ენგურჰესი ვადაზე ადრე გაჩერდება - რა დანაკლისს მიიღებს საქართველოს ენერგოსისტემა?

ენგურჰესი ვადაზე ადრე გაჩერდება - რა დანაკლისს მიიღებს საქართველოს ენერგოსისტემა?

საქართველოში ყველაზე დიდი ჰესი სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის გამო 20 იანვრიდან 3 თვით გაჩერდება. ქვეყნის უმსხვილეს ჰიდროელექტროსადგურზე, რომელიც მე-20 საუკუნის 70-იან წლებში ამოქმედდა, კომპლექსური სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლოს 15 წლის წინ განხორციელდა.

სადგურის უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის აუცილებელი გახდა მისი დროებითი გაჩერება. ამისთვის ოპტიმალური პერიოდი შეირჩა, როდესაც „ენგურჰესში“ წყლის რესურსი მინიმალურია - ამავე დროს, პროექტი მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, 24-საათიანი სამუშაო რეჟიმით განხორციელდება, რათა სადგური ექსპლუატაციაში 2021 წლის 1-ლი მაისს გაეშვას.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სარეაბილიტაციო პროექტში გამარჯვებული გერმანული, ქართული და თურქული კომპანიების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს დეტალური ინფორმაცია უკვე განხორციელებული მოსამზადებელი და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ. რეაბილიტაციის პროექტის სრული ღირებულება 45 მლნ ევროა, საიდანაც 7 მლნ ევრო ევროკომისიის გრანტია, 38 მლნ ევრო კი - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საფინანსო რესურსი.

„ენგურჰესი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი და იაფი ენერგიის წყაროა, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა მე-20 საუკუნის 70-იან წლებში. მისი უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის პერიოდულად აუცილებელია სადგურზე სარეაბილიტაციო - სარემონტო სამუშაოების ჩატარება. ამჯერად განხორციელდება საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები - ესაა გვირაბის ცემენტაცია, დალექილი ლამის გამოტანა, ელექტრომექანიკური ნაწილების შეკეთება -რეაბილიტაცია, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს იმას, რომ სადგურის მიერ წყლის დანაკარგი შემცირდება, ელექტროსადგურის გამომუშავება კი მოიმატებს“, - განაცხადა მინისტრმა ნათია თურნავამ.

ენგურჰესზე სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში განხორციელდება. რაც შეეხება ვარდნილჰესს, როგორც ენგურჰესის დირექტორმა ლევან მებონიამ განაცხადა, ვარდნილჰესი ამ პერიოდში მისი სრული სიმძლავრის ოთხნახევარჯერ ნაკლები ელექტროენერგიის გამომუშავებას შეძლებს.

„ენგურჰესი უნდა გაჩერებულიყო თებერვალში, თუმცა რომ არ დაგვეკარგა უხვწყლიანი თვე, თარიღი გადმოვწიეთ და გეგმის მიხედვით 20 იანვრიდან 1-ლი მაისის ჩათვლით მოხდება სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაცია. რაც შეეხება „ვარდნილჰესს“, ის გააგრძელებს ფუნქციობას, თუმცა შეზღუდული სიმძლავრით.

რეაბილიტაციის დროს მდინარე ენგურის ძველი კალაპოტიდან შეიძლება წყლის გადაგდება „ვარდნილჰესში“. მისი მაქსიმალური გამტარობა არის 100 კუბური მეტრი, რაც დაახლოებით 45 მეგავატის შესაბამისია. ეს არის თითქმის ოთხნახევარჯერ ნაკლები სრულ სიმძლავრეზე, მაგრამ თებერვალ-მარტში ამდენი წყალიც არ იქნება, ველოდებით, რომ იმუშავებს სადღაც 15-20 მეგავატის ფარგლებში. აპრილში კი, 40-45 მეგავატით დაიტვირთება“, - განაცხადა „ბიპიენთან“ მებონიამ.

ენგურჰესის რეაბილიტაციის პროექტი ევრობანკისა და ევროკავშირის მხარდაჭერით უკვე მიმდინარეობს და გვირაბის რეაბილიტაციაც, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მოხდება.

საერთო ჯამში ქვეყანას ამ 3 თვის განმავლობაში 400 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია დააკლდება. უფრო კონკრეტულად, თებერვალი-მარტი-აპრილის პერიოდში „ენგურჰესი“ ყოველთვიურად დაახლოებით 100-დან 150 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. მაგალითად, 2020 წელს ამ 3 თვეში „ენგურმა“ 391,6 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც ჰესების მიერ მთლიანი გენერაციის 20,2%-ია. შარშან თებერვლიდან აპრილის ჩათვლით საქართველოს ჰესებმა სულ 1937.7 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს.

თუ „ენგურჰესის“ დანაკლისს 4,5-ჯერ შემცირებულ „ვარდნილჰესის“ მაჩვენებელს მივუმატებთ, გამოვა, რომ 2021 წლის თებერვლიდან-აპრილის ჩათვლით მთლიანად ქვეყანას საშუალოდ 415-418 მლნ კვტ/სთ დააკლდება.