ ჭილაძის რომანი "გოდორი" თითქოს იმის დასტური იყო, რომ მწერალს სხვა "სათქმელიც ადგა ყელზე" და მისი დაწერა ვერ კი მოასწრო. "რეზონანსთან" მწერალი და ლიტერატურისმცოდნე საყოველთაო სინანულთან ერთად ამ სინანულზეც საუბრობს და მის შემოქმედებასაც განიხილავს.
როსტომ ჩხეიძე: "ყოველთვის, როდესაც გამორჩეული შემოქმედი მიდის წუთისოფლიდან, სინანული გიპყრობს მისი დაუწერელი წიგნების გამოც - იმისა, რაც თუნდ იმხანად ადგა ყელზე და ამოთქმა კი ვეღარ მოასწრო. და მით უფრო მძაფრია ეს სინანული, რაც ატყობ, რომ მის ბოლოდროინდელ ნაწერებს არ მოკლებიათ მხატვრული ძალა, ექსპრესია და ელვარება. და უკვე ოთარ ჭილაძესაც რომ ვეთხოვებით, მწარე გულისტკივილთან ერთად სწორედ ეს მძაფრი სინანულიც გვიპყრობს, რადგანაც მისი აწ უკვე უკანასკნელი რომანი "გოდორი" თვალნათლივ გვაგრძნობინებს ამ დიდებული მწერლის მხატვრული წარმოსახვისა და შინაგანი ენერგიის დაუშრეტელობას, და მიგვახვედრებს, რომ ჯერაც ბევრი რამ ადგა ყელზე - მხოლოდ მისი საჭრეთლით გამოსაკვეთი. მით უფრო, რომ მხატვრულად გასააზრებელია ჩვენი ქაოტური რეალობა, უმთავრესად მედროვე და ცრუ კალმოსანთა საპარპაშოდ გადაქცეული.
ასეთ დროს რაოდენ ნუგეშისმომგვრელია ჭეშმარიტი ლიტერატურის ყოველი ახალი ქმნილების გამოჩენა, ოთარ ჭილაძისაგან კი ამ შთამბეჭდავ გაელვებას, სამწუხაროდ, ვეღარ დაველოდებით.
თუმც ის, რაც დაგვიტოვა პოეტურ თუ ბელეტრისტულ მემკვიდრეობად, ჯერაც ჯეროვნად შესაფასებელი და ხელახლა გამოსაბრწყინებელი გვაქვს, რადგანაც ქართველობას კვლავაც დასჭირდება ოთარ ჭილაძის სიტყვა სულიერ საგზლად, ის მხატვრული სამყარო, რომელშიც მძაფრად აირეკლა ჩვენი მოდგმის დრამატული ხვედრი, და ნიშანდობლივია, რომ ამ სამყაროს შარავანდად ადგას ილია ჭავჭავაძის სახება, როგორც სახელმწიფოებრიობამოწყურებული ერისათვის ერთი ყველაზე თვალნათლივი სიმბოლო თუ ემბლემა“.
"რაღაცა ისეთი განცდა გამიჩნდა, თითქოს მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი, თითქოს ვერ შევაჩვიე ჩემი თავი იმას, რომ ეს ადამიანი გარდაიცვალა, რადგან ყოველთვის ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ეს ადამიანი უკვდავი იყო", - ამბობს კრიტიკოსი ლევან ბრეგაძე და ამასაც ამატებს, - "ოთარ ჭილაძე ბოლოს დამამახსოვრდა კარგად მაშინ, როცა "საბას" პრემია მიიღო (მთაწმინდაზე ტარდებოდა). ძალიან გახარებული იყო მიუხედავად იმისა, რომ მას ჯილდოები არ აკლდა. ეს იყო ჩემი ბოლო შეხვედრა. მეტჯერ არ შემხვედრია. ვიცოდი, რომ თავის ძმასთან - თამაზთან ცხოვრობდა და მთელი შემართებით უმკლავდებოდა სენს. სამწუხაროდ, ეს ჭიდილი 1 ოქტომბერს დასრულდა. დიდი მწერალი წავიდა ჩვენგან, მაგრამ დატოვა არაჩვეულებრივი ლექსები, არაჩვეულებრივი რომანები... ეს ყველაფერი იქნება ქართველი კაცის მანუგეშებელი ჭირში. ბედნიერი ვარ, რომ მას მოვესწარი და ისღა დაგვჩენია, ვიამაყოთ".
საგულისხმოა, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ოთარ ჭილაძე "საბას" დაჯილდოების ბოლო ნომინაციის - ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - ლაურეატობას ელოდა ხოლმე.
"მის მაგივრად არაფრის თქმა არ შემიძლია, მაგრამ ჩემთვის ძალიან დასანანია, რომ ეს ჯილდო მას არ შეხვდა. თუმცა, უფრო სწორად რომ ვთქვა, მას ამ ჯილდოს აღება აღარ დასცალდა", - აღნიშნა ლევან ბრეგაძემ.
40 წლის მანძილზე ოთარ ჭილაძეს პირადად იცნობდა ლიტერატორ-კრიტიკოსი სოსო სიგუა. ამ უკანასკნელმა თავისი პირველი წერილი სწორედ მასზე, მის შემოქმედებაზე დაწერა.
სოსო სიგუა: "ოთარი ბოლო 10 წელია, რაც არ მინახავს. 40 წლის წინ "მნათობში" მუშაობდა. მაშინ პოეტი იყო. მან თავისი პოეზიით 60-იანი წლების ქართული ლექსის რეფორმაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. ჩემი სტუდენტობის დროს (60-იან წლებს ვგულისხმობ) თითქმის ყველა ახალგაზრდა ლექსს ოთარ ჭილაძის ლექსების გავლენით წერდა. მაშინ მისმა სტილმა ძალიან დიდი მნიშვნელობა იქონია ქართულ პოეზიაზე.
მოხდა ისე, რომ მან გადაინაცვლა პროზაში. მისი პირველი რომანი "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა" 70-იან წლებში დაიბეჭდა. არავინ ელოდა მისგან, პოეზიიდან პროზაში თუ გადავიდოდა, თან - პირდაპირ რომანებზე, მით უმეტეს, - პირველად ასეთ მნიშვნელოვან რომანს თუ დაწერდა.
მეორე მისი სენსაციური რომანია "ყოველმან ჩემმან მპოვნელმან". ამანაც უდიდესი რეზონანსი გამოიწვია. საერთოდ, ოთარ ჭილაძეს ბევრი რომანი აქვს დაწერილი, მაგრამ ის რჩება ამ 2 რომანის ავტორად, რადგან მათ უდიდესი მნიშვნელობა აქვთ მწერლის მთლიან შემოქმედებაში. პარადოქსია, მაგრამ მას მოთხრობები არ აქვს დაწერილი".
სოსო სიგუა იმასაც ამბობს, რომ ოთარ ჭილაძე ფართო მასების შემოქმედი არ ყოფილა, თუმცა ეს მწერალს აღიარებას არ აკლებდა:
"თავისი სტილით, პრობლემატიკით ცენტრალური ფიგურა იყო მე-20 საუკუნის ქართულ მწერლობაში. სამწუხაროდ, საზოგადოება იცნობს ხოლმე რეკლამირებულ ავტორებს, რომლებიც გამოდიან ტელევზიით, შეხვედრებს უწყობენ... ოთარ ჭილაძე არ იყო ისეთი ბუნების კაცი, რომ ტრიბუნაზე გამოსულიყო, ლექსი წაეკითხა. ამიტომაც მას საზოგადოება დამსახურეობისამებრ არ იცნობდა. მისი პრობლემატიკა ნამდვილ ლიტერატორთათვის, ანუ მათ, ვისაც ნამდვილი ლიტერატურა უყვართ, იყო მისაწვდომი, მასისთვის კი ნაკლებად მისაღები იყო. ამიტომაც თითქოს იზოლირებული დარჩა დღეს მიმდინარე პროცესებისაგან“
სოსო სიგუა ჭილაძისეულ სტილსაც მიმოიხილავს და 2 ბუმბერაზთან - კონსტანტინე გამსახურდიასა და მიხეილ ჯავახიშვილთან შედარებით პარალელებს ავლებს.
სოსო სიგუა: "მისი შემოქმედება თავსებური იყო როგორც სტილის, ისე პრობლემატიკის თვალსაზრისითაც. ენობრივად იმიტომ, რომ ჩვენ, ერთი მხრივ, შეჩვეული ვართ კონსტანტინე გამსახურდიასა და მიხეილ ჯავახიშვილის პროზას, სადაც დიდ როლს ასრულებს არტისტული ფრაზა, დახვეწილი სიტყვა. ოთარ ჭილაძემ ამის სანაცვლოდ შემოიტანა სიტყვების ტალღისებური მოძრაობა, სადაც ნაკლები ყურადღება ექცევა მელოდიას, ფრაზის დახვეწას...
პრობლემატიკის თვალსაზრისით კი შემოიტანა ანალიტიკური სტილი. გამსახურდია და ჯავახიშვილი არიან მხატვრები (მოვლენებს ხატავენ მხატვრულად), ოთარ ჭილაძე კი ისწრაფვის პრობლემის გააზრება-განსჯისკენ. განსჯა კი ყოველთვის მოითხოვს მრავალსიტყვაობას და ნაკლებ ხატვას, სპეციფიკურ აზროვნებას.
ამას ერთვის ისიც, რომ ოთარ ჭილაძე არ წერდა მიმდინარე მღელვარე მოვლენებზე. როცა მწერალი ახდენს აბსტრაჰირებას და მკითხველს უქმნის გააზრების ბარიერს. შესაბამისად, ვისაც უყვარს ლიტერატურა და ესმის მისეული სპეციფიკა, ის თუ იქნებოდა მისი მკითხველი. ეს მასობრივი პოპულარობისკენ, ერთი მხრივ, თუ ზღუდავდა, მეორე მხრივ, პროფესიონალებში მის აღიარებას ხელს არ უშლიდა".
ოთარ ჭილაძის გარდაცვალებაზე სინანული ახალგაზრდა შემოქმედებმაც გამოთქვეს. როგორც აღმოჩნდა, მათგან ზოგისთვის ოთარ ჭილაძე, პირველ რიგში, პოეტი იყო და შემდეგ - პროზაიკოსი, ზოგისთვის კი - პირიქით.
რატი ამაღლობელი, პოეტი: "ის მე-20 საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო პოეტია. ჩემი აზრით, გალაკტიონის მერე, ვინც დამოუკიდებლად პოეზიაში თავისი ენა, თავისი თხრობა, სტილი დაამკვიდრა, ეს ოთარ ჭილაძეა. მე მქონდა ბედნიერება, ეს ადამიანი პირადად მცნობოდა და... მართლა უდიდესი დანაკლისია ჩემთვის.
მან, როგორც პროზაიკოსმა, განსაკუთრებული სტილი შემოიღო ქართულ მწერლობაში, უბრალოდ, ჩემი პირადი ახირებაა მისი პოეზია იმიტომ, რომ განსაკუთრებულად ორიგინალური, თვითმყოფადი და აბსოლუტურად დამოუკიდებლად დგას ქართულ პოეზიაში".
ნიკა ჯორჯანელი, პოეტი: "ოთარ ჭილაძე ცოცხალი კლასიკოსი იყო და, ალბათ, ჭაბუა ამირეჯიბთან ერთად თანამედროვე ქართული ლიტერატურის ყველაზე დიდი პროზაიკოსია. "საბას" პრემია, მახსოვს, ერთხელ ერგო. საერთოდ, ამ კონკურსზე ბევრი რამ არ ხდება ხოლმე რიგიანად. თუმცა კაცი, რომელიც ნობელის პრემიაზე ყოფილა წარდგენილი, დამეთანხმებით, "საბაზე" ლაპარაკი სასაცილოა".
ცნობისათვის, ოთარ ჭილაძე ერთადერთი ქართველი მწერალია, რომელიც ნობელის პრემიის კანდიდატობაზე იყო წარდგენილი, მაგრამ წარდგენაზე თავად მწერალმა თქვა უარი.