ბათუმში 1 მილიონ 700 ათას ლარიანი გიგანტური საათი დაიდგმება

ბათუმში 1 მილიონ 700 ათას ლარიანი გიგანტური საათი დაიდგმება

ქართულ ტურისტულ მექად გამოცხადებულ აჭარას მალე „ახალი ღირსშესანიშნაობა“ შეემატება. ხელისუფლების მორიგი ნოვაცია საქართველოს ბიუჯეტს სულ რაღაც 1 მილიონ 700 ათასი ლარი დაუჯდება. ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი ფილიალის შენობაზე იშვიათი ასტრონომიული საათი დამონტაჟდება. „ძველი ბათუმის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში“ საათის შეძენა-დამონტაჟებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან მილიონ 700 ათას ლარზე მეტი უკვე  გამოიყო.

 

აღნიშნული შენობის რეაბილიტაცია ბათუმში, დღე-ღამის განმავლობაში მიმდინარეობს და უნდა ვივარაუდოთ, რომ ფერიის მთაზე „დედაენის კოშკისა“ და ბათუმის ბულვარში მოძრავი „სიყვარულის ქანდაკების“ შემდგომ, ასტრონომიული საათი ქალაქის ერთ-ერთი საჩვენებელი ღირსშესანიშნაობა იქნება. გიგანტური საათი-კოშკი შენობის მეოთხე სართულზე დამონტაჟდება, რომლის ჩამოტანასაც გერმანიიდან ელოდებიან.

 

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მმართველი პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, უნიკალური ასტრონომიული საათი-კოშკის მსოფლიოში სულ რამდენიმე ანალოგიაა. უმრავლესობის მტკიცებით, აღნიშნული საათის სახით, ტურისტულ ქალაქს, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტი შეემატება, ადგილობრივი ოპოზიცია კი ხელისუფლების მხრიდან მორიგ პიარ-აქციაზე საუბრობს და დახარჯულ თანხას არამიზნობრივს უწოდებს.

 

აჭარის საზოგადოებაში საუბრობენ, რომ ყოფილი ეროვნული ბანკის შენობაში საპრეზიდენტო რეზიდენცია უნდა განთავსდეს, თუმცა ამ ინფორმაციას, ჯერჯერობით, არ ადასტურებს ბათუმის საკრებულო. მათ განმარტებები არც იმ საკითხის მიმართ სურთ, რამდენად კანონიერია ყოფილი ეროვნული ბანკის შენობის რეაბილიტაცია. შენობის რემონტი შეშფოთებას იმიტომ იწვევს, რომ ის ისტორიული ძეგლის სტატუსის მატარებელია.

 

როგორც საქართველოს ძეგლთა დაცვის სამინისტროში აცხადებენ, შენობის სარეკონსტრუქციო მშენებლობის ნებართვა მათ არ გაუციათ და გაზაფხულიდან ამ საკითხს, უკვე, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო წყვეტს. კითხვაზე, გაცემულია თუ არა ბათუმში, მემედ აბაშიძისა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების კვეთაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარემონტო სამუშაოებზე შესაბამისი ნებართვა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წერილობით დოკუმენტით ირკვევა, რომ შენობა ნამდვილად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელია, თუმცა აჭარის განათლების სამინისტროს მისი მშენებლობის ნებართვა არ გაუცია.

 

ქალაქ ბათუმის მერის, რობერტ ჩხაიძის წერილით ირკვევა, რომ აღნიშნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოები „ბათუმის ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. ამ პროექტს კი ქალაქის ვიცე–მერი, ავთანდილ დარჩია კურირებს, რომლის ადგილობრივ ტელეკომპანია „TV 25“-სთვის მიცემული კომენტარიდან დასტურდება, რომ ყოფილი ეროვნული ბანკის შენობის სარემონტო სამუშაოებზე ნებართვა გაცემულია, ხოლო ნებართვის დამადასტურებელი დოკუმენტის ნახვა მოგვიანებით გახდება შესაძლებელი.

 

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის წარმომადგენლობის წევრი, იურისტი, გია ქარცივაძე აღნიშნულ ფაქტს „ბ&ფ“-სთან საუბარში აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხრიდან გულგრილობად აფასებს.

 

„ჩვენთვის 2010 წლის 25 ოქტომბერს მოწოდებული წერილის საფუძველზე ირკვევა, რომ ბათუმის ისტორიული ქუჩების ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციის დაწყების პროცესში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ინფორმირებული არ იყო, რაც გულისხმობს, რომ შესაბამისი თანამდებობის პირები, რომლებიც ვალდებულები იყვნენ ჩართულიყვნენ ნებართვის გაცემის პროცესში, კანონსმიღმა მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. იურიდიულად, რომელიღაცა თანამდებობის პირმა ან ადმინისტრაციულმა ორგანომ გულგრილად იმუშავა.“ – განაცხადა გია ქარცივაძემ.

 

ბათუმში, ყოფილი ეროვნული ბანკის შენობის რეაბილიტაციასა და საპრეზიდენტო რეზიდენციის მოწყობასთან დაკავშირებით, ახალი გარემოებებიც ხდება ცნობილი. მიმდინარე მშენებლობის ზედამხედველობას საქართველოს პარლამენტის წევრი, ხელვაჩაურის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ასლან თავდგირიძე ახორციელებს. ინფორმაციას აჭარაში მოქმედი დამოუკიდებელი ტელეკომპანია „TV 25“ ადასტურებს და მიუთითებს, რომ არხის გადამღები ჯგუფი ყოფილი ეროვნული ბანკის შენობასთან ასლან თავდგირიძეს შეხვდა, რომელიც სარემონტო და სამშენებლო სამუშაოებს პირადად მეთვალყურეობს.

 

ადგილობრივი ჟურნალისტების განცხადებით, დეპუტატმა ვიდეოკამერის წინ გამოჩენა და კომენტარი არ ისურვა. სამუშაოებს კი შპს „ხინო“ აწარმოებს, რომელსაც სამუშაოები ბათუმის მერიამ დაუკვეთა. კულუარებში საუბრობენ, რომ შპს „ხინო“ დეპუტატის კუთვნილი კომპანიაა. პროფესიით ინჟინერ-მშენებელი ასლან თავდგირიძე საქართველოს პარლამენტში 2008 წლის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდგომ საქმიანობს.

 

„ბ&ფ“-ს ცნობით, მანამდე ასლან თავდგირიძე მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო, არჩევნები კი რესპუბლიკელ მურმან დუმბაძეს მოუგო და პარლამენტარი გახდა. მაშინ ოპოზიცია ხელვაჩაურში არჩევნების შედეგების მასობრივ გაყალბებაზე საუბრობდა. ინტერნეტ-ფორუმებზე დღემდე შემორჩენილია ინფორმაციები, რომელიც მოქმედი დეპუტატის სტატუსამდე ბიზნესსაქმიანობას მიუთითებდა. საუბარია ასლან აბაშიძის დროს ბათუმში ასლან თავდგირიძის სამეწარმეო საქმიანობაზე. გავრცელებული ცნობითვე, პარლამენტარი დღემდე განკარგავს ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირ N4-ში მდებარე ქართული და ევროპული კერძებით აჭარაში ერთ-ერთ გამორჩეულ ბარს - „პრინცესას“, რომელსაც ყოველდღიურად, 70-80 ადამიანის მასპინძლობა შეუძლია.

 

ცხადია, საქართველოს კონსტიტუცია და კანონი „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ პირდაპირ მიუთითებს, რომ „დაუშვებელია პარლამენტის წევრის სტატუსთან სამეწარმეო საქმიანობის ან სახელმწიფო სამსახურში რაიმე თანამდებობის შეთავსება“. ქართული კანონმდებლობა პარლამენტარის ბიზნესში მონაწილეობას გამორიცხავს და კანონით, ეს წარმოადგენს მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველს.

 

„ბ&ფ“ ასლან თავდგირიძის კომენტარით დაინტერესდა, რომელიც ამჟამად საკანონმდებლო ორგანოში რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის წევრიცაა.

 

ბატონო ასლან, რა გაკავშირებთ ბათუმში, ყოფილი ეროვნული ბანკის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან. თქვენ  მიმდინარე სამუშაოებს ხელმძღვანელობთ...

- მე, უბრალოდ, კონსულტაციას ვუწევდი დამხმარე პერსონალს. მე მგონი, მაქვს უფლება ჩემს კუთხეში კონსულტაცია გავუწიო ვინმეს და ამას არავინ  დამიშლის.

 

ამბობენ, რომ შპს ხინო, რომელიც აღნიშნულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს, თქვენი კუთვნილი კომპანიაა.

- მასთან იურიდიულად არავითარი კავშირი არ მაქვს, მაგრამ… დამფუძნებელი სხვა პიროვნებაა, უბრალოდ მე მშენებელი ვარ და აქედან გამომდინარე კონტაქტები მქონდა ფირმებთან. ერთგან შეჩერდა მშენებლობა და გამოჩნდა ახალი კომპანია, სადაც ჩემი პოზიცია გამოკვეთილად არც ჩანს. ეს იმიტომ კი არა, რომ რაღაც დასამალი მაქვს, მითუმეტეს, დღევანდელ დღეს ვერაფერს ვერ დამალავ და დასამალს არაფერს ვაკეთებ, მაგრამ თუკი, დაახლოებით, 20 დღეში დამირეკავთ, ზუსტად გეტყვით, თუ რა მაკავშირებს ამ კომპანიასთან, რა როგორ ხდება. ახლა რომ გითხრათ, ამ კომპანიაში მთლად უკან ვდგავარ, არ ვიქნები მართალი. ამიტომაც, რა გამოიკვეთება, მომავალში გეტყვით. ამჟამად „ხინოს“ ხელმძღვანელი ნოდარ დევაძეა.

 

თქვენი ინფორმაციით, რა უნდა განთავსდეს რეაბილიტირებულ შენობაში. ამბობენ, რომ საპრეზიდენტო რეზიდენცია კეთდება.

- ეს ნაღდად არ ვიცი. ვიცი, რომ რეკონსტრუქცია უტარდება ბანკის ყოფილ შენობას.

 

რამდენად მიზნობრივად მიიჩნევთ თანხებს, რომლებიც იხარჯება გიგანტურ საათის, სიყვარულის ქანდაკების თუ დედაენის კოშკშის მშენებლობაში?

- ადამიანი დედა ენას ძეგლს, რომ დაუდგამს და ვიღაცა ამაზე პრეტენზიას განაცხადებს, არამართებულად მიამაჩნია. მთელი ცხოვრება იმისთვის ვიბრძოდით, რომ დედა ენა გვქონოდა და სახელმწიფოებრიობა შეგვექმნა. ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, მარტო ხუთი მსოფლიო ბრენდი შენდება. მე მართებულად მიმაჩნია, თუკი სახელმწიფო მშენებლობისთვის ფულს გაიღებს.

 

ბათუმში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან, ასლან თავდგირიძის სახელთან დაკავშირებულ სამეწარმეო საქმიანობასთან და არამიზნობრივი ხარჯების თაობაზე, „ბ&ფ“ რესპუბლიკური პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელს, მურმან დუმბაძეს დაუკავშირდა.. 

 

ბატონო მურმან, ბათუმელები ამბობენ, რომ ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაში მიმდინარე სამუშაოები იმისთვის მიმდინარეობს, რომ შენობა საპრეზიდენტო რეზიდენციისთვის მზადდება. თქვენ რა ინფორმაცია გაგაჩნიათ?

- გეტყვით მეტსაც – რამდენიმე წლის წინ, ბათუმში, ე.წ. „დიპლომატიური სახლი“ სწორედ იმ მიზნით გარემონტდა, რომ იქ უნდა განთავსებულიყო პრეზიდენტის რეზიდენცია. რემონტი დაიწყეს, მაგრამ ვერ დასრულდა, სახლმა კი ძველი იერ-სახე დაკარგა და ამჟამადაც უპატრონოდაა მიგდებული. საუბარია მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე შენობაზე. რაც შეეხება ეროვნული ბანკის შენობას, მას სერიოზული სარეკონსტრუქციო სამუშაოები უტარდება და აპირებენ, რომ თავზე 2 მილიონ ლარად ღირებული საათი დაადგან. ეს ამბავი პირდაპირ უნდა შეფასდეს, როგორც საქმედალეული პრეზიდენტის საქმე. ეს არის ბიუჯეტის არაყაირათიანი და არამიზნობრივი ხარჯვა. ყველაფერს მოეკითხება, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება. დღეს ამ საათის დადგმის არავითარი საჭიროება არ არის და არავითარი საჭიროება არ იყო ეროვნული ბანკის ყოფილი შენობისთვის რაღაც სარემონტო სამუშაოები ჩაეტარებინათ. რეალურად, იხარჯება თანხები და ეს მგონი, ფულის გათეთრების მახინაციაა.

 

რა ინფორმაციას ფლობთ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი, ასლან თავდგირიძე შენობის სარეაბილიტაციო საქმიანობას ზედამხედველობს, რეაბილიტაციას კი შპს ხინო ატარებს. ამბობენ, რომ აღნიშნული კომპანია დეპუტატის კუთვნილებას წარმოადგენს.

- თუკი პარლამენტის მოქმედი დეპუტატი სამშენებლო კომპანიას ფლობს და სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს, ეს კანონდარღვევაა. თუკი საკითხს კანონდარღვევის კუთხით არ შევხედავთ, მაშინ ასლან თავდგირიძის მიმდინარე მშენებლობის პროცესში ყოფნა პირდაპირ მიუთითებს, რომ ადგილი გვაქვს პარლამენტარისთვის ფულის შეწერასთან. ადამიანებს, რომლებსაც წარსულში სამშენებლო ბიზნესი ჰქონდათ და ცემენტის ჭყეპვის გამო მოხვდნენ საქართველოს პარლამენტში, საქართველოს პრეზიდენტი აიძულებს, რომ რაღაც-რაღაცეები აკეთონ. თუკი გარემოებები რამენაირად მიუთითებს, რომ მოქმედი დეპუტატი კავშირშია სამშენებლო კომპანიასთან, უნდა ვივარაუდოთ, რომ სახელმწიფო-საბიუჯეტო სახსრები არ იხარჯება აღნიშნული რესტავრაციისთვის და თანხას ხარჯავს დეპუტატი, რომელიც თქვენ დაასახელეთ.

 

რა ინფორმაცია გაგაჩნიათ შპს ხინოს შესახებ? ხომ არ იცით, ვინ არიან მისი მოწილეები?

- აღნიშნული კომპანიის შესახებ მსმენია, თუმცა კონკრეტულად ვერ გეტყვით, ვინ არიან მისი დამფუძნებლები. მე ვადასტურებ იმას, რომ ის ადამიანები, რომლებიც სამშენებლო ბიზნესით მივიდნენ საქართველოს პარლამენტში და დღეს თუ რაიმე მშენებლობას აწარმოებენ, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან არავითარი თანხები არ იხარჯება და საქმე გვაქვს შეწერილ თანხებთან.

 

ბატონი ასლან თავდგირიძე ასეთი პარლამენტარების რიგშია?

- თუკი ასლან თავდგირიძე ეროვნული ბანკის ყოფილი შენობის რესტავრაციას აკეთებს, უნდა ნიშნავდეს, რომ ეს არის პირადად ასლან თავდგირიძის ფული და არავითარი საბიუჯეტო სახსრები არ იხარჯება. საქართველოს პარლამენტში არ შეიძლება მოხვდეს ადამიანი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, რა არის დღევანდელი პოლიტიკა და რა არის პერსპექტივები ქართული სახელმწიფოსი. მშენებელს აქვს თავისი პროფესია და თავისი დანიშნულება, მაგრამ თუ პარლამენტის წევრი გახდა, მაშინ მიხეილ სააკაშვილი აიძულებს მას, რომ დახარჯოს საკუთარი ფული. ეს არის დღევანდელი ხელისუფლების მიდგომა ქართული ბიზნესისადმი და საბიუჯეტო პროცესის მიმართ.

 

როგორც ჩანს, დეპუტატის დამოკიდებულება ბათუმში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართ, მხოლოდ და მხოლოდ პროფესიული ინტერესიდან გამომდინარე არ უნდა იყოს. გულუბრყვილო არავინაა, მაგრამ შექმნილ ვითარებაში სამართლიანი ის იქნება, პოლიტიკური ნება გაჩნდეს და პარლამენტში კოლეგის ბიოგრაფიის აქამდე „უცნობი“ დეტალებითაც დაინტერესდნენ. ეს კარგი მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობისა და მმართველი პარტიის ჩემს მიერ თავიდანვე მოწონებული დეკლარირებული პრინციპების შესრულებისთვის იქნებოდა სასარგებლო.

 

მანამდე, აჭარა „გიგანტურ საათს“ დაელოდება. რეგიონში უკვე დაიწყო „დედაენის კოშკის“ მშენებლობაც. უახლოეს ხანში დაიწყება ბათუმის ფუნიკულიორის მშენებლობაც ფერიის მთაზე. მიმდინარეობს მოლაპარაკება „დოპელმაიერთან“, რომ ფუნიკულიროზე საბაგირო გზა ავიდეს. ბათუმს ექნება ფუნიკულიორი და ანძა, რომლზეც ქართული ანბანი იქნება ამოტვიფრული. როგორც გვითხრეს, „დედაენის კოშკი“ 125-130 მეტრი სიმაღლის იქნება, შემინული, სადაც დამონტაჟდება ლიფტი და შენობაში განთავსდება რესტორნები და კაფე-ბარები. ბათუმის ქუჩებში, სიამტკბილობით გადაადგილდებიან სიყვარულის ქანდაკებები, თანამედროვე ალი და ნინო. მათი ბუნიობა აჭარის მცხოვრებლებს 2 მილიონ 700 ათასი ლარი დაუჯდა. უცნობია, რა დაჯდება „დედაენის კოშკი“ და ფერიის „მეორე მთაწმინდა“.

 

ცხადია, ბევრი. ოფიციოზი ამბობს, რომ ასეთი გრანდიოზული პროექტების განხორციელება რეგიონში ტურისტების რაოდენობას კიდევ უფრო გაზრდის. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით კი, 2010 წელს აჭარაში ჩასულ უცხოელ ტურისტებს შორის თურქები ჭარბობდნენ. მათმა რიცხვმა, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 125 946-ს მიაღწია, ვიზიტორთა შემდეგ ნაკადს კი სომხები შეადგენდნენ –96 294, ხოლო აზერბაიჯანელების მონაცემები 40 192-ით განისაზღვრა. აჭარაში ჩასულ უკრაინელთა რიცხვიც გაიზარდა. ბოლო მონაცემით, მათი რაოდენობა 894-ია. აჭარას 229 ირანელიც ეწვია, რაც აჭარაში ჩასულ ირანელთა დღემდე არსებულ მონაცემს აშკარად აღემატება.

 

ვიდრე აჭარლები შიმშილობენ, ბათუმში მილიონები იხარჯება – გიგანტურ საათში, ფალოსის ფორმის კოშკზე რომ კიდია, იმ ქართულ ანბანში და შეყვარებულთა ქანდაკში, რომელიც წრეზე ბრუნავს და „ზასაობს“. ამის სანახავად არათუ ევროპიდან, პარამარიბოდან და კუალა-ლუმპურიდანაც კი ჩამოვლენ.