რადიკალური ნაციონალიზმის ახალი ტალღა რუსეთში, სულ უფრო სახიფათო მასშტაბებს იღებს. მაღალი ტრიბუნებიდან ამ მოძრაობის წინააღმდეგ მხოლოდ ერთი განცხადება გაკეთდა, ისიც პრეზიდენტ მედვედევის მიერ. ნაციონალისტების შესაჩერებლად კრემლს რეალური ნაბიჯი არ გადაუდგამს.
ამის ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება დასახელდეს ის, რომ პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც დღეს ჯერ კიდევ ითვლება რუსეთის მმართველად, სწორედ ამ, ნაციონალისტური და ანტიჩეჩნური ტალღის აღზევების ფონზე მოვიდა. შემდეგ იყო ანტიქართული ისტერია რუსეთში, ქართველთა მასობრივი დეპორტაცია და საქართველო-რუსეთის ომი.
ვინ დგას ახალი. ანტიკავკასიური მოძრაობის უკან, არიან თუ არა მართულები რუსული ნაციონალისტური მოძრაობის ლიდერები და ემზადება თუ არა მოსკოვი ახალი კავკასიური ომისთვის – პრესა.გე-ს შეკითხვებს ექსპერტი სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებში, თავდაცვის აკადემიის ყოფილი რექტორი გიორგი თავდგირიძე პასუხობს.
რუსეთში ახალი ნაციონალისტური ტალღა, რომელიც ძირითადად ანტიკავკასიურ ხასიათს ატარებს, სულ უფრო ფართო მასშტაბებს იღებს. ეს ბუნებრივი პროტესტია თუ ამ პროცესების უკან ვინმე შეიძლება მოვისაზროთ?
- რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ბუნებრივია, ქვეყანაში შიდა პოლიტიკური დაპირისპირება გამძაფრდება. რადგან მედვედევი და პუტინი ამ არჩევნებზე განსხვავებული პლატფორმით მიდიან. დიმიტირი მედვედევი არჩევნებში მონაწილეობას და პრეზიდენტის პოსტის შენარჩუნებას შეეცდება.
ამ ბრძოლაში, პუტინი აქცენტს „დერჟავის“ გაძლიერებაზე, რუსეთის, როგორც ზესახელმწიფოდ ჩამოყალიბებაზე გააკეთებს და რუსული ელექტორატის ნაციონალისტურ-შოვინისტურ განწყობებზე ითამაშებს.
მედვედევი კი აქცენტს თანამედროვე ტექნოლოგიებზე, თანამედროვე მსოფლიოში ინტეგრირებასა და ამერიკულ-ევროპულ მხარდაჭერაზე გააკეთებს. ანუ, გადატვირთვის პოლიტიკას საკუთარი პიარისთვის გამოიყენებს. შესაბამისად, ორივე ფიგურა შეეცდება, ელექტორატის მაქსიმალური მობილიზება შეძლოს.
პუტინის გზა პრეზიდენტობისკენ ძალადობრივ ტალღაზე გადის. ერთხელ მან უკვე გააკეთა ეს, როდესაც ჩეჩნეთის ომში მიღწეული წარმატება გამოიყენა მთავარ კოზირად პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში.
რუსეთის საზოგადოების ნაწილი ელის, რომ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ყველაფერი ძველებურად დარჩება. ნაწილი კი ვარაუდობს, რომ არჩევნებში პუტინის დამარცხების შემთხვევაში რუსეთში სიმდიდრეების, ქონების, ფულადი რესურსების სერიოზული გადანაწილება დაიწყება. ცვლილებების მომხრენი პუტინის დასამარცხებლად ყველაფერზე წავლენ. რადგან რუსეთში, ფულის და ქონების დაგროვება ძირითადად პოლიტიკურ ელიტაში ყოფნის შედეგად ხდება და არა რომელიმე ეკონომიკური ჯგუფის წარმატებული ეკონომიკური პროექტების შედეგად.
პუტინი, როგორც გამოცდილი პოლიტიკოსი ამას გრძნობს და უმოქმედოდ არ არის. ამიტომ, მოქმედ პრემიერს, რომელსაც მეტად ბევრი ბერკეტი გააჩნია, აქცენტს საგარეო საფრთხეების წინააღმდეგ მტკიცე მოქმედებაზე გააკეთებს. იმაზე, რომ რუსეთი დარჩება ზესახელმწიფოდ და თავის პირობებს უკარნახებს მსოფლიოს, კავკასიაში იქნება სტაბილურობა, რომ რუსეთი არის მხოლოდ რუსებისთვის და ა.შ.
აქედან გამომდინარე, მეტად სახიფათოა ის ტენდენციები, რომელის მოსკოვში და მთლიანად რუსეთში იგრძნობა. ანუ, ტენდენცია ნაციონალისტური განწყობების გაძლიერებისა. შესაბამისად, პუტინი მათ გამოყენებასაც შეეცდება იმის დასამტკიცებლად, რომ ის არის რუსეთის ე.წ. მტკიცე ხელი, ახალი სტალინი, რომელიც შეაჩერებს იმპერიის რღვევას და აღადგენს მას ძველ საზღვრებში.
ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით მეტად ლოგიკურია ის, რაც ხდება კავკასიაში. სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობა საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში. იხსნება ახალი და ახალი სამხედრო ე.წ. ბაზები, რადგან ევროპულ-ამერიკული და რუსეთში ტერმინის – სამხედრო ბაზა გაგება განსხვავებულია. ის რაც ცხინვალში და აფხაზეთის ტერიტორიაზე აშენდა უფრო სამხედრო პოსტებია, თვითკმარი და ცენტრალურ ბაზაზე დამოკიდებული. მოსკოვი შეეცდება ასეთი პოსტებით როგორც აფხაზეთი ასევე, ცხინვალის და მისი შემოგარენი. ანუ რუსეთი შეეცდება მცირე სამხედრო დასახლებებით, სამხედრო ქალაქებით და ინფრასტრუქტურით მთელი ოკუპირებული ტერიტორიები შეავსოს.
ეს რა თქმა უნდა იმის მანიშნებელია, რომ რუსეთი ამ მიმართულებით საკმაოდ დიდ რესურსებს დებს, იმის მიუხედავად, რომ არც ისე დალხინებული ფინანსური მდგომარეობა აქვს. მაშინ, როდესაც მას მთელი შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისთვის თანხები არ ყოფნის, ამ ქმედებებით ნათლად იკვეთება, რა არის მისთვის პრიორიტეტული.
ამის გაგრძელებაა ის დივერსიული აქტები, რომელიც საქართველოში ხდებოდა. ასევე აგენტომანიაც. რუსეთი საქართველოს შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად საკმაოდ დიდ რესურსებს ხარჯავს.
შეიძლება ითქვას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობით მოსკოვი პლაცდარმს არა მხოლოდ საქართველოსთან, ჩრდილოეთ კავკასიასთან საომრადაც ამზადებს?
- ამის ერთ-ერთი სიგნალი, ცხინვალის რეგიონში შეტევითი შეიარაღების, კონკრეტულად „სმერჩების“ განლაგებაცაა. რეგიონს ეს იარაღი თავდაცვისთვის არანაირად რა სჭირდება. ამ ფასად და ამ რესურსებით მათ სხვა თავდაცვითი საარტილერიო სისტემების გამოყენება შეეძლოთ.
საქართველოზე კონტროლის დაკარგვა რუსეთისთვის ჩრდილოეთ კავკასიაზე კონტროლის დაკარგვის წინაპირობაა. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული რუსეთის შეიარაღებული ძალების ნაწილები ეს არის შემაკავებელი ფაქტორი იმისა, რომ კავკასიური ერთობა, საქართველო-ჩრდილოეთ კავკასიის ბმა არ შედგეს.
ჩრდილოეთ კავკასიაში თუ სიტუაცია დაიძაბა და სამხედრო მოქმედებები დაიწყო, რუსეთს ლავირების შესაძლებლობა ექნება. ანუ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული სამხედრო ძალებიდან ნაწილს ჩრდილოეთ კავკასიის წინააღმდეგ მიმართავს.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოსთან დაეძაბება ურთიერთობა, ჩრდილოეთ კავკასიაში განლაგებული სამხედრო ძალებიდან ნაწილს საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენებს.
მოსკოვს მეტად დიდი სამხედრო რესურსი აქვს მობილიზებული კავკასიაში იმისთვის, რომ რეგიონის როგორც ჩრდილოეთ, ასევე სამხრეთ ნაწილში მისი სამხედრო ყოფნა იყოს ძლიერი.
ჩეჩნეთის ომის წინ, რუსეთში საკმაოდ აქტიური იყო ანტიჩეჩნური კამპანია. შემდეგ იყო ანტიქართული ისტერია, ქართველთა მასობრივი დეპორტაცია და აგვისტოს ომი. შესაძლოა თუ არა ამჟამინდელი ანტიკავკასიური კამპანია ახალი კავკასიური ომით დასრულდეს?
-მოსკოვში, სანქტ პეტერბურგში და რუსეთის სხვა დიდ ქალაქებში მიმდინარე პროცესები რუსეთის ხელისუფლების და შესაბამისი სამსახურების მხრიდან საკმაოდ ადვილი სამართავია. ამ პროცესის უკან რუსული აგრესიული პოლიტიკის მომხრეთა დაჯგუფების ინტერესები დგას. კონკრეტულად პუტინის დაჯგუფების.
ბირთვი მართვადია, მაგრამ მათ მიერ ორგანიზებული აქციები საზოგადოების შიგნით სერიოზულ დაძაბულობას იწვევს. რადგან სხვადასხვა პიარ ტექნოლოგიების და მართვადი ბირთვის გამოყენებით საზოგადოების მართვა არც თუ რთულია.
შედეგი, რომელიც სიტუაციის განმუხტვის მცდელობამ შეიძლება მოიტანოს?
- ამ დაძაბულობის განმუხტვა აუცილებლად უნდა მოხდეს ან ქვეყნის შიგნით რევოლუციურ ცვლილებებით, ან რაიმე სახის სამხედრო მოქმედებებით. რაკი პროცესები მართულია, ნაკლებ სავარაუდოა გამოსვლები ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყებაში ან, რევოლუციაში გადაიზარდოს.
ორთქლის გამოშვება სავარაუდოდ კავკასიაში მოხდება. ჩრდილოეთში თუ სამხრეთში, ეს პროცესების განვითარებაზეა დამოკიდებული.
საქართველოს შემთხვევაში, რუსეთისთვის შემაკავებელი ფაქტორი ჩვენი ქვეყნისადმი დასავლეთის მხარდაჭერა, შიდა საზოგადოებრივი ერთობა და სამხედრო ძლიერება უნდა იყოს.
ჩრდილოეთ კავკასიაში კი, სადაც უამრავი კლანის, ოლიგარქის თუ ფინანსური ჯგუფის ინტერესები ეჯახება ერთმანეთს, სიტუაცია განსხვავებულია. აქ საკმაოდ მაღალია ანტირუსული განწყობა. რასაც თან ერთვის კავკასიის ერების ლტოლვა თვითგამორკვევისკენ, რომელიც სხვადასხვა დივერსიულ აქტებში ვლინდება.
რუსეთს იქნებ სურს კიდევაც პროცესები საკუთარი ტერიტორიის გარეთ, საქართველოში გადმოიტანოს, მაგრამ მოვლენები შესაძლოა ისე განვითარდეს, რომ მას ჩრდილოეთ კავკასიაში ომის წარმოება მოუხდეს.
თუმცა რა სცენარიც უნდა შეარჩიონ კრემლში, სადაც უნდა დაიწყოს დაძაბულობა, კავკასიის ქედს გადაღმა თუ ჩვენთან ეს პროცესები ერთმანეთთან მაინც იქნება დაკავშირებული. გარკვეული დომინოს პრინციპი იმოქმედებს.
ეს პროცესები რუსეთის მიერ არის პროვოცირებული და პიკს ერთ წელიწადში მიაღწევს, როდესაც რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები კიდევ უფრო მოახლოვდება. მასზე გარედან რაიმე ზეგავლენის მოხდენა შეუძლებელია. ჩვენ მხოლოდ პროცესების კარგად გაანალიზება და საფრთხეების უკუსაგდებად მომზადება შეგვიძლია.