გეზ-ისკენ აღებულმა სამთავრობო გეზმა კერძო ტერმინალების მფლობელების უკმაყოფილება და პროტესტი გამოიწვია. გაფორმების ეკონომიკური ზონების ამოქმედების შემდეგ, კერძო ტერმინალები გაჩერების პირას არიან. ფინანსთა მინისტრი კი, ყველაფერს ისევ მათ აბრალებს.
კახა ბაინდურაშვილმა კერძო საბაჟო ტერმინალების მფლობელთა პრეტენზიებს უკვე უპასუხა. შეგახსენებთ, რომ კერძო ტერმინალების მფლობელები გაფორმების ეკონომიკურ ზონებს კონკურენტად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ გეზ-ებმა მათ კლიენტურა წაართვეს. კახა ბაინდურაშვილი კი აცხადებს, რომ ხშირად კერძო ტერმინალები არა საწყობის, არამედ ხაფანგის ფუნქციას ასრულებდნენ.
„როცა იქ ტვირთი შედიოდა, ტერმინალების მეპატრონეები დაინტერესებულნი იყვნენ, ტვირთი რაც შეიძლება დიდხანს დაყოვნებულიყო, რათა იმპორტიორებისათვის რაც შეიძლება მეტი გადასახადი დაეწესებინათ“, - განაცხადა ბაინდურაშვილმა და დასძინა, რომ კერძო ტერმინალების მფლობელები კორუფციულ გარიგებებშიც იყვნენ შემჩნეულნი. ფინანსთა მინისტრი განმარტავს, რომ გაფორმების ეკონომიკური ზონა სწორედ ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად შეიქმნა.
გაფორმების ეკონომიკური ზონის გეზ-ის შექმნამ, რომელიც „სახელმწიფო საბაჟო ტერმინალის“ ფუნქციას ასრულებს, კერძო ტერმინალები დააზარალა, რომლებიც კლიენტების გარეშე დარჩნენ. ნაწილმა უკვე შეწყვიტა მუშაობა, დარჩენილები კი მწირ შემოსავალს იღებს და დახურვის პირასაა. კერძო ბიზნესს სახელმწიფო - ამ შემთხვევაში შემოსავლების სამსახური ანაცვლებს. იმპორტიორების ნაწილი ამბობს, რომ მათ გეზ-ში განბაჟებისთვის მეტის გადახდა უწევთ.
გაფორმების ახალი ეკონომიკური ზონა გეზ-ი ლილოში დეკემბრიდან მუშაობს, რამაც, როგორც შემოსავლების სამსახურში ამბობენ, იმპორტირებული ტვირთის განბაჟება უნდა გაამარტივოს, განბაჟების დროც უნდა შეამოკლოს და ტარიფიც. გეზ-ში აცხადებენ, რომ რამდენიმესაფეხურიან პროცედურას იმპორტიორები 15-20 წუთში გაივლიან.
გეზ-ში ფინანსთა სამინისტროს ასეთი ტარიფები აქვს: 3 ათას ლარამდე ტვირთის განბაჟება 150 ლარი დაჯდება, 3-დან 15 ათას ლარამდე - 200 ლარი, ხოლო 15 ათას ლარს ზემოთ - 250 ლარი. შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ „სახელმწიფო ტერმინალში“ ტვირთის განბაჟება კერძოზე ნაკლები დაჯდება. თუმცა იმპორტიორების ნაწილი ამბობს, რომ მათ გეზ-ში სერვისი გაუძვირდათ.
ბეჭდურ მედიაში უკვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო კონკურენტის გახსნის შემდეგ კერძო ტერმინალებს ტვირთები შეუმცირდათ. რამდენიმე ტერმინალი უკვე დაიხურა, გაჩერების წინაშე დგას ზაჰესის ტერმინალიც. ერთადერთი ტერმინალი, რომელსაც კლიენტები ჯერ კიდევ ჰყავს, ლილო-1-ია, რომლის ერთ-ერთი მოწილე ოფიციალურად კახა ბენდუქიძის დაა.
შემოწმების დროის შემცირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკვები პროდუქტების იმპორტიორებისთვის. მათ ურჩევნიათ, ტვირთი იმ დღესვე განაბაჟონ და პროდუქტი ქსელში დაუყოვნებლივ შეიტანონ. გეზ-ში კიდევ ერთი შეღავათი ის იქნება, რომ იმპორტიორს თუ ნაღდი ფული ხელზე არ აქვს, განბაჟების საფასური შეუძლია ბანკის სერვისცენტრში ხუთი დღის განმავლობაში დაფაროს.
გეზ-ში ჯერჯერობით, მხოლოდ ერთკოდიან ტვირთებს განაბაჟებენ. თუმცა, როგორც გაცხადებულია, მომავალში ეს შეიცვლება და გაფორმების ეკონომიკური ზონა მრავალკოდიან ტვირთებსაც მიიღებს. 2011 წლის 15 იანვარს - ადლიის, ხოლო 25 იანვარს ფოთის გეზე-ბი ამოქმედდება.
გარდა ამისა, მისივე თქმით, დასასრულს უახოვდება გამშვები პუნქტების რეაბილიტაციაც და 26 მაისს სარფის ახალი გამშვები პუნქტი გაიხსნება.
„გეზ-ი უპრეცედენტო სიდიდის, რამდენიმე ჰექტარზე გაშენებული გაფორმების ცენტრი და ასეულობით სატვირთო ავტომანქანაზე დაგეგმარებული ავტოსადგომია. აქ კვირაში შვიდი დღისა და 24 საათის განმავლობაში, მაქსიმუმ, ერთ საათამდე ვადაში შეუზღუდავი რაოდენობის იმპორტიორების ერთდროულად მომსახურებაა შესაძლებელი“, - განმარტა ბაინდურაშვილმა.