ერთი შეხვედრის ექო

ერთი შეხვედრის ექო

ლევან გაჩეჩილაძე მიხეილ სააკაშვილს და ნინო ბურჯანაძეს ღია ტელედებატებში იწვევს. საქმე შეეხება 2008 წლის არჩევნების შემდეგ მათ შორის გამართულ შეხვედრას, რომელიც დღემდე ათსგვარი მითქმა–მოთქმის საგანია.  

„ქართული პარტია“ ხელისუფლებას პარტიისა და მისი ლიდერების წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიაში ადანაშაულებს. როგორც პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ეროსი კიწმარიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, „ქართული პარტიის“ დაფუძნებიდან დღემდე, ცალკეულ მედიასაშუალებებში მიმდინარეობს „სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაკვეთილი ცილისმწამებლური კამპანია“, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების დეზორიენტაციას და ოპოზიციის ლიდერების გაერთიანებით მოსახლეობაში შექმნილი მოლოდინების გაცრუებას. 

კიწმარიშვილი გამოეხმაურა პრესაში გამოქვეყნებულ მასალას, რომელიც 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღეში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძისა და „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის შეხვედრას ეხება და სადაც გაჩეჩილაძის მხრიდან სააკაშვილთან გარიგებაზე საუბარი. 

პარტიის პოლიტიკური მდივნის განცხადებით, ეს არის უსაფუძვლო, დაკვეთილი პუბლიკაცია, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. კიწმარიშვილის ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრა გაიმართა პრეზიდენტის რეზიდენციაში, რომელსაც სააკაშვილი-გაჩეჩილაძის გარდა, ასევე ესწრებოდნენ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ნინო ბურჯანაძე და მაშინდელი გაერთიანებული ოპოზიციის - „ეროვნული საბჭოს“ წევრი დავით უსუფაშვილი. 

„იმ წინადადებების ჩანაწერებს, რომელსაც შეხვედრაზე განიხილავდნენ, სააკაშვილის დავალებით ნინო ბურჯანაძე ახორციელებდა, იმ მიზნით, რომ თუ ოპოზიცია და ხელისუფლება რიგ საკითხებზე შეთანხმდებოდნენ, ამ ჩანაწერზე ხელმოწერა მომხდარიყო საპატრიარქოში კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის თანდასწრებით და მონაწილეობით“, - აღნიშნა კიწმარიშვილმა. 

მისივე თქმით, გაჩეჩილაძის მხრიდან ერთადერთი მოთხოვნა იყო ირაკლი ბათიაშვილის გათავისუფლება, რომელიც იმავე ღამით განხორციელდა. კიწმარიშვილის ცნობით, შეხვედრაზე მიღებულ შეთავაზებებს „ეროვნულმა საბჭომ“ განხილვის შედეგად მხარი არ დაუჭირა. 

„2008 წლიდან ხელისუფლებამ დაიწყო აგრესიული, შავი პიარის კამპანია გაჩეჩილაძის წინააღმდეგ. ვრცელდებოდა ხმები მისი ავადმყოფობის, ქუჩური ტრადიციების მიმდევრობისა და ხელისუფლებასთან გარიგებების შესახებ“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ის, რაც ქვეყნდება ბოლო პერიოდში პრესის ფურცლებზე, ამ პიარის გაგრძელებაა. 

კიწმარიშვილის განცხადებით, ლევან გაჩეჩილაძე მზად არის ამ თემაზე ღია დისკუსიისთვის და სატელევიზიო ეთერში დებატებში იწვევს აღნიშნული შეხვედრის ორ მონაწილეს ხელისუფლების მხრიდან – მიხეილ სააკაშვილს ან ნინო ბურჯანაძეს. 

„გაზეთ „ასავალ–დასავალში“ გამოქვეყნდა წერილი, რომლის ავტორიც ამტკიცებს, რომ ხელთ აქვს ფურცელი, სადაც ლევან გაჩეჩილაძემ მიხეილ სააკაშვილს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამართულ შეხვედრაზე ჩამოუწერა მოთხოვნები. კერძოდ - „დროებით, 6 თვით დამნიშნე პრემიერად“, „მინდა ხუთი მილიონი“, „ილია ჭავჭავაძის საადგილმამულო ბანკის შესაქმნელად მჭირდება საწყისი კაპიტალი 10–12 მილიონი“. 

გარდა ამისა, ლევან გაჩეჩილაძეს მიხეილ სააკაშვილისთვის მოუთხოვია თინა ხიდაშელის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნა, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა, რომ ხიდაშელი არის გიგა ბოკერია კაბაში და ის ტყუილად ჰგონიათ ფრთიანი ანგელოზი... 

სააკაშვილმა, როგორც „ასავალ–დასავალშია“ მითითებული, გაჩეჩილაძეს ავანსად ორი მილიონი გადაურიცხა და დანარჩენზე უარი უთხრა. გაჩეჩილაძის მიერ ბრძოლის გაგრძელების მოტივად სტატიის ავტორი პრეზიდენტის მიერ მის „გადაგდებას“ ასახელებს. გაზეთის ცნობით, ვაჭრობის საგანი ის იყო, რომ  მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაცია მშვიდად უნდა ჩატარებულიყო“, – წერს „ინტერპრესნიუსი“. 

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტ სააკაშვილის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ლევან გაჩეჩილაძესთან ტელედებატებში მონაწილეობას ჯერჯერობით არ აპირებს. 

როგორც „დემოკრატიული მოძრაობის“ პრეს-სამსახურში განაცხადეს, „აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ნინო ბურჯანაძე ჯერჯერობით არც კომენტარის გაკეთებას მიიჩნევს საჭიროდ“.  

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის მტკიცებით, 3 წლის წინ, თბილისში მასშტაბური აქციების მიმდინარეობისას მას გაერთიანებული ოპოზიციის იმჟამინდელ ლიდერ ლევან გაჩეჩილაძესთან გენერალური პროკურორის თანამდებობის დაკავების საკითხი არასოდეს განუხილავს.  

შესაბამისად, როგორც „პირWელს“ ხიდაშელმა განუცხადა, მან არაფერი იცის პრესაში გავრცელებული იმ ინფორმაციის შესახებ, რომლის მიხედვით, გაჩეჩილაძემ პრეზიდენტ სააკაშვილს პირისპირ შეხვედრისას ხალხის დაშლის ერთ-ერთ პირობად სწორედ ხიდაშელის გაპროკურორება დაუსახელა. 

„ცხოვრებაში გენერალური პროკურორობის ამბიცია ნამდვილად მაქვს და მიხეილ სააკაშვილს სიამოვნებით დავაპატიმრებდი, თუმცა ლევან გაჩეჩილაძესთან ჩემს ამბიციებზე ნამდვილად არ მისაუბრია“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა. 

ოპოზიციონერ დეპუტატ გია ცაგარეიშვილის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერ ლევან გაჩეჩილაძეს 2008 წელს პრეზიდენტთან რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა, თუმცა ეს შეხვედრები კონფიდენციალური არ ყოფილა და მათ შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული ოპოზიციის ყველა ლიდერი ფლობდა. 

როგორც ცაგარეიშვილმა „პირWელს“ განუცხადა, „მაშინ ოპოზიცია ბევრ შეცდომას უშვებდა და ახლა ყველაფრის გაჩეჩილაძისთვის გადაბრალება უღირსი საქციელი იქნება“. „გაჩეჩილაძის შეხვედრებისა და მათი დეტალების შესახებ ოპოზიციის უკლებლივ ყველა ლიდერმა იცოდა. თუკი გაჩეჩილაძე კონფიდენციალურად ხვდებოდა სააკაშვილს, მაშინ ეს მის ნამუსზე იყოს, თუმცა ასეთ შეხვედრებს გამოვრიცხავ“, - თქვა ცაგარეიშვილმა. 

ამასთან, ირაკლი ალასანიას ამჟამინდელი თანაგუნდელი დიდ შეცდომად მიიჩნევს იმას, რომ შეხვედრები, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან იმართებოდა, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის დაფარული იყო. 

„მაშინ ოპოზიციას კიდევ ერთი სუსუსტე ახასიათებდა: საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ინფორმაციის მიწოდებას არ ვახდენდით. ეს ჩვენი გამოუცდელობის ბრალი იყო. მივენდეთ მეორე მხარეს, თუმცა ბოლოს აღმოჩნდა, რომ არც ერთს და არც მეორეს ნამუსი არ ჰქონია“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა. 

ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით, დღესდღეობით ოპოზიცია ორ ფრთად არის დაყოფილი, რომლებიც თავის მხრივ, უცნაურ წყვილებად იშლებიან: “ოპოზიციის წარმომადგენლები მზის ქვეშ ადგილის მოსაპოვებლად იბრძვიან და სულ ავიწყდებათ, რომ ხელისუფლებაც ამავე მზის ქვეშ იმყოფება”. 

ამასთან, ექსპერტი ქვეყნისთვის შექმნილ უმძიმეს ვითარებაში პასუხისმგებლობას ოპოზიციასა და ხელისუფლებას თანაბრად უნაწილებს. 

გია ხუხაშვილი ოპოზიციის შიდა დაპირისპირებაში ერთ-ერთ მთავარ პერსონას ირაკლი ოქრუაშვილს ვირტუალურ ფიგურას უწოდებს და აცხადებს, რომ მას გადაჭარბებული ამბიციები ამოძრავებს. 

„ირაკლი ოქრუაშვილი ვირტუალურ ფიგურად გვევლინება, რომელსაც საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა აქვს. არ არის საკმარისი ის ბოდიშის მაგვარი განცხადებები, რომელიც მან უკვე გააკეთა. ოქრუაშვილს ახლა უფრო მეტი ამბიციები ამოძრავებს, ვიდრე ხელისუფლების ყოფნაში დროს ჰქონდა. 

ამასთან, ოპოზიციის იმ ფლანგში, სადაც არჩევნების გზით ქვეყნის გადარჩენას ვერ ხედავენ,  ოქრუაშვილს დასაპირისპირებლად ბურჯანაძე ჰყავს შერჩეული. საზოგადოების წინაშე, პასუხისმგებლობა ბურჯანაძესაც აქვს, თუმცა მან ხელისუფლებიდან წამოსვლის შემდეგ, ოქრუაშვილისგან განსხვავებით გარკვეული რეაბილიტაცია მოახდინა“, - აცხადებს ხუხაშვილი. 

მისივე თქმით, რაც შეეხება მეორე ოპოზიციურ ფრთას, აქ ერთმანეთს „თავისუფალი დემოკრატები“ და „ქრისტიან-დემოკრატები“ უპირისპირდებიან. 

„მოკლედ, ოპოზიციური სპექტრი ორ ფრთადაა დაყოფილი, თუმცა თითოეულ მათგანში უცნაური წყვილები არსებობენ, ერთმანეთს უპირისპირდებიან და სულ ავიწყდებათ, რომ ხელისუფლებას უნდა დაუპირისპირდნენ. ყველას ჰგონია, რომ ჭეშმარიტ გზას ადგას და სხვის გზებს სულელურად მიიჩნევს, მზის ქვეშ ადგილისთვის იბრძვიან და სულ ავიწყდებათ, რომ ხელისუფლებაც ამავე მზის ქვეშ იმყოფება. 

ამ პარალელური კონკურენციის ფონზე კი, ქვეყანა დიდი რისკების ქვეშაა. ვურჩევ ოპოზიციას, მეტი პოზიტივი იყოს მათ ქმედებებში და ოპონირება არა ერთმანეთში, არამედ ხელისუფლებასთან ქონდეთ“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.