გაძვირებული და ათასგვარი რეგულაციებით დამძიმებული ავიარეისები თებერვალში აღდგება

გაძვირებული და ათასგვარი რეგულაციებით დამძიმებული ავიარეისები თებერვალში აღდგება

ავიაციის გახნის თარიღი ცოტათი გადაიწევს, მაგრამ იგი თებერვალს არ გასცდება. ასეთია მთავრობის ახალი დაპირება, რომელიც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გაახმოვანა. გარდა იმისა, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკი რეგულარული მიმოსვლის დროს გაიზრდება, მგზავრობის მსურველებს სხვა „სიურპრიზებიც“ ელით. მაგალითად, გაძვირდება ბილეთები და ბევრი მიმართულებით პირდაპირი რეისებიც ჯერ ვერ აღდგება.

„კონკრეტულ თარიღებს ვერ დავასახელებთ, მაგრამ თებერვლის თვე იქნება ის თვე, როდესაც რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვებს მოვხსნით. თუმცა, ეს არ ნიშნავს ქაოსურ და უკონტროლო შემოსვლას ქვეყანაში. ეს იქნება ძალიან კონკრეტული, კონტროლირებადი ტესტებით, ვაქცინაციის საბუთით ან სხვა ადეკვატური დოკუმენტით გამყარებული“, - განაცხადა თურნავამ.

რამდენად შეძლებს საქართველო შემოსული ტურისტების გაკონტროლებას და არსებობს თუ არა ინფიცირების ზრდის რისკი? ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა მიიჩნევს, რომ კოვიდპასპორტებისა და სხვა მსგავსი დოკუმენტის არსებობა კარგია, თუმცა საქართველოში ამის გაკეთებას აზრი მაშინ ექნება, როცა ვაქცინაცია დაიწყება.

„ჩემი აზრით, კოვიდპასპორტები ცუდი არ იქნება, უბრალოდ, ეს შესაძლებელია მაშინ, როცა ჩვენთან ვაქცინაცია დაიწყება. წინასწარ ამის გაკეთებას აზრი არ აქვს. ვაქცინაციის პროცესს უნდა შევხედოთ და, რა თქმა უნდა, შემდეგ თუ მოხერხდა და პროცესი წარმატებით ჩატარდა, კოვიდპასპორტები უნდა არსებობდეს, განსაკუთრებით სხვა ქვეყნებში მოგზაურობისთვის.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელს მსოფლიოში სტაბილური ეპიდსიტუაცია შენარჩუნდეს, რასაც ეს ხელს შეუწყობს. თუ სტატისტიკას გადავხედავთ, საქართველოში რეალურად მდგომარეობა გაუმჯობესებულია, ახალი შემთხევების რაოდენობა იკლებს, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, რეგულაციებისა და იმის ხარჯზეა, რომ პიკი ნოემბერ-დეკემბერში გადავიარეთ, მაგრამ, სამომავლოდ, როდესაც ქვეყანაში რეგულაციები მოიხსნება და ტრანსპორტი, სასწავლო დაწესებულებები და ა.შ. ნელ-ნელა აღდგება, რა თქმა უნდა, რისკიც გაიზრდება“, - აღნიშნა გოგინავამ.

გარდა ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების საფრთხისა, არსებობს მგზარობის საგრძნობლად გაძვირების საფრთხეც. ავიაციის სფეროს ექსპერტი იასე ფალავანდიშვილი ამბობს, რომ ავიაბილეთების ფასი საშუალოდ 25-30%-ის ფარგლებში გაძვირდება. ეს უკავშირდება ახალ წესებს და სტანდარტს, რასაც კოვიდ-უსაფრთხოება მოითხოვს და საკმაოდ მაღალხარჯიანია. რეისები, პირველ რიგში, სავარაუდოდ, ევროპული ქვეყნებში და ასევე რამდენიმე სხვა მიმართულებაც, შესრულდება, მათ შორის შანხაიში, ტოკიოში, დუბაიში.

„ველოდებით, რომ ეტაპობრივად განახლდება რეისები, ბევრი რამ მიმღებ ქვეყნებზეც არის დამოკიდებული, ამიტომ ერთბაშად შეზღუდვა ვერ მოიხსნება. რაც შეეხება ფასებს, მოთხოვნიდან გამომდინარე, გაიზრდება. აქტიურ სეზონზე ბილეთები ყოველთვის მაღალი იყო, ამ ეტაპზე კი მოსალოდნელია, 25-30%-ის ფარგლებში გაძვირდეს.

ავიაკომპანიებს მეტი ფულის დახარჯვა მოუწევთ კოვიდ-უსაფრთხოებიდან გამომდინარე, როგორც თანამშრომლების ტესტირებისთვის, ასევე ეპიდემიის საწინააღმდეგოოდ ზომების მისაღებად, უსაფრთხოების სტანდარტის დაცვა და ა.შ. რაც ასევე მაღალ ხარჯთანაა დაკავშირებული.

ნებისმიერ სიტუაციაში, ავიაკომპანიების მთავარი დანიშნულება უსაფრთხოების სტანდარტის დაცვა უნდა იყოს. მთავარია, რომ ვირუსის ტალღებს გავუმკლავდეთ, რომ ავიაციას ჩაკეტვის საშუალება არ მიეცეს. კოვიდ-უსაფრთხოების სტანდარტი მკაცრად უნდა დაიცვან.

რაც შეეხება ავიარეისებს, პირველ ეტაპზე, ევროპის მიმართულება გაიხსნება - ბარსელონა, ვენა, ამსტერდამი, პრაღა და სხვა. ასევე რუსეთი და აზიის მიმართულებები, მათ შორის ფრენა ჩინეთშიც იგეგმება. დარწმუნებული არ ვარ წინანსწარ, რომ ყველა მიმართულებით აღდგება რეისები, პირველ ეტაპზე ეს შეუძლებელი იქნება“.