საქართველოზე გამავალი დასავლური „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ბოლო რგოლი დაგეგმილ ვადაში, 2020 წლის 31 დეკემბერს დასრულდა. ეს იყო ევროკავშირის საქართველოზე გამავალი უმნიშვნელოვანესი „დერეფნის“ ბოლო პროექტის - „ტრანსადრიატიკული გაზსადენის“ (TAP) მოსამზადებელი ფაზა და დაიწყო ევროპაში მილსადენით აზერბაიჯანული „შაჰ-დენიზის“ გაზის, რუსული „გაზპრომის“ ალტერნატიული, კომერციული მიწოდება. სწორედ ამ მიზნის საწინააღმდეგოდ იგეგმებოდა რფ-ს ენერგეტიკული პოლიტიკა ბოლო 30 წლის განმავლობაში, და სავარაუდოდ, ყარაბაღის კონფლიქტის შემდგომი „თურანის ჭიშკარის“ პოპულარიზაციაც სწორედ საქართველოზე გამავალი ენერგოდერეფნის საწინააღმდეგოდ იქნება მიმართული.
გასულ, 2020 წელს საქართველომ ამბიციური მიზანი დაისახა - 2024 წლისთვის ქვეყანა ევროკავშირის წევრობაზე გააკეთებს განაცხადს. ამ დიადი მიზნის მისაღწევად მხოლოდ ქართული მხარის სურვილი არაა საკმარისი. საჭიროა ევროკავშირის მხრიდანაც გადმოიდგას შემხვედრი ნაბიჯები, რისთვისაც ბრიუსელი უნდა დაინტერესდეს იმ გეოეკონომიკური უპირატესობებით, რასაც საქართველო კავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუტანს.
ერთ-ერთი ასეთი უპირატესობაა აზერბაიჯანსა და საქართველოზე გამავალი „ევროკავშირის სამხრეთის გაზის დერეფნის“ (მეორენაირად მას „ევროპის მეოთხე დერეფანსაც“ უწოდებენ) გამოყენება ევროკავშირის ბუნებრივი აირის ბაზრის დემონოპოლიზაციისთვის. არანაკლებ აქტუალურია ასევე ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად ჩამოყალიბებული ახალი გეოპოლიტიკური რეალობის განხილვა და ზოგიერთი ექსპერტისა და მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციის კრიტიკული ანალიზი ბაქო - ნახჩევანის მარშრუტის, ანუ „თურანის ჭიშკარის“, საქართველო - ევროკავშირის კასპიის ნახშირწყალბადების დასავლური სატრანზიტო მარშრუტების ალტერნატივად შესაძლო გამოყენების შესახებ.
საქართველოზე აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტი იზრდება
პირდაპირი სამხედრო აგრესიით, 2008 წელს, რუსეთმა ვერ შეძლო „დერეფნის“ პროექტების ჩაშლა. თუმცა, 2013 წელს მან მაინც მოახერხა ჯერ გლობალური, პანევროპული „ნაბუქოს“, ხოლო 2014 წელს ყირიმის ანექსიით – აზერბაიჯანი–საქართველო–უკრაინის მარშრუტის „თეთრი ნაკადის“, ოდესა–ბროდი–პლოცკი–გდანსკის და AGRI (LNG)–ს თხევადი გაზის ტანკერებით ევროპისკენ ტრანსპორტირების პროექტების შეფერხება.
რუსეთის მიერ 2014 წლის მარტში ყირიმის ანექსიის და 2014 წლის ნოემბრის ბოლოს ოკუპირებულ აფხაზეთის ე. წ. მთავრობასთან „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების“ გაფორმების შედეგად, უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ევროკავშირის „სამხრეთის გაზის დერეფნის“ სხვა პროექტებიც. კერძოდ ისინი, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტისათვის გამოყენებას გულისხმობდნენ. ევროპულ „დერეფანს“ დასავლეთი „ერთ მუშტად“ უნდა შეეკრა და ის რუსულ ენერგომატარებლებზე საბედისწერო დამოკიდებულებისაგან ეხსნა, მაგრამ რუსეთის მიერ ყირიმის და აფხაზეთის ფაქტობრივი ანექსიით, იმ წლებში საფრთხე სწორედ „დერეფანს“ შეექმნა. როგორ იქმნებოდა დერეფანი?
ევროკავშირის შემხვედრი ნაბიჯები
რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ევროპის ენერგობაზარზე რუსეთი თავის „ენერგეტიკულ იარაღს“ საქართველოში შემოჭრაზე კრიტიკის შესამცირებლადაც იყენებდა. ამიტომ თავიდან, 2008 წლის ნოემბერში ბრიუსელმა „ევროკავშირის მეორე ენერგორევიუ – ენერგოუსაფრთხოებისა და სოლიდარობის სამოქმედო გეგმა“ დაამტკიცა. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ შეიქმნა ევროკავშირის წევრი ქვეყნების, დეკარბონიზებული, ურთიერთდაკავშირებული მილსადენების სისტემა, ე. წ. „ტრანსევროპული ქსელი“ (TEN). ამავე დროს, განისაზღვრა წევრი ქვეყნების „თამაშის საერთო წესები“ ენერგოპროექტების ირგვლივ მესამე მხარესთან მოლაპარაკებებში, ანუ შეიქმნა „საერთო ინტერესების პროექტების“ (PCI) ისეთი მექანიზმი, რომელიც წევრ ქვეყნებს ბრიუსელთან შეუთანხმებლად უკრძალავს ენერგომომარაგებისა და ტრანზიტის ხელშეკრულებების გაფორმებას.
მეორე მძლავრი ნაბიჯი ბრიუსელმა ამ მიმართულებით, 2009 წლის 8 მაისს, ევროკავშირის პრაღის სამიტზე გადადგა. კერძოდ, სამიტზე მიიღეს ისტორიული დოკუმენტი „სამხრეთის დერეფანი – ახალი აბრეშუმის გზა“ (სხვათა შორის, ეს ტერმინი პირველად არა ქ. ასტანაში იქნა 2013 წელს ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის მიერ გამოყენებული როგორც საყოველთაოდაა მიჩნეული, არამედ ის პირველად სწორედ პრაღაში, ასტანამდე 4 წლით ადრე გაჟღერდა), რომელშიც კასპიისპირეთისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ერთად, საქართველოც მოიაზრებოდა. ამ დოკუმენტით განისაზღვრა 3500 კმ სიგრძის, 40 მლრდ დოლარის ღირებულების, „ევროკავშირის სამხრეთის გაზის დერეფნის“ (EU SGC) ოთხი სტრატეგიული პროექტი: „სამხრეთკავკასიური გაზსადენი“ (SCP), რომელსაც მოგვიანებით ეწოდა „სამხრეთკავკასიური გაძლიერებული გაზსადენი“ (SCPX), „ინტერკონექტორი თურქეთი–საბერძნეთი–იტალია“ (ITGI), „ტრანსადრიატიული გაზსადენი“ (TAP) და “თეთრი ნაკადი“ (White Stream). სწორედ ეს უკანასკნელი პროექტი დაზარალდა ყველაზე მეტად მოგვიანებით, ყირიმის და აფხაზეთის ანექსიის შედეგად, რადგან ის საქართველო – უკრაინა (ყირიმი) – რუმინეთის მარშრუტს გულისხმობდა და ევროკავშირისთვისაც, სხვა პროექტებთან შედარებით, უფრო მომგებიანი იყო, ვინაიდან ის ზღუდავდა თურქეთის „სატრანზიტო ამბიციებს“ და ანკარას ბრიუსელზე ზეწოლის ბერკეტებს ასუსტებდა. ასევე, რუსული „გაზპრომის“ ზეწოლის შედეგად სახეცვლილება განიცადა ინტერკონექტორმა ITGI-მაც - მის მაგივრად თურქეთმა და ევროკავშირმა „ტრანსანატოლიური“ და „ტრანსადრიატიკული“ გაზსადენები დააპროექტეს.
ზემოაღნიშნული ცვლილებების შედეგად “დერეფნის“ დარჩენილი სამი პროექტი გულისხმობდა: „შაჰდენიზის“ გაზის აზერბაიჯანი - საქართველო - თურქეთზე გამავალ „სამხრეთკავკასიურ გაძლიერებულ გაზსადენს“ (SCPX - ამოქმედდა 2007 წლიდან), თურქეთის ტერიტორიაზე აგებულ „ტრანსანატოლიურ გაზსადენს“ (TANAP – ამოქმედდა 2018 წლის ზაფხულიდან) და თურქეთი - საბერძნეთი - ალბანეთი - იტალიის დამაკავშირებელ „ტრანსადრიატიკულ გაზსადენს“ (TAP - ამოქმედდა 2020 წლის 31 დეკემბრიდან), ევროპაში ე.წ. მეოთხე ანუ „სამხრეთის გაზის დერეფნით“ რუსულის ალტერნატიული, აზერბაიჯანული მილსადენის გაზის მიწოდებას. ბუნებრივია, ევროკავშირი ამ მეოთხე დერეფნიდან შეივსებს პირველი დერეფნიდან, ანუ „ჩრდილოეთის ზღვის“ ამოწურული გაზის საბადოებიდან, და მეორე დერეფნიდან, ანუ ჩრდილოეთ აფრიკიდან „არაბული გაზაფხულის“ შედეგად განადგურებული გაზის ინფრასტრუქტურის დანაკლისს. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, ევროკავშირის სამხრეთ-აღმოსავლეთი და ცენტრალური რეგიონების წევრ ქვეყნებში შეიზღუდება მესამე დერეფნის, ანუ „გაზპრომის“ კონტროლირებადი, 6 გაზსადენის მონოპოლიური მდგომარეობა და ევროპის ეს რეგიონები დივერსიფიცირებული გაზმომარაგების ალტერნატიულ წყაროს მიიღებენ.
„შაჰ-დენიზი-2“ გაზის დასავლური მარშრუტის მთავარი წყაროა
„დერეფნის“ პროექტების დამტკიცებამდე ევროკავშირი გაზმომარაგების დემონოპოლიზაციის მთავარ საშუალებად პანევროპულ „ნაბუქოს“ პროექტს მიიჩნევდა. მისი შევსება თავდაპირველად ირანიდან იგეგმებოდა, მაგრამ 2003 წელს ევროკავშირსა და ირანს შორის ურთიერთობის დაძაბვის შემდეგ, ამ პროექტის წყაროდ უკვე ცენტრალური აზიიდან აზერბაიჯანში მიყვანილი „ტრანსკასპიური გაზსადენი“ უნდა გამხდარიყო. რუსეთისა და ირანის დესტრუქციული ქმედებების შედეგად ეს წყაროც გამოირიცხა და „დერეფნის“ შემავსებლად უკვე აზერბაიჯანული გაზი იქნა მიჩნეული. ეს წყარო სათავეს იღებს კაპიის ოფშორული „შაჰ-დენიზის“ საბადოდან. „შაჰ დენიზის“ კონსორციუმში კი „გაზპრომი“არაა წარმოდგენილი. მისი აქციონერებია: ბრიტანული BP Exploration (Shah Deniz) Limited (28.8%), თურქული TPAO (19.0%), აზერბაიჯანული SOCAR (16.7%), მალაიზიური PETRONAS (15.5%), რუსული LUKOIL (10.0%) და ირანული NICO (10.0%). მნიშვნელოვანია, რომ TAP - ის ექვს აქციონერს - აზერბაიჯანულ SOCAR (20%), ბრიტანულ BP (20%), იტალიურ Snam (20%), ესპანურ Enagas (16%), ბელგიურ Fluxys (19%) და შვეიცარიულ Axpo (5%)-ს, შორის ორი: SOCAR და BP – „შაჰ დენიზის“ კონსორციუმში არიან წარმოდგენილნი, ხოლო ოთხი - ევროპული კომპანიაა, რაც გამორიცხავს ინტერესთა კონფლიქტს მიმწოდებლებსა და გამანაწილებლებს შორის.
„შაჰ დენიზის“ ველი დაახლოებით 860 კვ. კილომეტრია; საბადო აღმოაჩინეს 1999 წელს - თავდაპირველად მარაგები შეადგენდა დაახლოებით 1 ტრილიონი კუბ.მეტრ გაზს და 2 მლრდ ბარელ კონდენსატს. დღეისათვის ამ საბადოზე მოპოვებულია 130 მლრდ კუბ. მეტრზე მეტი გაზი და 31 მლნ ტონაზე მეტი კონდენსატი.
„შაჰ დენიზის“ პირველი ფაზის ათვისება 2006 წელს დაიწყო და წელიწადში ის 10 მლრდ კუბ. მეტრზე მეტ გაზს აწვდიდა აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს. 2021 წელს „შაჰ დენიზის“ საბადოს მეორე ფაზიდან დაემატება კიდევ 16 მლრდ კუბ. მეტრი გაზი, რაც მთელს მოპოვებას გაზრდის 26 მლრდ კუბ. მეტრამდე.
ეს დამატებითი 16 მლრდ კუბ. მეტრი გაზი „სამხრეთკავკასიური გაზსადენით“ (SCPX) შემოვა საქართველოში, თურქეთში, საბერძნეთში, ბულგარეთში, ალბანეთსა და იტალიაში. საქართველო, ტრანზიტის საფასურად მიიღებს გატარებული გაზის 5%-ს საერთაშორისოს ნახევარ ფასად და 5%-ს - უფასოდ. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკურის გარდა, „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ამოქმედებას პოლიტიკური ეფექტიც აქვს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა გიორგი გახარიამ ამასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ თუ დღემდე საქართველო განიხილებოდა, როგორც აზერბაიჯანული გაზის თურქეთში და რუსული გაზის სომხეთში გადასაგზავნი ტრანზიტული ქვეყანა, ახლა ის საერთაშორისო „მოთამაშედ“ მოგვევლინა. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გამავალ გაზის ნაკადებს საერთაშორისო გაზმომარაგების დივერსიფიკაციის ხელშეწყობის, გაზის გლობალური მონოპოლისტების დიქტატის შესუსტების ამოცანაც დაეკისრა, რითაც საქართველო ჯერ ევროკავშირის, მომავალში კი სავარაუდოდ, გლობალური ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაშიც მიიღებს მონაწილეობას. TAP-ის ფუნქციონირების დაწყებასთან და ევროპის გაზმომარაგების დივერსიფიკაციასთან დაკავშირებით „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსმა ექსპერტმა და კომპანია International Market Analysis LLC-ის დამფუძნებელმა, არელ კოენმა განაცხადა, რომ „...ამ პროექტის ფარგლებში სტრატეგიული მიზანია დამატებითი საკომპრესოროების დადგმა და ევროპაში წლიურად 10 მლრდ კუბ. მეტრი გაზის მიწოდების გაზრდა 20 მლრდ კუბ. მეტრამდე“.
მეტიც, „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ამოქმედებამ და მილებით კასპიური გაზის ევროპამდე მიტანამ, შესაძლოა დააჩქაროს სხვა პროექტების განხორციელებაც. საუბარია Ionian Adriatic Pipeline (IAP) -ის, TAP-ის მთავარი გაზსადენის განშტოებაზე. კონსორციუმის მიერ, ევროკავშირიდან მიღებული 2.5 მლნ ევროს გრანტით დაპროექტებული ამ მილით, მოხდება ალბანეთიდან მონტენეგროს და ბოსნია-ჰერცოგოვინის, ხორვატიის ქ. სპლიტთან დაკავირება. ამ 511 კმ სიგრძის გაზსადენის თავდაპირველი წარმადობა იქნება 5 მლრდ კუბ. მეტრი გაზი წელიწადში. მომავალში ამ გაზსადენის აშენება იქნება ალბათ ერთ-ერთი არგუმენტი იმისა, რომ აზერბაიჯანიდან ევროკავშირში მიყვანილი „მეოთხე დერეფნის“ მილსადენის გაზი უფრო იაფი იქნება, ვიდრე მისი რუსეთისა და აღმოსავლეთ-ხმელთაშუაზღვისპირეთის კონკურენტებისა.
საქმე ისაა, რომ რუსეთი უკვე აწვდის ბუნებრივ აირს სამხრეთ ევროპას. კერძოდ, თურქეთის დასავლეთ ნაწილს გაზი მიეწოდება „თურქული ნაკადით“ და „გაზპრომი“ მოლაპარაკებულია ბულგარეთის მთავრობასთან დასავლეთ ბალკანეთში, ამავე გაზსადენის მეორე ფაზით, გაზის მიწოდებაზე. ამავე დროს, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ისახება უკვე მეხუთე დერეფნის კონტურები. საუბარია ისრაელი - კვიპროსი - საბერძნეთის „ისტმედის“ მომავალ გაზსადენზე, რომლითაც აპირებენ ეგვიპტური, „ზოჰრის“, ისრაელის „თამარის“, „დელიტის“, „მარი ბეს“, „ლევიათანის“, კვიპროსის ე.წ. მე-12 ბლოკის („აფროდიტეს“) საბადოების გაზის სამხრეთ ევროპაში გადაგზავნაზე. ამიტომ TAP-ის, და უახლოეს მომავალში, IAP-ის ფუნქციონირების დაწყებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვისაც, რომელიც აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტის მარშრუტზე მდებარეობს.
ამ მარშრუტის ევროკავშირის მხრივ მხარდაჭერაზე მიუთითებს გაფართოების ევრო-კომისარის, ოლივერ ვარჰელიის 2020 წლის 18 დეკემბერს გაკეთებულ განცხადება, მასზედ, რომ „...სამხრეთის გაზის დერეფნის დასრულების შემდეგ ევროპამ მის დასავლეთ ბალკანეთზე გაგრძელებაზეც უნდა იმუშაოს.“ „სოკარის“ ვიცე-პრეზიდენტმა ე. ნასიროვმა კი განაცხადა, რომ „დერეფანს“ საკომპრესოროების დამატების შემთხვევაში, ექნება დამატებითი სიმძლავრე. აზერბაიჯანს შეუძლია „აბშერონის“, „უმიდის“ „ყარაბაღის“, „ბაბეკის“, „შაფაგ-ასიმანის“ და აზერი-ჩირაღი-გიუნეშლის საბადოების გაზის „დერეფნის“ გაზსადენებში დამატება.“ მეტიც, ე. ნასიროვმა მიუთითა, რომ 2018 წელს გაფორმებული „კასპიის ხელშეკრულებით“ „დერეფანში“ უკვე, ცენტრალური აზიის ქვეყნების გაზი შეიძლება ჩაერთოს 300-კმ სიგრძის „ტრანსკასპიური გაზსადენით“.
„თურანი ჭიშკარი“ ევროკავშირის „დერეფანს“ ვერ გადაკეტავს
ევროკომისარის და „სოკარის“ ვიცე-პრეზიდენტის ზემოაღნიშნული განცხადებებიდან აშკარაა, რომ ევროკავშირის და აზერბაიჯანის მხარდაჭერა დღეს არსებული „დერეფნის“ სამ პროექტზე ვრცელდება. ამიტომ გაუგებარია განცხადებები ბაქო - ნახჩევანის მარშრუტის, ანუ „თურანის ჭიშკარის“, საქართველო - ევროკავშირის კასპიის ნახშირწყალბადების დასავლური „დერეფნის“ ალტერნატივად შესაძლო გამოყენების შესახებ. ამ მარშრუტის იდეა გაჩნდა ყარაბაღის კონფლიქტის შეწყვეტის შესახებ 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ. „თურანის ჭიშკარის“ უმთავრესი პროპაგანდისტები არიან თურქეთის პანთურქული ძალები, რომლებიც ამ გზით ცდილობენ გავიდნენ კასპიაზე, ცენტრალური აზიის ქვეყნებზე და ჩინეთის „ერთი გზა - ერთი სარტყელის“ პროექტზეც კი. ეს ძალები თავის სასარგებლოდ შეთანხმების ბოლო ორ პუნქტს იყენებენ, სადაც ვკითხულობთ:
„11. რეგიონში ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირი განიბლოკება. სომხეთის რესპუბლიკა უზრუნველყოფს სატრანსპორტო კავშირს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის, რათა ორგანიზება გაეწიოს მოქალაქეების, მანქანებისა და ტვირთების შეუფერხებლად გადაადგილებას ორივე მიმართულებით. სატრანსპორტო კონტროლს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ორგანოები განახორციელებენ.
- მხარეთა შეთანხმებით, უნდა განხორციელდეს ახალი სატრანსპორტო კომუნიკაციების მშენებლობა, რომლებიც ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას აზერბაიჯანის რეგიონებთან დააკავშირებს“.
შეთანხმების ამ პუნქტებს ზოგიერთი თურქული და აზერბაიჯანული მედია საშუალებები თავისებურ ინტერპრეტაციას აძლევენ და ამტკიცებენ, თითქოს „სატრანსპორტო კავშირი“ და „სატრანსპორტო კომუნიკაციების მშენებლობა“ ევროპისკენ სომხეთის სიუნიკის რაიონის (ყოფილი ზანგეზურის რაიონი) გადაკვეთით ბაქო-ნახჭევანის მარშრუტის ახალი, საქართველოს გვერდის ამქცევი, ნავთობ- და გაზ- სადენების აგებას გულისხმობს. მიგვაჩნია, რომ ეს ასე არ იქნება 4 ობიექტური მიზეზის გამო:
- სომხეთის სიუნიკის რაიონის გავლით სატრანსპორტო კომუნიკაციების ამუშავება, შეთანხმების მე-11 პუნქტით ეხება „...მოქალაქეების, მანქანებისა და ტვირთების შეუფერხებლად გადაადგილებას ორივე მიმართულებით“ და არა ნახშირწყალბადებს;
- პანთურქული ძალები, „თურანის ჭიშკარზე“ მსჯელობისას, ორი დეტალს არ აქცევენ ყურადღებას: ის სომხეთის ტერიტორიაზე გაივლის და მას რუსი მესაზღვრეები გააკონტროლებენ ისე, რომ ტერიტორია „კუხო“-ს წევრი სომხეთის საკუთრებად რჩება;
- „თურანის ჭიშკარის“ რუსი მესაზღვრეების მიერ გაკონტროლება, ამ რეგიონის ყველა გეოპოლიტიკური მილსადენისთვის რისკის შემცველია. საქმე ისაა, რომ მილსადენების პროექტებს სამხრეთ კავკასიაში ახორციელებენ არა თურქები, არამედ ევროპელები, რომელთა ხელშია აზერბაიჯანული საბადოების უმეტესობა (როგორც ეს ჩანს „შაჰ-დენიზის“ და აზერი-ჩირაღი-გიუნეშლის საბადოების ზემოთ განხილული მაგალითიდან). ისმება კითხვა: რაში სჭირდებათ რუსებს თავისი სასაზღვრო ძალებით დაიცვან „გაზპრომისა“ და „როსნეფტის“ კონკურენტი ევროპული ენერგო-კომპანიების მილსადენები?
- ნახიჭევანის ავტონომიის აზერბაიჯანიდან საქართველოზე გამავალი „სამხრეთკავკასიური გაზსადენით“ მომარაგებაზე, ანუ ბაქო - იგდირი - ნახჭევანის წლიურად 500 მლნ კუბ.მეტრის სიმძლავრის გაზსადენის გაყვანაზე, ყარაბაღის ომამდე 7 თვით ადრე, ჯერ კიდევ 2020 წლის 25 თებერვალს, ბაქოში აზერბაიჯანის და თურქეთის პრეზიდენტები ხელმოწერილი მემორანდუმით უკვე შეთანხმდნენ.
ამ მემორანდუმით ილჰამ ალიევმა და მისმა თურქმა კოლეგამ რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ერთობლივი ინტერესი გამოხატეს ნახჭევანისკენ, სომხეთის სიუნიკის რაიონის ტერიტორიით გამოყოფილი აზერბაიჯანული ავტონომიისკენ, რკინიგზისა და გაზსადენის აშენებაზე. იმ მოლაპარაკებების განხილვის მთავარი თემა იყო - შეუძლია თუ არა დაეხმაროს თურქეთს აზერბაიჯანის ნახჭევანის ავტონომიის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებაში. ცნობილია, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი მაშინ მთიანი ყარაბაღის გამო გაყინულ კონფლიქტში იმყოფებოდნენ. ამიტომ ნახჭევანი დღემდე იძულებულია გაზი მიიღოს მეზობელი ირანიდან 2004 წელს გაფორმებული ირან-აზერბაიჯანის ე.წ. SWAP კონტრაქტით, რაც ნიშნავს, რომ აზერბაიჯანი ნახჭევანში მიღებული ირანული გაზის სანაცვლოდ, იმავე რაოდენობის გაზს აწვდის ჩრდილოეთ ირანის პროვინციებს. ამ 25 წლიანი ხელშეკრულების თანახმად, აზერბაიჯანი ირანს გაზს აწვდის საზღვრისპირა ქ. ასტარას გავლით, ხოლო ირანი ნახჭევანს ქ. ჯულფაში უგზავნის ამ გაზის 85%-ის ეკვივალენტს, დანარჩენს კი ტრანზიტის საფასურად იტოვებს. 2019 წელს ირანში აზერბაიჯანული გაზის გადაზიდვებმა წლიურად 395 მლნ. კუბ. მ. შეადგინა. ნახჭევანი დიდწილადაა დამოკიდებული ირანიდან ასევე მრავალი სხვა საქონლის იმპორტ-ექსპორტზეც, რაც ამ ქვეყანასთან ნახჭევანის ავტონომიის 179 კილომეტრიან საზღვრის მთელ სიგრძეზე ხორციელდება. წლების განმავლობაში აზერბაიჯანის ხელისუფლება შეშფოთებული იყო ნახჭევანის ირანზე ურთიერთდამოკიდებულების გამო.
ნახჭევანისკენ გაზსადენის თურქეთ - საქართველოს გავლით გაყვანის პროექტი ადრეც არსებობდა. ის პირველად შეაჩერეს 2010 წელს, როდესაც აზერბაიჯანსა და ირანს შორის ურთიერთობები გაუარესდა. ამ წელს აზერბაიჯანის ნავთობის ეროვნულმა კომპანიამ „სოკარმა“ ხელი მოაწერა მემორანდუმს გაზსადენის პროექტის შესახებ თურქეთის სახელმწიფო გაზის კომპანია „ბოტაშთან“ (Botas). არცერთმა მხარემ არ გამოაქვეყნა ამ გაზსადენის მშენებლობის გრაფიკი და არც განაცხადეს, მიღწეულია თუ არა საკრედიტო ხელშეკრულებები მის დასაფინანსებლად.
გარდა აღნიშნულისა, აზერბაიჯანსა და ირანს შორის ურთიერთობები დაიძაბა მრავალ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ საკითხთან დაკავშირებითაც. მათ შორის იყო ბაქოს მხარდაჭერა თეირანის წინააღმდეგ დაწესებული აშშ-ს სანქციებისადმი და თეირანის მიერ აზერბაიჯანული ოპოზიციური პარტიის დაფინანსება. ამ დაძაბულობის კულმინაცია იყო ირანის მუქარა, რომ შეწყვეტდა ყველანაირ ეკონომიკურ კავშირებს ნახჭევანთან. თავის მხრივ, აზერბაიჯანიც ასევე არაერთხელ შეეცადა გაზის SWAP გარიგების პირობების გადახედვას. დიპლომატიური ურთიერთობა შედარებით გაუმჯობესდა 2013 წელს, ჰასან რუჰანის ირანის პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ. მაგრამ 2018 წლიდან აშშ-ს ხელახლა დაწესებული ანტი-ირანული სანქციების გამო, ირან-აზერბაიჯანის ეკონომიკური ურთიერთობა კვლავ დაიძაბა.
ამან აზერბაიჯანის მხრივ ნახჭევანსა და თურქეთს შორის ინფრასტრუქტურული კავშირების გაფართოების მოთხოვნა გამოიწვია. ნახჭევანს თურქეთთან 8 კილომეტრიანი საზღვარი აქვს. როგორც ზემოთ აღინიშნა, 2020 წლის თებერვალში გამართული ბაქოს მოლაპარაკებების შემდეგ, პრესკონფერენციაზე, აზერბაიჯანისა და თურქეთის სახელმწიფოს მეთაურებმა განაცხადეს მემორანდუმის გაფორმების შესახებ ნახჭევანსა და თურქეთის სასაზღვრო ქალაქ ყარსს შორის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობაზე. პროექტი წარმოადგენს ბაქოდან საქართველოს გავლით ყარსში მიმავალი სარკინიგზო მაგისტრალის გაგრძელებას. ”ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სომხეთის აგრესიული პოლიტიკის გამო ნახჭევანი ცხოვრობს ბლოკადაში, ანუ ალყაშია მრავალი წლის განმავლობაში, ”- განაცხადა მაშინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. ”ნახჭევანისთვის დიდი პრობლემაა მისი პროდუქციის უცხოურ ბაზრებზე გატანა. ყარსი - იგდირი - ნახჭევანის რკინიგზის მშენებლობა აღმოფხვრის ამ პრობლემას და ამით გააუმჯობესებს ნახჭევანის ავტონომიური რესპუბლიკის კეთილდღეობას” - თქვა მან. თავის მხრივ, რ. ტ. ერდოღანმა აღნიშნა, რომ დღის წესრიგშია ასევე, ჯერ კიდევ ამ საუკუნის დასაწყისში ინიცირებული, 160 კილომეტრიანი ტრანსსასაზღვრო გაზსადენის აგება. ”ნახჭევანს მეტი ექნება ბუნებრივი აირი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის კიდევ უფრო გაძლიერდება, როგორც ირანის, ასევე თურქეთის მხარდაჭერით,”- განაცხადა პრეს - კონფერენციაზე თურქეთის სახელმწიფოს მეთაურმა.
ზემოაღნიშნული დეტალები არც აზერბაიჯანის და არც თურქეთის არანაირ გეოპოლიტიკურ გაძლიერებაზე არ მეტყველებს. პირიქით, „თურანის ჭიშკარის“ კომუნიკაციები, გახსნის დღიდან, შესაძლოა სომხების მუდმივი დივერსიების ობიექტი იყოს, ხოლო 5 წლის შემდეგ ისევ სომხეთმა დაიბრუნოს ომით თუ აზერბაიჯანი არ იქნება თანახმა შეთანხმების გაგრძელებაზე, და თავის მხრივ, მოინდომებს რუსების გაყვანას ყარაბაღის დარჩენილი ნაწილის ძალისმიერად დასაბრუნებლად.
დასკვნა
ამრიგად, „თურანის ჭიშკარი“ უფრო თეორიული ფანტაზიის სფეროდანაა, ვიდრე თურქების გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური კოზირი... რეგიონალური ტრანსკასპიური პროექტების დაწყებამდე, სრულად დაუტვირთავი ბაქო - ახალქალაქი - ყარსის რკინიგზა თურქეთ - აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობისთვის, სრულიად საკმარისია. თუმცა, თურქეთში არიან ძალები, რომლებიც საქართველოს არასტაბილურ სატრაზიტო ქვეყნად მიიჩნევენ და ამ ძალებს უნდათ „თურანის ჭიშკარის“ სახით ახალი სატრანზიტო დერეფნის მიყვანა იგდირიდან კასპიისპირეთამდე. უსაფრთხოების რა გარანტიები აქვს ამ დერეფანს?
უმთავრესი პრობლემა ამ მხრივ დაფინანსებაა. მდ. არაქსის გასწვრივ ავტომაგისტრალისა და რკინიგზის აგებას აზერბაიჯანი, მართალია ძვირი დაუჯდება, მაგრამ მაინც თურქეთის დახმარებით, ასე თუ ისე, მოახერხებს. მაგრამ ნახშირწყალბადების მილსადენების გაყვანა ერზერუმამდე (BTC ნავთობსადენში და TANAP-ის გაზსადენში ჩასართავად), დასავლური კომპანიების კონტროლირებული კასპიის საბადოებიდან, თურქეთ-ევროკავშირის და თურქეთ-აშშ ურთიერთობების ბოლოდროინდელი არნახული გამწვავების ფონზე, სავაუდოდ გაჭირდება. ცენტრალური აზიის ქვეყნებში, გასული საუკუნის 90-იანი წლებისგან განსხვავებით, თურქეთი აღარ წარმოადგენს არც უმთავრეს ინვესტორს, არც მთავარ სავაჭრო პარტნიორს. იქ მთავარი მოთამაშეები უკვე არა თურქეთი, არამედ - ჩინეთი და რუსეთია. ტრანსკასპიური პროექტების განხორციელების შემთხვევაშიც კი, ცენტრალური აზიის გაზი არა თურქეთისკენ, არამედ ჩინეთისკენ და რუსეთისკენ მიდის და მომავალშიც წავა, ვინაიდან ამ რეგიონში გაზის საბადოების უმეტესობაზე ლიცენზიები ჩინურ და რუსულ სახელმწიფო კომპანიებს აქვთ შეძენილი. ჩინეთი და რუსეთი ძირშივე აღკვეთენ პანთურქულ სოლიდარობას ცენტრალურ აზიაში, რადგან მათ თავიანთ სინძიან-უიღურის (ჩინეთი) და ვოლგისპირეთ-ჩრდილოეთ კავკასიის (რუსეთი) მუსლიმანური სეპარატიზმის უმთავრეს წამახალისებლად მიიჩნევენ.
იგივე შეიძლება ითქვას „ერთი გზა, ერთი სარტყელის“ გლობალურ პროექტში თურქეთის მონაწილეობაზე. ანკარას აგრესიულ რეჟიმს სამეზობლოშიც და ხმელთაშუაზღვისპირეთის სხვა რეგიონებშიც კონფლიქტები აქვს. ცენტრალურ აზიაში „ერთი გზა, ერთი სარტყელის“ პროექტებში თურქეთის ჩართვს სურვილი, მისი ზემოთ განხილული კონფლიქტების ფონზე, სავარაუდოდ, გაართულებს ანკარას მოსკოვთან და პეკინთან ისედაც დაძაბულ ურთიერთობებს.
სწორედ ზემოაღნიშნული არგუმენტები გვეძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ „თურანის ჭიშკარი“ ძველი „დიდი თურანის“ კარგად დავიწყებული პროექტის თეორიული „რე-მეიქია“ და არა ეკონომიკურად დასაბუთებული რეალობა.