ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმეს საქალაქო სასამართლოში შეიტანს.
საქმე ეხება მოქალაქეობის ჩამორთმევის დროს პრეზიდენტის მხრიდან ეკატერინა ხვედელიძისთვის მიყენებულ ზიანს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ადვოკატმა სანდრო ბარამიძემ განაცხადა, ეკატერინე ხვედელიძე მიყენებული ზიანის სანაცვლოდ პრეზიდენტისგან კომპენსაციას მოითხოვს.
"ეკატერინე ხვედელიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში უახლოეს დღეებში აპირებს შეიტანოს სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის, რომელიც მას მიადგა. პრეზიდენტმა თავისი ბრძანებულებით დაარღვია და შეიჭრა ეკატერინა ხვედელიძის კერძო ცხოვრებაში. სადავო არ უნდა იყოს, რომ როდესაც გართმევენ მოქალაქეობას იმ ქვეყნისას სადაც დაიბადე, რომელთანაც გაქვს კავშირი როგორც სისხლით ისე ნიადაგით, სადაც გაქვს საცხოვრებელი, სადაც გყავს ოჯახი, სადაც საქმიანობ, ამ ქვეყანასთან თვითნებურად კავშირის გწყვეტით ადამიანს შეიძლება მიადგეს ზიანი, ემოციური ტკივილი, სულიერი განცდები, ტანჯვა და ა.შ.
სწორედ ამგვარი ზიანი მიადგა ეკატერინა ხვედელიძეს პრეზიდენტის აწ უკვე უკანონოდ ცნობილი ბრძანებულებით და ეკატერინე ხვედელიძე სრულიად სამართლიანად მოითხოვს ამ მიყენებული სულიერი ტკივილისთვის და ტანჯვისთვის მორალური ზიანის ანაზღაურებას", - განაცხადა ბარამიძემ.
მისი თქმით, კომპენსაციის რაოდენობას, რომელსაც ეკატერინა ხვედელიძე მოითხოვს, ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის.
"მორალური ზიანი არასდროს შეიძლება გაიზომებოდეს ზუსტად. ეს ყოველთვის არის დამოკიდებული პირზე, თუ როგორ მიიჩნევს იგი რა იქნებოდა სამართლიანი კონპენსაცია იმ ტკივილისთვის, რომელიც მან განიცადა. აქედან გამომდინარე, თანხაზე ჩვენ ჯერ-ჯერობით არ ვართ ჩამოყალიბებულები. არამგონია ამას ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა. აქ არის მთავარი პრინციპი. ბოლოსდაბოლოს საქართველოს საჯარო ხელისუფლების ორგანოებმა, მათ შორის პრეზიდენტმა უნდა იცოდეს და პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს თითოეულ აქტს, ბრძანებულებას, რომელსაც ის განახორციელებს ან გამოსცემს. არ შეიძლება ადამიანების ბედით და მათი სულიერი განცდებით თამაში", - განაცხადა ბარამიძემ.