სკანდალი 13 წლის შემდეგ - რაში დასჭირდა „უცნობს“ სააკაშვილთან გარიგების აღიარება

სკანდალი 13 წლის შემდეგ - რაში დასჭირდა „უცნობს“ სააკაშვილთან გარიგების აღიარება

13 წლის შემდეგ მომღერალი გია გაჩეჩილაძე იგივე „უცნობი" სკანდალურ განცხადებას ავრცელებს. ამბობს, რომ 2008 წლის იანვარში „ნაცმოძრაობის" წინააღმდეგ გამართული ოპოზიციის მასშტაბური აქცია, რომლითაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ, სააკაშვილთან გარიგების შემდეგ დაშალა. რაში აწყობდა ამდენი ხმის შემდეგ გაჩეჩილაძეს ამ განცხადების გაკეთება და რა მოყვება ამას?

2008 წლის 23 იანვარს, სააკაშვილის ინაუგურაციის პარალელურად, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო მოსახლეობა და პოლიტიკოსები თბილისში იპოდრომის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ. გაჩეჩილაძე იხსნებს, რომ სააკაშვილი მას ერთ-ერთი მეგობრის დახმარებით დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა.

„ავედით სააკაშვილთან მე და ბიძინა გეგიძე. რომ ავედით, ისხდნენ სააკაშვილი, გივი თარგამაძე, ნიკა რურუა და ა.შ. მთხოვდა - რა გავაკეთო, ოღონდ, ახლა შენ გაჩერდიო, პირდაპირ სიტყვებს გეუბნები, მეტს აღარ ვიზამო, რაც მოხდა, მასეთი აღარ ვიქნებიო.

„მე ვუთხარი, არ გიჯერებ-მეთქი, მომეცი მთელ საქართველოზე სიხშირე-მეთქი, ტელევიზია გამაკეთებინე-მეთქი და კი, ბატონოო, წაიღეო, როგორც კი ეს ამბავი (დასრულდებაო). უბრალოდ, კენია ხო არ ვართო, მილიონი სტუმარი ჩამოდის ინაუგურაციაზეო, ავტეხოთ ახლა სისხლისღვრა, ხომ იცი, შეგვიძლიაო და ისეო, რომ თან არავინ გააშუქებსო.

„კარგი, მომეცი-მეთქი (სიხშირე), სხვა რა გზა მქონდა. გამორიცხული იყო, რომ ის ხალხი სისხლის ღვრაზე წამეყვანა და წაგვეყვანა... ინაუგურაცია ჩაატარა თუ არა, გადამაგდო მეორე დღესვე", - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ „პალიტრანიუსის" ეთერში.

როგორც პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, მისთვის გაუგებარია თუ ამ განცხადების გაკეთება 13 წლის შემდეგ რა საჭირო იყო. მით უმეტეს, თუ აქციის დაშლის ერთ-ერთი მთავარი მოტივი, სისხლისღვრისგან თავის არიდება, მაშინაც გაჟღერებული იყო.

„ამაზე გოგა ხაინდრავას კომენტარია. გოგა იძახის, რომ რაში სჭირდებოდა გაუგებარიაო და საერთოდ მაგას ვინ ეკითხებოდაო. მაგას ვინ ეკითხებოდა მასეც არაა, მაშინ გია გაჩეჩილაძე ძალიან პოპულარული იყო, მაგრამ, მეორეს მხრივ, გადაწყვეტილებებს მართლაც საბჭო იღებდა. მახსოვს მაშინაც ითქვა, რომ დაშლის თაობაზე მათი გადაწყვეტილების ძირითადი მოტივი სწორედ სისხლისღვრისგან და ფიზიკური კონფრონტაციისგან თავის არიდება იყო. მაშინაც გაიჟღერა მაგ მოტივმა და ახლაც გაჩეჩილაძე მაგ მოტივზე საუბრობს.

„ტელევიზია მინდა, არმინდა და საერთოდ ასეთი გაცვლის სურათის შექმნა რაში დასჭირდა, სრულიად გაუგებარია, იმიტომ, რომ ეს მოტივი, რომ სისხლისღვრა არ მომდარიყო, მოსახლეობის დაშლის სრულიად საკმარისი და ლოგიკური მოტივი იყო. რაც მთავარია, იმ დროს ამ მოტივის ლოგიკა თვითონ მოსახლეობას ძალიან კარგად ესმოდა.

„გაჩეჩილაძეს არც მერე ულაპარაკია მომეცით დაპირებული ტელევიზიაო. ამიტომ შესაძლოა ეს სიტყვის მასალა იყო, ან სერიოზულად ან ხუმრობით ნათქვამი. ანუ შეიძლება გაჩეჩილაძის მხრიდან იმის სურვილი იყო, რომ რაიმე ხელსაყრელი პირობა შეექმნა იმისთვის, რომ აგრესია ჩაეწყნარებინა და შესაძლოა ეგ როლი ითამაშა, რომ ტელევიზია მინდოდაო, იმიტომ, რომ გაჩეჩილაძეს, როცა მიშა წავიდა, არც მერე არ გამოუვლენია ტელევიზიის დასაკუთრების სურვილი, მაშინ, როდესაც გარშემო უამრავი ტელევიზია შეიქმნა. დღეს უკვე ტელევიზიის შექმნა არანაირი პრობლემა არაა.

„იმან, რომ სისხლისღვრა ყველაფერს გააფუჭებდა, ამ იდეამ თავად ხალხში იპოვა მხარდაჭერა და ხალხი თვითონ არ წავიდა ამაზე, თორემ ვერც გია და ვერც იმდროინდელი სხვა ლიდერები ხალხს წინ ვერ აღუდგებოდნენ. არაერთხელ გვინახავს, რომ ხალხს უკვე თავის ინერცია აქვს და ლიდერებსაც აღარ უჯერებს, თუ უფრო მიზანშეწონილად მიაჩნია რაღაცის გაკეთება, რასაც ლიდერი არ ეთანხმება.

„ძალიან ხშირადაა ხოლმე, რომ მოლაპარაკებების დროს მხარეებს თემა სერიოზულად არ აქვს ხოლმე აღქმული. შესაძლოა უთხრა - რა გინდაო და ამან - ტელევიზიაო, მაგრამ რამდენად სერიოზული იყო ეს ფრაზები და თამაში იყო თუ რეალობა, ეს კაცმა არ იცის. მაგრამ ფაქტია, რომ თუ გია გაჩეჩილაძეს ეს სურვილი, თუ მას რეალურად ჰქონდა, მერე არსად აღარ გამოჩენილა. ამიტომ მგონია, რომ აქ სერიოზულ მოვლენასთან საქმე არ გვქონდა, არც იმ მომენტში და მით უმეტეს არ ახლა, იმ მომენტის გახსენების დროს.

„ხაინდრავაც მაგას ამბობს - ახლა რაში აწყობდა ამ განცხადების გაკეთებაო და მეც არ მესმის რაში აწყობდა, იმიტომ, რომ მარტო იმ მოტივის ხსენება, რომ სისხლისღვრას მოერიდა, სრულიად საკმარისი იყო. გაუგებარია ამ ტელევიზიის ამოტივტივება რა სალაპარაკო თემა იყო, მით უმეტეს, როცა დღევანდელ პოლიტიკურ სურათს ეს არაფერს არ მატებს და გია და ლევან გაჩეჩილაძეებს უკვე ძალიან ცუდ სამსახურს უწევს. ეს სააკაშვილს რომ ეთქვა, კიდევ გასაგებია, მაგრამ ადამიანმა თავისი თავის დისკრედიტაცია გააკეთოს, ცოტა გაუგებარია", - განაცხადა საყვარელიძემ.