გაჩანაგებულ და გაუპატიურებულ ქართულ ენერგოსისტემაში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის გამო პარლამენტსა და მის გარეთ ამტყდარმა ურთიერთბრალდებათა კამპანიამ (ერთმანეთს „შეასკდნენ“ მიხეილ სააკაშვილი და ირინა სარიშვილი-ჭანტურია, რომლის უკანაც, სააკაშვილის მტკიცებით, ექს-მინისტრი თემურ გიორგაძე და მის ირგვლივ მყოფი მძლავრი კლანები დგანან) ის მოიტანა, რომ ქართული სასამართლო რეფორმის მამას საკუთარ სახლთან დაუხვდნენ და თავს დაესხნენ.
სააკაშვილის განცხადებით მას მხოლოდ ერთი მუშტი მოხვდა.
თავდამსხმელებმა იარაღის გამოყენება რომ ვერ მოასწრეს პარლამენტარი სააკაშვილი იმით ხსნის, რომ საპასუხოდ მანაც დააძრო პისტოლეტი.
ხმაურზე გამოცვენილი მეზობლების დანახვაზე თავდამსხმელებმა ეტყობა ვეღარ გაბედეს „საქმის“ დასრულება.
მათ ის მაინც მოახერხეს, რომ მანქანით გაქცეულ სააკაშვილსა და მის მძღოლს დაედევნენ, მაგრამ დევნა მალე შეწყვიტეს.