„ერთადერთი სტაბილური გზაა, რომ ოპოზიცია იმ ინსტიტუტებს შეჰყვეს, რაც ზოგადად მსოფლიო პრაქტიკაშია დამკვიდრებული, ანუ პარლამენტში შევიდეს. ოპოზიციონერობას, მოქმედებას მას არავინ არ უკრძალავს, უბრალოდ ლაპარაკია ფორმაზე, რომ ის წავიდეს საპარლამენტო ფორმით და არა ქუჩის ფორმით და რადგან ამაზე უარს ამბობენ, ამდენი მხარდამჭერების ფონზე მოლაპარაკებები თუ ჩაიშალა, მაინც ალბათ ოპოზიციაა დამნაშავე", - ამის შესახებ „რეზონანსთან" პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ განაცხადა მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრისას.
მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის კონკრეტული თარიღი ჯერ კიდევ არ გახმაურებულა. მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენელი პოლიტიკოსების ბოლოდროინდელი განცხადებებისა და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აქვს თუ არა აზრი მოლაპარაკებების გაგრძელებას? საყვარელიძე ამბობს, რომ იგი ევროკავშირის ელჩის პოზიციას იზიარებს - მოლაპარაკებებს აზრი აქვს.
„საყურადღებოა მათი მოსაზრებები, ვინც ამ მოლაპარაკებების ყველაზე უფრო ხშირი მონაწილეა, კერძოდ ელჩების. ევროკავშირის ელჩის მოსაზრება გავრცელდა, რომ, სამწუხაროდ, პოზიციები უფრო შორდება, ვიდრე უახლოვდება ერთმანეთსო. ამავე დროს, იგივე ელჩის განცხადებით, მიაჩნია, რომ მოლაპარაკებას შანსი და აზრი აქვს და რადგან მას ასეთი პოზიცია უკავია, ჩვენ მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ დავეთანხმოთ, იმიტომ, რომ არ ვიცით პროცესები შიგნით როგორ მიდის,
„რაც შეეხება რევოლუციას, ამაზე ლაპარაკი, როგორც ჩანს, ჩაწყნარდება. იმიტომ, რომ თავად ოპოზიციური პარტიების ბევრმა წევრმა პროტესტი გამოთქვა იმის გამო, რომ ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში შეიძლება რევოლუცია ფიგურირებდეს, როგორც რაიმეს ალტერნატივა", - განაცხადა საყვარელიძემ.
მისივე თქმით, თუ მოლაპარაკებები ჩაიშალა, გარკვეული საკითხებიდან გამომდინარე „მაინც ალბათ ოპოზიციაა დამნაშავე".
„არ ვიცი დღეისთვის ამის კონკრეტული არგუმენტები რა იქნება. ოპოზიციას აქვს არგუმენტი, რომ გავაპროტესტებთ და ბოიკოტი პროტესის მისაღები ფორმაა იმიტომ, რომ სხვა ენა, ასე ვთქვათ, ხელისუფლებას არ ესმის. ხელისუფლების პოზიციაა, რომ მობრძანდით და გააპროტესტეთ პარლამენტში, რომ პარლამენტის ტრიბუნა თქვენი ინსტრუმენტი გახდეს და არა ქუჩაო.
„ამ ფონზე, მითუმეტეს მაშინ, როცა დასავლეთიც და ოპოზიციურ პარტიათა ნაწილიც რევოლუცია-დესტაბილიზაციის ამ სცენარს მიუღებლად თვლის, ერთადერთი სტაბილური გზაა, რომ ოპოზიცია იმ ინსტიტუტებს შეჰყვეს, რაც ზოგადად მსოფლიო პრაქტიკაშია დამკვიდრებული, ანუ პარლამენტში შევიდეს. ოპოზიციონერობას, მოქმედებას მას არავინ უკრძალავს, უბრალოდ ლაპარაკია ფორმაზე, რომ ის წავიდეს საპარლამენტო ფორმით და არა ქუჩის ფორმით და რადგან ამაზე უარს ამბობენ, ამდენი მხარდამჭერების ფონზე, მოლაპარაკებები თუ ჩაიშალა, მაინც ალბათ ოპოზიციაა დამნაშავე", - განაცხადა საყვარელიძემ.