2021 წელს ინფლაციასთან დაკავშირებით არასახარბიელო პროგნოზი კეთდება. ეროვნული ბანკი ჯერ იძახდა, რომ 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს ქვეყანა მიმდინარე წლის ბოლოს დაუბუნდებოდა, მაგრამ მოახლოვდა დათქმული დრო და აღმოჩნდა, რომ პირობა არ შესრულდა. ამიტომ ადრიდანვე დაიწყო საუბარი, რომ ინფლაცია გაისად ჩადგებოდა თავის კალაპოტში. უშუალოდ 2021 წლის მიჯნაზე კი გაირკვა, რომ ვერც ახალი პირობა შესრულდება.
მიუხედავად ამისა, ეროვნული ბანკი ინფლაციის 3%-იანი სამიზნე მაჩვენებლის გადახედვას არ გეგმავს, რადგან კობა გვენეტაძის მტკიცებით, „ამას არანაირი აზრი არ აქვს“.
„ახლა გვაქვს შემცირებული მოთხოვნა, რომელიც ინფლაციას ქვემოთ სწევს, ნომინალური ეფექტური კურსის გაუფასურება და მიწოდების ჯაჭვებიდან წამოსული ეფექტი კი ინფლაციას ზემოთ სწევს. ასეთ სიტუაციაში რთულია პროგნოზის გაკეთება, ამიტომ მაქსიმალურად ვაკვირდებით სიტუაციას და გადაწყვეტილების მიღებაც ამის მიხედვით მოხდება. ქვეყანაში უფრო დაბალი დოლარიზაცია რომ იყოს, შევძლებდით მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას, თუმცა ისევ და ისევ უნდა დავაკვირდეთ სიტუაციას. დიდი ალბათობით, უფრო ხანგრძლივად მოგვიწევს მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება და არ არის გამორიცხული, გამკაცრებაც გახდეს საჭირო“, - განაცხადა პარლამენტში სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
მიმდინარე წელსაც 3%-იანი ინფლაცია განისაზღვრა, თუმცა პანდემიის პირობებში მიზნობრივზე ბევრად მაღალი იყო. როგორც ჩანს, იგივე სცენარი განმეორდება გაისადაც. ამას ადასტურებს „თიბისი კაპიტალის“ მაკროსექტორის მიმოხილვა, სადაც ფასების მოსალოდნელ დინამიკაზეცაა საუბარი.
როგორც დოკუმენტში აღნიშნულია, იმ შემთხვევაში, თუ ლარის ეფექტური გაცვლითი კურსი არსებულ ნიშნულზე შენარჩუნდა, 2021 წლის პირველ ნახევარში ინფლაციის დონე ქვეყანაში 6%-ს გადააჭარბებს, ხოლო 2021 წლის ბოლოს 4-5%-ის ფარგლებში იქნება. ეს კი გაცილებით მაღალია, ვიდრე სებ-ის მიერ ნავარაუდევი მიზნობრივი მაჩვენებელი.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მაღალი ინფლაციის პირობებში ეროვნული ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთის, ანუ ფულის ფასის ზრდაა მოსალოდნელი.
სწორედ ამ კომპონენტზე საუბრობს ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი და ყურადღებას ამახვილებს კონკრეტულ მიზეზზე, რის გამოც ქვეყანაში მაღალი ინფლაცია ფიქსირდება. იგი კობა გვენეტაძის უწყებას ზედმეტი ფულის ბრუნვაში გაშვებისთვის აკრიტიკებს.
„ინფლაციის მიზნობრივზე მაღალი მაჩვენებლის მიზეზი ის არის, რომ ეროვნული ბანკი ბევრ ფულს უშვებს ბრუნვაში. იმის მიუხედავად, რომ ისინი 3%-იან ინფლაციას გეგმავენ, რომელიც ასევე მაღალია, განსაკუთრებით გაჭირვებული მოსახელობისთვის, სებ-ი უბრალოდ ფულს „ბეჭდავს“. მათ მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში ვხედავთვთ, რომ ნაღდი ფულის მასა მკვეთრად არის გაზრდილი და ასევე, ფულის სხვა აგრეგატებიც გაზრდილია, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეროვნული ბანკი განუსაზღვრელი ოდენობით ფულს უშვებს ბრუნვაში და ეს იწვევს ინფლაციას“, - აღნიშნა ხორგუაშვილმა.
მისი აზრით, შეიძლება თქვან, რომ ჩვენნაირი ქვეყნისთვის 3%-ით ფასების ზრდა არ არის მაღალი, მაგრამ, საერთო ჯამში, ეს საშუალო მაჩვენებელია, გაცილებით მაღალია ფასების ზრდის ტემპი პირველადი მოხმარების საგნებზე, როგორებიცაა: სურსათი, ჯანმრთელობის დაცვა, ტრანსპორტი და ა.შ.