„ვეფხისტყაოსანი“ ყოველთვის იწვევდა როგორც ჩვეულებრივი მკითხველების, ასევე, მეცნიერების ინტერესს, რადგან ეს არის წიგნი, რომლის შინაარსიც უამრავ საიდუმლოს იტევს. აღმოსავლეთმცოდნეს, ირანისტ ალექსანდრე ელერდაშვილს, ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ბევრი საინტერესო და სენსაციური ფაქტი აქვს გამოკვლეული, რომელთა შესახებაც გვიამბობს.
ალექსანდრე ელერდაშვილი: მე მინდა, გესაუბროთ „ვეფხისტყაოსანში“ ასახულ გეოგრაფიულ გარემოზე, მასში დაფიქსირებულ დროის ხანგრძლივობასა და კიდევ სხვა საკითხებზე, რომელთაგან უმეტესი დღესაც მოითხოვს დაზუსტებას ან საერთოდ არ არის გარკვეული. მინდა, ასევე, განვაცხადო სენსაციური ფაქტი, რაც თავად პოემის ტექსტის მიხედვით შეიძლება დადგინდეს, ანუ, პოემის ავტორისა და მისი ტრფობის ობიექტის დაბადების თვეები და წლები. მაგალითად, პოემის ავტორად მიჩნეული შოთა რუსთაველი დაიბადა 1164 წლის აგვისტოში, ხოლო პოემის მთავარი ადრესატი – თამარი, დაბადებულია 1170 წლის მაისში. რაც მთავარია, ასეთი ამბიციური განცხადების საფუძველი თავად პოემის ტექსტში წარმოჩენილი ფაქტებია. ახლა მინდა ვისაუბრო ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ტოპონიმზე – გულანშაროზე.
რას ნიშნავს გულანშარო და სად მდებარეობს ის?
– ამ ტოპონიმთან დაკავშირებით არაერთი მოსაზრებაა გამოთქმული, რომელთაგან არც ერთი არ დგას ჭეშმარიტებასთან ახლოს. ქართველ მკვლევრებს ხშირად აბნევს სიტყვა „გულის“ ფაქტორი, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის, პირველ ყოვლისა, აღიქმება, როგორც სხეულის მთავარი ორგანო და სწორედ ესაა შეცდომის სათავე. ბევრს ჰგონია, რომ ისეთი სახელები, როგორიცაა „გულნარა“, „გულნაზი“, „გულჩინა“, „გულიზარი“, სწორედ, გულთან არის გაიგივებული, არადა, ყველა ეს სახელი სპარსული წარმომავლობისაა და მათი შექმნა დაკავშირებულია ვარდთან, ყვავილთან, რაც სპარსულად ასე ჟღერს – „გულ“. გულ-ნარ – ვარდნარი, ყვავილნარი; გულ-ნაზ – ნაზი ყვავილი; გულ-ჩინ – ყვავილების მკრეფავი; გულ-ზარ – ყვავილოვანი. აქვე გავიხსენოთ „გულ-აბ-იც“ – მსხლის ჯიში, რომელიც „ვარდის წყალთან“ (წვენთან) არის შედარებული. „ვეფხისტყაოსნის“ ცნობილ ტოპონიმშიც თავკიდური „გულ“ სწორედ ყვავილს ნიშნავს, ასე რომ, გულანშარო ნიშნავს „ყვავილების ქალაქს“, გულანშაროზე საუბრისას ავტორი ყველგან პოეტურ ხერხებად ყვავილს, ვარდს ან ბაღს იყენებს.
სად მდებარეობდა ეს „ყვავილების ქალაქი“?
– რუსთაველისეული გეოგრაფია მთელ პოემაში სრულიად კონკრეტულია და არანაირ ალეგორიულობას (ვთქვათ, საქართველოს მოდელს) ან სიმბოლიკას არ გულისხმობს. ძნელი სათქმელია, თუ რომელ ეპოქაში არსებობდა ქალაქი გულანშარო, მაგრამ მისი ადგილმდებარეობის განსაზღვრა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, ისევ და ისევ პოემაში არსებული ინფორმაციის თანახმად: „ესეა ზღვათა სამეფო თვისა ათისა ტურფითა მრავლითა; თვით გულანშარო – ქალაქი, სავსე ტურფითა მრავლითა; აქ მოდის ტურფა ყველაი ზღვა-ზღვა ნავითა მავლითა; მელიქ-სურხავი ხელმწიფობს, სრული სვითა და დავლითა“. როგორც ხედავთ, საიდანღაც ათი თვე უნდა იარო (რა თქმა უნდა, იცურო) რომ ამ ზღვისპირა ქალაქამდე მიაღწიო. ეს „ზღვა-ზღვა“ ნავით მავალთა თავშესაყარი ადგილი წითელ ზღვაში შემავალ სრუტესთან მდებარეობდა. ამგვარ „კოორდინატებს“ პოემის მკვლევართა დიდი ნაწილი უჭერს მხარს, მაგრამ კონკრეტულად ვერავინ ასაბუთებს, თუ რატომ წითელი ზღვა და არა სპარსეთის ყურე, სადაც ისეთივე ვიწრო შესასვლელია ოკეანიდან ხმელეთის სიღრმისკენ. ამ ფაქტს ისევე სპარსული ენის დახმარებით დავასაბუთებთ: გულანშაროში „მელიქ-სურხავი ხელმწიფობს“ – სიტყვა „მელიქ“ არაბული ენის ნებისმიერი მცოდნისთვის გასაგებია, რომ ნიშნავს „მეფეს, გამგებელს, პატრონს“, აქედან წარმოდგება არაერთი გვარი, რომელიც შემდეგ მთელ აღმოსავლეთს, მათ შორის რუსეთსაც, მოედო: მელიქიშვილი, მელიქიძე, მელიქია, მელიქიანი, მელექ-ზადე, მალიკოვი და ასე შემდეგ. აი, „სურხავი“ კი სპარსული სიტყვაა – მის ძირში დევს სიტყვა „სორხ“ და ნიშნავს წითელს, ხოლო „სურხავი“ შეიძლება ითარგმნოს, როგორც „წითელი წარმომავლობის“. ამიტომ არის „მელიქ-სურხავი“ მბრძანებელი იმ ქალაქისა, რომელიც მდებარეობს „საწითლეში“. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ეს არის „წითელი მეფე“ და სწორედ აქედან წარმოიშვა თეორია იმისა, რომ ქალაქი გულანშარო მდებარეობდა ინდოეთის ოკეანიდან წითელ ზღვაში შემავალი სრუტის ნაპირზე, მაგრამ, საკითხავია, რომელ მხარეს – არაბეთის ნახევარკუნძულზე თუ აფრიკის სანაპიროზე. სანამ ამ საკითხს დავადგენდით, უნდა შევნიშნო ერთი ფაქტი, რაც ადრეც იწვევდა ინტერესს და მხოლოდ თანამედროვე მოვლენებმა მოაქცია ის ყურადღების ცენტრში. ყველასთვის ცნობილია, რომ ავთანდილი გულანშაროში ჩასვლამდე ვაჭრებს დაეხმარა მეკობრეებთან ბრძოლაში. იმ რეგიონში, როგორც ჩანს, მეკობრეობა ოდითგანვე გავრცელებული ხელობა იყო და დღესაც წარმატებით იყენებენ მას სომალელი მეკობრეები. რაც შეეხება იმას, ზღვის რომელ ნაპირზე მდებარეობდა გულანშარო, გეტყვით, რომ ფატმან-ხათუნისგან გამოპარული ნესტანი ქაჯებმა ხმელეთზე შეიპყრეს. ეს კი იმას ადასტურებს, რომ აფრიკაში მდებარე „ქაჯთა სამფლობელოსკენ“ ნესტანი სახმელეთო გზებით ცხენით მიემართებოდა. ფატმანიც ამას ამბობს, რომ გულანშაროდან ცხენით გააპარა და არა ნავით. ასე რომ, ქალაქი გულანშარო მდებარეობდა წითელი ზღვის აფრიკულ სანაპიროზე, ანუ იქ, სადაც ახლა ერითრეის, ჯიბუტის ან სომალის სანაპიროებია.
მულღაზანზარი გულანშაროსთან ერთად „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი საკვანძო სატრანსპორტო-საინფორმაციო პუნქტია. სპარსული ენის მცოდნეები დაგვეთანხმებიან, რომ ამ ტოპონიმის საფუძველში დევს სიტყვა „მურღ“, რაც სპარსულად „ფრინველს“ ნიშნავს. შემდეგ უნდა მოდიოდეს მრავლობითის აღმნიშვნელი ბოლოსართი „ან“, რაც შეკვეცილია მომდევნო „ზან“ – ინფიქსის გამო, ანუ სრული ფორმა ასეთი უნდა იყოს „მულღ-ან-ზან-ზარ“. ამა თუ იმ ბგერის ამოვარდნა, ზოგადად, ჩვეულებრივი მოვლენაა აღმოსავლური ლექსიკის ქართულ ენაში შემოტანის დროს და ეს არა მხოლოდ აღმოსავლურ ლექსიკას შეეხება. ამისთვის საკმარისია, გავიხსენოთ „ვეფხი“ და „ვეფხვი“. ასე თუ ისე, „მურღ“-ის („ფრინველის“) არსებობა ფრიდონის სამფლობელოს სახელში ცხადი და უტყუარი ფაქტია. ასე რომ, მულღაზანზარი სხვა არაფერია, თუ არა ადგილი, სადაც ბევრი ფრინველი ბუდობს, ანუ „საფრინველეთი“. ავტორი მულღაზანზართან დაკავშირებით ხშირად იყენებს ფრინველის თემას, მაგრამ მათი „ერთად თავმოყრა“ სწორედ ფრიდონის ლამაზ და პატარა სახელმწიფოშია შესაძლებელი. როდესაც მეოცე საუკუნის მიწურულს ირანის ქალაქ ბენდერ-აბასში მოგვიხდა ჩასვლა, ყოველივე ამაში დავრწმუნდი, რადგან, მართლაც რომ „საფრინველეთში“ ამოვყავით თავი. იქ, სპარსეთის ყურის სანაპიროზე, უფრო კონკრეტულად, ორმუზდის სრუტის მიმდებარე ტერიტორიაზე და, განსაკუთრებით – კუნძულ ყეშზე, მთელი ევროპა-აზიის გადამფრენ-გადმომფრენ ფრინველთა „დელეგაციები“ გროვდებიან, ანუ ამ გეოგრაფიულ სივრცეს სატრანზიტო პუნქტებად იყენებენ თბილი ქვეყნებისკენ მიმავალ გზაზე. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ორმუზდის სრუტე დღემდე ინარჩუნებს საზღვაო-საკვანძო დანიშნულებას ინდოეთის ოკეანიდან სპარსეთის ყურისკენ მიმავალ საწყალოსნო სივრცეში („ეს ქალაქი გზა არის ნავთა, ყოველგნით მავალთა“). ჩვენ, ბენდერ-აბასის პორტში მართლაც ვნახეთ მსოფლიოს უამრავი ქვეყნის დროშით მცურავი გემი.
ასე რომ, გაირკვა – მულღანზანზარი მდებარეობდა ორმუზდის სრუტის სანაპიროზე, თანამედროვე ირანის სამხრეთ ნაწილში. ამ ქალაქსა და არაბეთის ნახევარკუნძულს შორის მდებარე საზღვაო სივრცეში არსებობდა კუნძულიც, რომელიც, პოემის თანახმად, ფრიდონისა და მისი ბიძაშვილების სადავო ტერიტორია იყო. ეს კუნძული დღესაც არსებობს და ამაში შეიძლება დარწმუნდეს ნებისმიერი ადამიანი, ვინც ბენდერ-აბასის პორტიდან მზერას მიმართავს არაბეთის ნახევარკუნძულისკენ, ანუ იქით, საითაც ახლა ყველასთვის ნაცნობი დუბაი და არაბთა საემიროები მდებარეობს.
მულღანზანზარის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით, მინდა, კიდევ ერთ საკითხს შევეხო: ნესტანის საძებნელად ზღვა-ზღვა მავალი ტარიელი პირველად სწორედ მულღაზანზარში უნდა მოხვედრილიყო გასაგები მიზეზის გამო – ეს ქალაქი ინდოეთსა და არაბეთს შორის მდებარეობს. საყურადღებოა კიდევ ერთი გეოგრაფიული ფენომენის გამოჩენაც, რასაც „თურქთა ქვეყანა“ ჰქვია. თანამედროვე სიტყვა „თურქეთი“, როგორც ტოპონიმი, იმ ეპოქაში, ბუნებრივია, არ არსებობდა, მაშინ მას ბიზანტია ერქვა. თუმცა, ცნება „თურქ“ პოემაში სამჯერ გვხვდება. ანუ, ჩვენ შეგვიძლია, გავარკვიოთ, რომ, თურქების დაპყრობითი ომები ჯერ კიდევ არ იყო გაცდენილი ირანის ტერიტორიის დასავლეთის მიმართულებით, რადგან ტარიელი „თურქთა მიღმა“ როსტევანის სამფლობელოში აღმოჩნდა უნებლიეთ; რომ ისინი უკვე განთქმულნი იყვნენ, როგორც დამარბეველნი („ნათურქალი“ – გაპარტახებულის სინონიმია) და რომ ფრიდონის ზღვებს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება თურქთა სამფლობელო.
ისტორიული ფაქტების მეშვეობით, შეგვიძლია, დავადგინოთ, რომ საქმე ეხება ეპოქას, როცა თურქ-სელჩუკები ჯერ მხოლოდ თანამედროვე ირანის აღმოსავლეთ ნაწილს ფლობდნენ და კიდევ ერთი – პოემაში არსად ჩანს „მონღოლთა“ ფენომენი, რაც იმის თქმის უფლებას გვაძლევს, რომ „ესე ამბავი სპარსული“ მოხდა არაუადრეს მეცხრე და არაუგვიანეს მეცხრე-მეთერთმეტე საუკუნეებისა. ანუ თურქ-სელჩუკთა ირანის ტერიტორიაზე გამოჩენამდე (მეათე საუკუნე) და მონღოლთა დაპყრობების დაწყებამდე (მეთერთმეტე საუკუნე).
ბატონო ალექსანდრე, ასევე საინტერესოა, სად მდებარეობდა „ვეფხისტყაოსანში“ მოხსენიებული ხატაეთი და ხვარაზმი?
– ერთი შეხედვით, თანამედროვე მსოფლიოს რუკაზე ამგვარი სახელის მქონე რეგიონი არსად ჩანს, მაგრამ, თუ მცირეოდენ ეტიმოლოგიურ გამოკვლევას ჩავატარებთ სპარსული ლექსიკონის მეშვეობით, გაირკვევა, რომ ამ სახელის მქონე ქვეყანა ნამდვილად არსებობს. საქმე ისაა, რომ ჩვენთვის საინტერესო დიდი რეგიონი, როგორც ჩანს, მეათე-მეთერთმეტე საუკუნეებში ორი ნაწილის სახით მოიხსენიებოდა: ერთ მათგანს ეწოდებოდა „ხატაეთი“ და მეორეს – „ჩინი“, ანუ ჩინეთი პოემაში მხოლოდ ერთხელ გვხვდება: „ესე არაკი მართალი ჩინსა ქვასა ზედა სწერია: ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისი მტერია“. ეს თანამედროვე ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილის მოსახსენიებელი ჩინური სიტყვა უნდა იყოს, ახლანდელი ირანის საზღვრებთან მდებარე რეგიონს კი სპარსელები „ხათაის“ უწოდებდნენ და ეს დასტურდება სპარსულ კლასიკურ ლიტერატურაშიც და სპარსულენოვან ლექსიკონშიც. „ჩინ“ და „ხათაი“, ეს ორივე რეგიონი, რუსებმა თავიდანვე ერთ მთლიან გეოგრაფიულ გარემოდ აღიქვეს, ოდნავ შეცვალეს სპარსული „ხათაი“ და მიიღეს „კიტაი“. სხვათა შორის, სიტყვა „ხათაი“ ჩვენი ენის კიდევ ერთმა ლექსიკურმა ერთეულმა შემოინახა და ეს არის „ხატაური“, რაც ძვირფასი ქსოვილის აღმნიშვნელი სიტყვაა.
ხატაეთი რომ ინდოეთის მოსაზღვრე და მოხარკე ქვეყანაა, ამას პოემის ის ეპიზოდი ადასტურებს, როცა ტარიელი თავნება ხატაელების დასამორჩილებლად გაეშურება და, როგორც პოემის ავტორი ამბობს, ივლის „პაშტაი ხანს“ ანუ მცირეოდენი დრო დასჭირდება ინდოეთიდან ხატაეთამდე ჩასასვლელად. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ხატაელები არ მიიჩნევენ თავს ინდოელებად და ცდილობენ, დამოუკიდებლად იარსებონ, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ეს არის დღევანდელი ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთი მხარე, სადაც ახლა ისეთი არაინდური ან ინდურისგან განსხვავებული ქვეყნები მდებარეობს, როგორებიც არის პაკისტანი ან ავღანეთი. ამგვარი ექსკურსიების ჩატარება მხოლოდ იმისთვის დაგვჭირდა, რომ „ხატაეთის“ დაახლოებითი კოორდინატები მოგვეძებნა და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პაკისტანსა და ავღანეთს კონკრეტულად მივიჩნევთ ჩვენთვის საძებარ რეგიონებად.
სანამ ტარიელი დაიწყებს ხატაელთა დამორჩილების შესახებ ამბის თხრობას, ხსენებული ქვეყანა ავთანდილის ცნობიერებაში შემოდის, როცა ის სამი წლის განმავლობაში ამაოდ ეძებდა უცხო მოყმეს. ხატაეთის არსებობას ავთანდილი შეიტყობს ამ ქვეყნის ბინადარი სამი ძმისგან და მათგან მიიღებს „უცხო მოყმესთან“ დაკავშირებულ პირველ ინფორმაციას. მათთან შეხვედრამდე კი ავთანდილს ერთი დიდი უბნის გადალახვა მოუხდება. „მიჰხვდა რასმე ქვეყანასა უგემურსა, მეტად მქისსა, თვე ერთ კაცსა ვერა ნახავს, ვერცა შვილსა ადამისსა“... ეს უდაბური ადგილები თანამედროვე ირანის ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებში არსებობს და მას ამჟამად „დაშთ-ე ლუთ“ (მლაშობი ველი) და „დაშთ-ე ქაბირ“ (დიდი ველი) ეწოდება. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი ეს უკაცრიელი გარემო, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანიდან პაკისტანის სიახლოვეს გამავალი გზით, დაახლოებით, 1 000 კილომეტრის მანძილი მანქანით გავიარეთ და „შინ“ (თეირანში) მშვიდობით დავბრუნდით. ასე რომ, თითქმის იგივე ადგილები მოვინახულეთ, რომლებიც ავთანდილმა სამი წლის განმავლობაში მოიარა არაბეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით. ეს ფაქტი შემდეგ ავთანდილის სამშობლოს ადგილმდებარეობის დადგენაში დაგვეხმარა. ერთ ფაქტსაც მოვიშველიებ პოემიდან, რაც იმას ადასტურებს, რომ ავთანდილი სამ ხატაელ ძმას სწორედ სპარსულენოვანი სამყაროს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გადაეყარა. ასე რომ, ავთანდილმა მიაღწია ტერიტორიას, სადაც იმყოფებოდა ინდურ-სპარსულ-ჩინურ (ხატურ) და უკვე თურქულ სამყაროთა გზები, ოღონდ, ამჯერად უფრო უკეთ დავაკონკრეტებ – საუბარია ირანის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილზე, სადაც ახლა პაკისტანის საზღვრებია, ანუ, ხატაეთი მდებარეობდა თანამედროვე ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთით, ხოლო დღევანდელ ირანს ეს ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ესაზღვრებოდა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ „ფაქესთან“ (პაკისტანი) სპარსულად ნიშნავს „სიწმინდის (ფაქ) ქვეყანას“. თუ გაიხსენებთ ჩვენს ენაში დაცულ სიტყვას – „ფაქიზი“, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.
რაც შეეხება „ხვარაზმს“, ეს ყველაზე ადვილად დასადგენი რეგიონია, რადგან შუა აზიაში დღესაც არსებობს ავტონომიური წარმონაქმნი უზბეკეთის შემადგენლობაში (მის დასავლეთ ნაწილში, თურქმენეთის საზღვართან) და მას „ხორეზმის ავტონომიური რესპუბლიკა“ ჰქვია. ხვარაზმშას მოწვევა ინდოელთა სასიძოს სახით, სხვა არაფერია, თუ არა გიორგი რუსის რუსეთიდან ჩამოყვანის ლიტერატურული პერიფრაზი და ეს ყველასთვის ცნობილია. საინტერესო მხოლოდ ის არის, რომ ხსენებული ფაქტი ტარიელის მიერ ხატაელების დამორჩილების შემდეგ მოხდა. მართალია, ავტორი არ ამბობს, რა დრო გავიდა ხატაეთის დამორჩილებიდან ხვარაზმშას ჩამოყვანამდე, მაგრამ, ნესტანის გათხოვების დროული საკითხი რომ იყო, ეს სავსებით გასაზიარებელია. ჩვენ შეგვიძლია, განვსაზღვროთ მისი ასაკი ამ დროისთვის: „მე თხუთმეტი წლისა ვიყავ, მეფე მზრდიდა, ვითა შვილსა“, – ამბობს ტარიელი. შემდეგ მას მშობელი მამა, სარიდანი, გარდაეცვალა და ერთი წელი ბნელსა იჯდა იგი „საწუთრო-გაცუდებული“. ესე იგი, ტარიელს 16 წლის ასაკში ეწვია სიყვარული ნესტანის მიმართ. ნესტანი კი მასზე ექვსი წლით უმცროსია. მათი მიჯნურობის „პროლოგი“ – წერილების მიწერ-მოწერა, ხატაელებზე გალაშქრება, შემდეგ ხვარაზმშას ძის ჩამოყვანა, ალბათ, ერთ-ორ წელს გაგრძელდებოდა. ასე რომ, ტარიელი 18 წლის მაინც უნდა იყოს ამ დროისთვის, ხოლო, როცა ნესტანს გათხოვება დაუპირეს, ინდოეთის მეფის ასული არანაკლებ 12 წლის იყო. თუმცა, ტარიელი დიდხანს ეძებდა ნესტანს, ეს დასტურდება ფრიდონის სიტყვებიდან, როდესაც ის ავთანდილს ამცნობს, რომ მისი და ტარიელის გაცნობის დღიდან შვიდმა წელმა განვლო და ამას ზედ დაერთო თუნდაც ავთანდილის მიერ ათი თვე გულანშარომდე მგზავრობა, მერე უკან დაბრუნება, სალაშქროდ მზადება, ქაჯეთის ციხის აღება და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, უნდა ვიფიქროთ, რომ ტარიელი და ნესტანი საკმაოდ დიდები იყვნენ, როცა შეუღლდნენ, ყოველ შემთხვევაში, ტარიელი არანაკლებ 30 წლის იქნებოდა.
დავუბრუნდეთ ისევ ისტორიულ სინამდვილეს: ხვარაზმშამ ქორწილამდე ვერ მიაღწია, რადგან ტარიელმა ის სიცოცხლეს გამოასალმა, ალბათ, იმავეს უპირებდა რუსეთიდან ჩამოყვანილ სასიძოს თამარის ქართველი თაყვანისმცემელი და მან ეს მხატვრული სახით დააფიქსირა პოემაში. როგორც ვხედავთ, საქართველოს ისტორიული სინამდვილე ერთი ცნობილი ამბითაც აისახა პოემაში, რაც იმას ადასტურებს, რომ ავტორმა მართლაც აიღო „ესე ამბავი სპარსული“ პროზაული ტექსტის სახით. გამოიყენა მისი სიუჟეტი, რაც მხოლოდ ტარიელის თავგადასავალს მოიცავდა და მასში ჩართო რამდენიმე ისტორიული ფაქტი საქართველოს სინამდვილიდან.
ასევე, რუსთაველის ფანტაზიის ნაყოფად მიგვაჩნია ავთანდილის სახე და მასთან დაკავშირებული არაბეთიც, რაც ყველაზე გაურკვეველი და სავარაუდო გეოგრაფიული გარემოა თავისი სიდიადისა და მრავალფეროვნების გამო. თუმცა, ავთანდილის, როგორც პერსონაჟის შესახებ, ისევე, როგორც „ვეფხისტყაოსნის“ გმირების სახელთა წარმომავლობის შესახებ, სხვა წერილებში გესაუბრებით. მანამდე კი გეტყვით, რომ „ავთანდილი“, როგორც სახელი, რუსთაველის ეპოქამდე არ არსებობდა და, როგორც ჩანს, ეს სახელი „ვეფხისტყაოსნის“ ავტორმა ხელოვნურად შეთხზა არაბულ-სპარსული კომპოზიტის სახით: „ოუთან“ (არაბული „ვათან“ სიტყვა „სამშობლოს“ მრავლობითი რიცხვი) და „დილ“ (სპარსულად „გული“) ანუ ოთან-დილ – სამშობლოს გული.