„თავმოყვარე საზოგადოებამ ოპოზიციას უნდა უთხრას – უკაცრავად, რამე ხომ არ მოგიწევიათ?“

„თავმოყვარე საზოგადოებამ ოპოზიციას უნდა უთხრას – უკაცრავად, რამე ხომ არ მოგიწევიათ?“

2020 წლის საპარლანეტო არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოპოზიციას საპარლამენტო არჩევნები და მიღებული შედეგები არ აინტერესებს. მათი მთავარი მიზანი პროცესების რადიკალიზაცია და ხელისუფლების ცვლილება არის, მაგრამ არა არჩევნების გზით, არამედ რევოლუციური სცენარით. ოპოზიცია ახლა ახალ მოთხოვნას აყენებს, თუ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს, რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს.

პარლამენტის პირველი ვიცე–სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, უნდა დაინიშნოს თუ არა რიგგარეშე არჩევნები, ამას საფუძველი სჭირდება, რომელსაც დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნის ან ნებისმიერი კომისია, რომელიც კომპეტენტურ პასუხს დადებს.

„რიგგარეშე არჩევნების დაკავშირება თვითმმართველობის არჩევნების შედეგებთან, სამართლებრივად ჩამოყალიბებული წინადადება არ არის. მიმაჩნია, რომ ყველა წინადადება განხილული უნდა იყოს, მაგრამ იმაზე უარის თქმა, რომ ეს გადაწყვეტილება კომისიამ გამოიტანოს, ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტის სულ სხვა მოტივებზე მიანიშნებს. ოპოზიციურ პარტიებს კომპეტენტური პასუხები უნდა ჰქონდეთ“, – აცხადებს გია ვოლსკი.

მისი თქმით, ოპოზიციაში შიდა კონსულტაციებს აზრი არ აქვს, რადგან პოლიტიკურ ჯგუფებს სხვადასხვა მისწრაფებები აქვთ. როგორც ვოლსკი აცხადებს, ნაწილს არანაირი არჩევნები საერთოდ არ აინტერესებს. მათ შორის, არც რიგგარეშე არჩევნები.

„მათი მიზანი არის რევოლუციური სცენარის განვითარება. ძირითადად, ეს ძალები „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო არიან შეკრებილნი. მეორე ნაწილია, რომელსაც უნდა, თავისი პოლიტიკური რესურსი გამოიყენოს და მისი რეალიზაცია მოახდინოს პარლამენტში, მაგრამ გარკვეული შიში აქვთ და თავი ვერ დააღწიეს „ნაცმოძრაობის“ იმ მარწუხებს, რომელიც თავიდანვე შეიქმნა ერთობლივ ფორმატში. მხედველობაში მაქვს, ნათელაშვილის ეზოში მოლაპარაკებების ფორმატი. მათი მხრიდან გადამჭრელი ნაბიჯებია საჭირო. თუ ვინმეს არჩევნების სამართლიან ჩატარებაში ეჭვი ეპარება, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს გადახედოს. თუ ამის მიუხედავად სიმართლეში ვერ დარწმუნდებიან, საპარლამენტო კომისიის მუშაობაში ჩაერთონ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, 14 იანვარს იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ოპოზიცია ახალ არჩევნებს მოითხოვს მაშინ, თუ ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს მოიგებს. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ თუ ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნებს არ დანიშნავს, ისინი მონაწილოებას არ მიიღებენ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში.

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიიღოს. მისი თქმით, როცა მეორე ტური ჩააგდეს და „ქართულ ოცნებას“ გადაულოცეს მანდატები, უკვე ჩანდა, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ შევიდოდა. ისინი ალბათ გააგრძელებენ პარლამენტის გარეთ ბრძოლას და 2021 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის დაიწყებენ მზადებას.

„გულახდილად რომ ვთქვათ, ეს საარჩევნო სისტემა არ იყო ძალიან ცუდი, რადგან შეთანხმებული იყო ეუთოსთან და მეტ-ნაკლებად მომუშავე მექანიზმია, თუ ხელისუფლება არ გააყალბებს არჩევნებს, არ იქნება მოსყიდვა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში ჩარევა.

თუ ოპოზიცია მზადაა არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, მეტი სანდო ადამიანი უნდა ჰყავდეთ, ღირსეული ადამიანები, რომლებიც არ გაიყიდებიან. თუ ისინი ბოიკოტს გააგრძელებენ და მომავალ არჩევნებშიც არ მიიღებს მონაწილეობას, ეს იქნება სრული კატასტროფა. ამიტომ, რევოლუციურ სცენარზე მუშაობას ოპოზიციას მომავალი არჩევნებისთვის მომზადება უნდა ერჩიოს“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ანალიტიკოს სოსო მანჯავიძის შეფასებით, ოპოზიციას აღებული აქვს გეზი რევოლუციისკენ. მისი თქმით, ჩვენ გვყავს ოპოზიცია, რომელიც უნიკალურია თვისი როგორც შემადგენლობით, ასევე უტიფრობით.

„ისეთი გარემო აქვთ შექმნილი, რომ რაიმე ტიპის პოზიტიური, კონსტრუქციული იდეების და განწყობების შემოტანა მიუღებლად ითვლება. მარტო ამ ე.წ. ტელევიზიებში სხედან და გესლს ანთხევენ. სექტად ჩამოყალიბდნენ, საოცრებაა, დადიან ამ შეშლილ გვარამიასთან თავის ელისო კილაძიანად... მე ვერ განვიხილავ ამათ როგორ ნორმალურ ადამიანებს. საოცრებაა რაც ჩვენ გვჭირს. აქედან გამომდინარე, რაზე ვლაპარაკობთ, საერთოდ ბოდვა არის ეს ოპოზიციური სისტემა.

რაც შეეხება პოლიტიკურ შინაარსს, შევლენ თუ არა პარლამენტში, კომედიაა საერთოდ. ეხვეწებიან, რომ გავხსნათ უბნები, შევამოწმოთ, თუ 1%–ანი გადაცდომა იქნება, მაშინ ხელახლა დავნიშნოთ ხელახალი არჩევნებიო, ხოლო ესენი უარზე არიან და მაინც იძახიან, რომ გაყალბდაო.

ასეთი ტიპის აბსურდს რომ ითხოვს ეს ხალხი, რომელიც თავს პოლიტიკურ ოპოზიციას უწოდებს, ამის მერე თავმოყვარე საზოგადოებამ ამათ უნდა უთხრას – უკაცრავად, რაშია საქმე, რამე ხომ არ მოგიწევიათ?

როდესაც შესთავაზეს, რომელ უბანზე გაქვთ ეჭვი, გამოვიტანოთ, გადავთვალოთო, ამის არგუმენტად თქვეს - ეს რამდენი ხანი გაგრძელდებაო. ამ პოლიტიკურ მარაზმში ვართ და ქვეყანა ვერ ვითარდება“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.

„სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე ამბობს, რომ თუ ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, ნუ მიიღებს. თუმცა მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია კონკურენციის პირობებში ბევრი პარტიები იყოს საარჩევნო ბიულეტენში.

„თუ გადავხედავთ წინა თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს, ვნახავთ, რომ გარდა თიანეთისა და ოზურგეთისა ოპოზიციას სერიოზული შედეგი არ უჩვენებია. ერთადერთი, სადაც ოპოზიციას შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ხელისუფლებას, ეს არის სწორედ პროპორციული არჩევნები, სადაც ასევე მაღალი 4%–აინი ბარიერი არის და შესაძლოა ოპოზიციის მოთხოვნა უკავშირდებოდეს იმას, რომ ბარიერი დაიწიოს და მერე ჰქონდეს ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობას აზრი.

ოპოზიციის სწორედ ის რადიკალური ნაწილი, რომელიც არ შედის პარლამენტში, ახმოვანებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. იქნება თუ არა რიგგარეშე არჩევნები, ეს რა შუაშია თვითმმართველობის არჩევნებთან? თვითმმართველობა არის ცალკე არჩევნები, რომელსაც ცალკე რეგულაციები, კანონმდებლობა და განსხვავებული საარჩევნო სისტემა აქვს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ლადო ბოჟაძემ.