თეთრი ჭირი სამეგრელოსთვის

თეთრი ჭირი სამეგრელოსთვის

[ნიკა ასლანიძე]
ფოთელები ამერიკული თეთრი პეპელის შემოსევას უჩივიან. ეს პირველი შემთხვევა არ არის და არც უკანასკნელი. ფოთელების გარდა, მძიმე მდგომარეობაში არიან ხობის, წალენჯიხის,ზუგდიდის მოსახლეობა. პეპელა ანადგურებს მწვანე საფარს, დაცოცავს საცხოვრებელი სახლების კედლებზე, ჭერზე და საერთოდ ყველგან, სადაც კი მოესურვება.

“ამ სიცხეში ვერც ფანჯრებს ვაღებთ და ბავშვების ეზოში ჩაყვანასაც ვერ ვახერხებთ. ყველგან მატლები დახოხავს, ასე ცხოვრება შეუძლებელია. ვითომ შეწამლეს, მაგრამ ქუჩაში რომ მანქანა გაივლის, ასე მაგათი მოსპობა შეუძლებელია. უფრო მეტი ყურადღება სჭირდება ამ საქმეს. გვითხრეს, რომ აბლაბუდიანი ტოტები დავაჭრათ ხეებს და დავწვათ. ამდენი თუ ვჭერით ეს ტოტები ხეებს, რა მატლებს გაუხმია და რა - ჩვენ. ვინმემ მაინც მოგვაქციოს ყურადღება”, - ამბობს ახალი სოფლის უბნის მოსახლეობა.

სპეციალისტების განმარტებით კი, აბლაბუდიანი ტოტების მოჭრა და დაწვა მნიშვნელოვნად შეამცირებს მავნებლის რაოდენობას.

ამერიკული თეთრი პეპელა საშიში საკარანტინო მავნებელია, რომელიც გავრცელებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის - საქართველოშიც. აზიანებს 300-მდე სახეობის მცენარეს.

ამერიკული თეთრი პეპელა დასავლეთ საქართველოს რაიონებშია გავრცელებული და პრობლემას უქმნის, როგორც მწვანე ნარგავებს, ისე - მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებს. პრობლემაა ისიც, რომ თეთრ პეპელას არც შინაური და არც გარეული ფრინველები არ ეტანებიან. ერთადერთია ციცარი, რომელიც პეპელას და მის მატლებს “სიამოვნებით მიირთმევს”.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ქიმიური ღონისძიებების ჩატარება 24 ივნისიდან მიმდინარეობს და ფოთში 200 ჰა ფართობი დამუშავდება.

როგორც მოსახლეობა აცხადებს, ივნისიდან პეპელასთან ბრძოლის დაწყება უკვე დაგვიანებულია, რადგან ამ დროს მატლებს აბლაბუდები და პარკები უკვე გაკეთებული აქვს. იქედან მალევე პეპლები გამოფრინდებიან და მათთან ბრძოლა უფრო და უფრო რთულდება. ამიტომ თეთრ პეპელასთან ბრძოლა არა ივნისის ბოლოს, არამედ 2-3 თვით ადრე უნდა დაიწყოს.

თანაც ივლისსა და აგვისტოში საკარმიდამო ნაკვეთებში უკვე ხილ-ბოსტნეული იწყებს შემოსვლას. შეწამვლის შემდეგ კი 2-3 კვირა მცენარეებიდან რაიმეს მოკრეფა და საკვებად გამოყენება არ შეიძლება. ასე რომ, მოსახლეობა ამ მხრივაც ზარალდება.

აღსანიშნავია, რომ მავნებელი პირველად 1976 წელს სამტრედიის რაიონში დაფიქსირდა. 90-იანი წლების დასაწყისში დასვლეთ საქართველოს ნახევარს მოედო. ამჟამად, ძირითადად, სამეგრელოს რეგიონშია გავრცელებული.

დასავლეთ საქართველოში ამერიკული თეთრი პეპელის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები ყოველწლიურ რეჟიმში გრძელდება. ამჯერად ღონისძიებების მიმდინარეობას სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის უფროსი დავით კობერიძე დაესწრო.

საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსის” ცნობით, სამეგრელოსა და გურიის რაიონებში 9 აგვისტოდან ხორციელდება საკარანტინო მავნებლის - ამერიკული თეთრი პეპელის მეორე თაობის წინააღმდეგ წამლობა. პირველი თაობის წინააღმდეგ წამლობა 26 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა და 2480 ჰა ფართობი დამუშავდა.

დავით კობერიძის თქმით, ეროვნული სამსახურის მიერ სამუშაოები ტარდება თერმული ნისლის ტექნოლოგიით, ასევე, აეროზოლური (ცივი) შესხურებით და მაღალი წარმადობის თერმული და ულტრამცირემოცულობიანი გამაფრქვეველი აგრეგატებით.

სულ დაგაგემილია 10 000 ჰექტარი ფართობის დამუშავება, დღეისთვის უკვე შეწამლულია 4 500 ჰა. მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები სექტემბრის დასაწყისამდე გაგრძელდება.

კობერიძის ცნობით, 2009 წელს ეროვნულმა სამსახურმა ამერიკული თეთრი პეპელის მიერ დაზიანებული 18 170 ჰა ფართობი დაამუშავა, რაც გასულ წლებში გატარებულ ღონისძიებებს შორის ყველაზე მასშტაბური იყო და მნიშვნელოვნად შეამცირა მიმდინარე წელს მავნებლის რიცხოვნობა.