„გახარიას ამ კრიზისულ წელს შეინარჩუნებენ, ვნახოთ, მერე რა მოხდება, ჯერჯერობით ის შეუცვლელია“

„გახარიას ამ კრიზისულ წელს შეინარჩუნებენ, ვნახოთ, მერე რა მოხდება, ჯერჯერობით ის შეუცვლელია“

ცალკეული პოლიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ გაზაფხულზე შესაძლოა ახალი პრემიერი გვყავდეს, ძველს კი პანდემიით გამოწვეულ კრიზისს შესწირავენ. ამ ვერსიის ავტორებს მიაჩნიათ, რომ თავის დროზე ნათია მეზვრიშვილის თანამდებობიდან წასვლაც სწორედ გახარიას კრიზისს ნიშნავდა, რომ არაფერი ვთქვათ სხვა გარემოებებზე.

როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრად დაწინაურებულმა გახარიამ ნათია მეზვრიშვილი შს სამინისტროდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად გადაიყვანა, მეზვრიშვილმა კი მაიკ პომპეოს ვიზიტის შემდეგ თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება ფეისბუკზე გამოაქვეყნა, თანამდებობის დატოვების მიზეზებზე არ უსაუბრია და გახარიას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

იმთავითვე ამბობდნენ, რომ მეზვრიშვილის წასვლა გახარიას გავლენის შესუსტებას ნიშნავდა. ანალიტიკოსები მაშინვე არ გამორიცხავდნენ, მეზვრიშვილის კვალს გახარია გაჰყოლოდა და თანამდებობა დაეტოვებინა.

გახარიას პოლიტიკურად ჩაჩოჩებაზე როცა საუბრობენ, ყურადღებას ამახვილებენ ერთ გარემოებაზე, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართულ მოლაპარაკებებში გახარია აღარ არის ისეთივე აქტიური, როგორც გასული წლის მარტის მოლაპარაკებებისას. გახარია კობახიძემ გადასწია გვერდზე და მას მხოლოდ პანდემია და სოციალური პრობლემები შეატოვეს. უფრო მეტიც, მოქმედ პრემიერს მინისტრთა კაბინეტის შეცვლის უფლებაც არ მისცეს.

თუკი ამ ვერსიას მივყვებით, მაშინ საკითხავია, ვინ იქნება ახალი პრემიერი. კობახიძე, რომელიც პარტიის თავმჯდომარეობასთან ერთად პრემიერობასაც შეითავსებს, ლილუაშვილი, წულუკიანი, კალაძე, თუ კიდევ სხვა ვინმე, ამის შესახებ ჯერ მხოლოდ ვარაუდები გამოითქმის.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ თეა წულუკიანს მასზე კარგად, ალბათ, არავინ იცნობს, რადგან, ბოლოს და ბოლოს, წულუკიანი მისი სტუდენტი იყო, მისი აკადემია ათასსტუდენტიანი არ ყოფილა, პატარა საგანმანათლებლო დაწესებულება გახლდათ და ყველა სტუდენტს კარგად იცნობდა.

სოსო ცინცაძე იმასაც ამბობს, რომ, ასევე, კარგად გაიცნო ირაკლი კობახიძე მისივე განცხადებებიდან გამომდინარე და დარწმუნებულია, რომ არც ერთი და არც მეორე არ ივარგებს პრემიერად, რადგან არც ერთი მათგანი არ არის დიპლომატიურად ელასტიური.

„ორივე ნაჯახივით ხისტია. წულუკიანი შეიძლება განათლების, ან კულტურის კარგი მინისტრი იყოს, სადაც, ელემენტარულად, დისციპლინაა დასამყარებელი, რადგან ორივე სფეროში ბარდაგია, მაგრამ პრემიერი ის გამონაკლისი უნდა იყოს, რომელმაც შეუძლებელი უნდა შეძლოს, ყველასთან გამოძებნოს საერთო ენა და თავის გარშემო შექმნას კეთილგანწყობილი სიტუაცია ოპოზიციის მხრიდანაც, პარტნიორების მხრიდანაც, მინისტრების მხრიდანაც. თუმცა დღეს ჩვენთან პრემიერს მნიშვნელობა არ აქვს. სანამ პრემიერი არ იქნება დამოუკიდებელი, ანუ არჩეული პრემიერი, სუფთა არჩევნებში გამარჯვებული, რომელსაც შეეძლება ბიძინა ივანიშვილსაც პირდაპირ უთხრას, კი, თქვენ დიდი ამაგი გაქვთ, მაგრამ, მოდით რა, დღეს მე ვარ პრემიერი და მაცადეთო, მანამ არაფერი გამოვა. მაგრამ ამის მთქმელი არავინაა“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.

პოლიტოლოგი იმასაც იხსენებს, თუ როგორ თქვა საყვედური ივანიშვილმა ერთ-ერთი პრემიერის შესახებ, „უკვე ისე იყო, ალბათ, ჩემს ტელეფონსაც კი აღარ აიღებდაო“. მეორე პრემიერზე კი ივანიშვილმა თქვა, „უკვე ისე ხშირად აღარ მირეკავს, ე.ი. იზრდებაო“. ეს ნიშნავს, რომ ისეთი პრემიერი გვყავდა, რომელიც ყოველდღიურად ურეკავდა, რა გავაკეთოო. ამიტომ სოსო ცინცაძეს აინტერესებს, ეს რა პრემიერებია?!

რაც შეეხება იმას, პანდემიას და კრიზისს შეეწირება თუ არა გახარია, პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ კრიზისს არავინ არ შეეწირება, ვინაიდან კრიზისის პერიოდში ყველა მაღალი ჩინოვნიკი ტანკში ზის და თავისუფლად შეუძლიათ თავის მართლება, რა ვქნა, ნახეთ, მსოფლიოში რა მდგომარეობაა, ასეთი რთული ვითარება ჩემზე არ არის დამოკიდებულიო.

სოსო ცინცაძის აზრით, კრიზისს ვინც უნდა შესწივროდა, ისინიც კი არ შეეწირნენ. თუ შეწირვა იყო, კრიზისს უნდა შესწირვოდა პირველი გამყრელიძე და მისი მთელი გუნდი, რადგან ისინი პრინციპულად არ დადგნენ გაზაფხულზე და არ თქვეს, არა, არ შეიძლება ახლა ყველაფრის მოშვება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გადავდგებით. მათ კატეგორიულად უნდა ეთქვათ, შავ ზღვაზე არ შეიძლება კურორტის სეზონი გავახუროთო. ამდენად, კორონაკრიზისს საეჭვოა, ვინმე შეეწიროს. თუ ვინმეს თანამდებობა შეეწირება, ისევ შეიძლება შეეწიროს სოციალურ მდგომარეობას და ზღვარგადასულ კორუფციას. სისტემა უკვე კაპიტალურ რემონტს მოითხოვს, მაგრამ ამათ კაპიტალური რემონტიც არ უშველით.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი გამორიცხავს, პრემიერად ირაკლი კობახიძე ვიხილოთ, რადგან ირაკლი კობახიძე სხვა კატეგორიის და მოწოდების ადამიანია. ის ტიპურად კანონშემოქმედია. გახარიას უნარი კი განსაკუთრებით კრიზისის მდგომარეობაში გამოჩნდა.

რაც შეეხება ლილუაშვილსა და წულუკიანს, მათ პრემიერობასაც ანალიტიკოსი გამორიცხავს და ამბობს, შეიძლება, ამ ადამიანებს ეწყინოთ, მაგრამ გახარიას ისინი ვერ შეედრებიან.

„არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ გახარია ახლა ჩაჩოჩებულია და ოპოზიციასთან მოლაპარაკებას აწარმოებს კობახიძე. უბრალოდ, „ქართულ ოცნებაში“ ყველას თავისი ფუნქცია აქვს, ირაკლი კობახიძეს მოლაპარაკებები კარგად გამოსდის იმიტომ, რომ შესანიშნავად იცის სამართლებრივ-პოლიტიკური ნიუანსები. აქედან გამომდინარე, მასზე კვალიფიციური არავინაა. სავარაუდოდ, გახარიას ამ კრიზისულ წელს შეინარჩუნებენ, ვნახოთ, მერე რა მოხდება, შესაძლოა, ისეთი ალტერნატივა გამოჩნდეს, გახარია არც იყოს საჭირო. ჯერჯერობით კი ის შეუცვლელია“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა ჩვენთან საუბრისას.

 

Ninja სოსო ცინცაძეს აზრს არც ვკითხავდი.
3 წლის უკან