რამდენი მინისტრი გამოვიცვალეთ 5 წელიწადში?!

რამდენი მინისტრი გამოვიცვალეთ 5 წელიწადში?!

"ვარდების ხელისუფლებისათვის" პრემიერ-მინისტრებისა და მინისტრების სწრაფი ცვლილებები სამარკო ნიშნადაც კი იქცა.

სწრაფმა სამთავრობო კარუსელებმა არა მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოების წარმომადგენლებს დაახვია თავბრუ, არამედ ამ ხელისუფლების გულმხურვალე მხადამჭერებს, პარტიულ აქტივისტებსა და რიგით ჩინოვნიკებსაც.

დღეს მათ უმეტესობას აღარც კი ახსოვს, რომელმა მინისტრმა რომელი შეცვალა. უახლესი ისტორიის ფურცლებმა მხოლოდ პირველი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია არ მისცა დავიწყებას, რომლის სახელიცა და გვარიც ალბათ მომავალ თაობებს დიდხანს ემახსოვრებათ. მისი ტრაგიკული და ბურუსით მოცული აღსასრული პოლიტიკური მსჯელობის საგანიც არაერთხელ გახდება.

ჟვანიას შემდეგ პრემიერ-მინისტრის სავარძელი ზურაბ ნოღაიდელმა დაიკავა.

პრემიერ-მინისტრთა "არაჩვეულებრივ გამოფენას" თუ გადავხედავთ ნოღაიდელი მართლაც უჩვეულო ფიგურაა. იგი პოლიტიკით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც თანამდებობის დატოვება მოუხდა და გაოპოზიციონერდა(?!).

ნოღაიდელს "საქართველოს ბანკთან" ასოცირებული ლადო გურგენიძე ჩაენაცვლა, რომელიც ახლახან ისევ საბანკო სფეროს დაუბრუნდა, სადაც ყოველთვის უკეთ გახლდათ "რეალიზებული".

თავის დროზე კი ეს უკანასკნელი ყოფილმა დიპლომატმა გრიგოლ მგალობლიშვილმა შეცვლა. იგი საზოგადოებას დიპლომატიურობის მიუხედავად, მოულოდნელი ავადმყოფობის გამო შეთხზული ლეგენდებით უფრო ახსოვს. სააკაშვილმა თავად გააკეთა კომენტარი იმაზე, რომ მგალობლიშვილისთვის თავში საფერფლე არ უსვრია. ამის დასტურად პრემიერ-მინისტრის სატელეფონო მესიჯებიც წაიკითხა. ასეა თუ ისე, მგალობლიშვილმა თანამდებობა მოულოდნელად ჯანმრთელობის გაუარესების გამო დატოვა. ამ უკანასკნელს ნიკა გილაური ჩაენაცვალა, რომლის გაპრემიერმინისტრების ამბავს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იღბლიანობის დამსახურებად უფრო მიიჩნევენ.

ეხლა კი ექსმინისტრთა "არაჩვეულებრივ გამოფენასაც" გადავხედოთ.

სამთავრობო საიტზე ექსპრემიერთა შესახებ სრულყოფილი ინფორმაციაა განთავსებული. ექსმინისტრებზე კი რა მოგახსენოთ.

"თქვენ რა, მეღადავებით? 80-მდე მინისტრი გამოიცვალა, ყველას სახელი და გვარი ხომ არ მემახსოვრება? - განაცხადა პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის აღშფოთებულმა უფროსმა ავთანდილ ფავლენიშვილმა.

არადა, ჩვენ ყოველგვარი ხუმრობის გარეშე გვაინტერსებდა, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ სულ რამდენი მინისტრი გამოვიცვალეთ და ვინ რა "დამსახურებისთვის" მიეცა დავიწყებას. ავთანდილ ფავლენიშვილი კი ის ერთადერთი პერსონა გახლავთ, რომელსაც ჟვანიას დროიდან მოყოლებული დღემდე, თანამდებობა არ შეუცვლია.

ასე რომ, ექსმინისტრების ცვლილებების შესახებ ინფორმაციები რუდუნებით, შესაბამისი პრესსამსახურების დახმარებითა და ჟურნალისტური მეხსიერების წყალობით ძლივს შევძელით.

მაშ ასე! ვარდების რევოლუციის შემდეგ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი იყო ეთერ ასტემიროვა, რომელიც შეცვალა გია ხევიაშვილმა, ამ უკანასკნელს კობა სუბელიანი ჩაენაცვლა, სუბელიანმა ცოტა ხანში თანამდებობა დატოვა და ნაციონალების საპარალამენტო სიაში გადაინაცვლა. იგი დროებით თამარ მარტიაშვილმა შეცვალა, რომელსაც დევნილები მზეთუნახავსაც კი უწოდებდნენ, რადგან ეს უკანასკნელი მათთან თითქმის არ გამოჩენილა. მალევე მას ისევ სუბელიანი ჩაენაცვლა.

განათლებისა და მეცნიერების ყველაზე სკანდალური  და "რეფორმატორის" სახელით ცნობილი მინისტრი ალექსანდრე ლომაია იყო. ის ორი დღით ბელა წიფურიამ შეცვალა, წიფურია - მაია მიმონოშვილმა, მიმინოშვილი - გია ნოდიამ, ნოდიას სავარძელი კი ბოლოს ნიკა გვარამიამ დაიკავა.

იუსტიციის ექსმინისტრები იყვნენ: გიორგი პაპუაშვილი, გია ქავთარაძე, ეკა ტყეშელაშვილი, ნიკა გვარამია, ამჟამად კი ეს სავარძელი ზურაბ ადეიშვილს უკავია.

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ ჯანდაცვის მინისტრი მცირე ხანს გიგი წერეთელი იყო, ის ლადო ჭიპაშვილმა შეცვალა, ჭიპაშვილი - დავით ტყეშელაშვილმა, ეს უკანასკნელი კი - ალექსანდრე კვიტაშვილმა.

შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკის განვითარების სამინისტრომ ყველაზე დიდ რყევებს გაუძლო. ჯერ ირაკლი რეხვიაშვილი იყო მინისტრი, შემდეგ - კახა ბენდუქიძე, ლექსო ალექსიშვილი, ირაკლი ჩოგოვაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი არველაძე, ეკა შარაშიძე, ლაშა ჟვანია. ამჟამად კი ზურაბ პოლოლიკაშვილი გამინისტრდა.

საქართველოს მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის უწყვეტ მიწოდებას ხელისუფლება მთავარ მიღწევად მიიჩნევს. ამიტომაც არის ალბათ, რომ ენერგეტიკის ექსმინისტრთა მრავალფეროვნება მაინცდამაინც არ შეინიშნება. აქ მინისტრი ჯერ ნიკა გილაური იყო, შემდეგ ის ალექსანდრე ხეთაგურმა შეცვალა.

თავდაცვის მინისტრები გახლდნენ: დავით თევზაძე, გელა ბეჟუაშვილი, გიორგი ბარამიძე, ირაკლი ოქრუაშვილი, დავით კეზერაშვილი, დავით სიხარულიძე და ახლა კი უკვე საზოგადოებისთვის არცთუ დადებით კონტექსტში სკანდალურად ცნობილმა ბაჩო ახალაიამ დაიკავა ეს პოსტი.

საგარეო საქმეთა მინისტრად ჯერ სალომე ზურაბიშვილი გვყავდა, შემდეგ - გელა ბეჟუაშვილი, ეკა ტყეშელაშვილი, ახლა კი ხსენებულ უწყებას პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილის მეუღლე, გრიგოლ ვაშაძე ხელმძღვანელობს.

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის სავარძელი ჯერ გოკა გაბაშვილმა მოირგო, შემდეგ - ნიკა ვაჩეიშვილმა, გრიგოლ ვაშაძემ (ორიოდე დღით, მაგრამ მაინც) და ბოლოს თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ ნიკა რურუამ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დავით კირვალიძე უძღვებოდა, შემდეგ მიხო სვიმონიშვილი. ყველაზე ხმაურიანი მინისტრი გახლდათ პეტრე ცისკარიშვილი, რომლის სახელსაც ბადაგონის სკანდალი უკავშირდება. დღეს კი ამ უწყებას ბაკურ კვეზერელი ხელმძღვანელობს.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრებიდან მართლაც ძლივს შეიძლება გავიხსენოთ თამარ ლებანიძე, რომელიც დავით ტყეშელაშვილმა შეცვალა, ამ უკანასკნელის შემდეგ კი რიგრიგობით გამინისტრდნენ: ზაზა გამცემლიძე, ირაკლი ღვალაძე, გოგა ხაჩიძე...

ფინანსთა სამინისტროს ჯერ ზურაბ ნოღაიდელი ხელმძღვანელობდა, შემდეგ - ლექსო ალექსიშვილი, ნიკა გილაური. ამჟამად მინისტრი კახა ბაინდურაშვილი გახლავთ.

შინაგან საქმეთა მინისტრი კი იყო გია ბარამიძე, ირაკლი ოქრუაშვილი, ვანო მერაბიშვილი.

რაც სახელმწიფო მინისტრის პოსტი შეიქმნა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, იქიდან მოყოლებული ბარამიძეს ეს სავარძელი უკავია.

ასევე შეიქმნა სახელმწიფო მინისტრის პოსტები რეინტეგრაციის და დიასპორის საკითხებში თემურ იაკობაშვილისა და იულონ გაგოშიძისთვის, სადაც ცვლილებები ჯერჯერობით არ განხორციელებულა.

ასე რომ, დედაქალაქის ცენტრსა თუ რეგიონებში მთავრობის მიერ ტყვიამფრქვევების, შაშხანების, თაფლისა და კარაქის გამოფენაზე შთამბეჭდავი სანახაობა ალბათ ექსმინისტრების გამოფენაც იქნებოდა.