ქვეყანაში მოქმედი ყველა პროტოკოლი და გაიდლაინი მტკიცებულებებს ეყრდნობა და ჩვენი ქვეყნის საჭიროებისამებრ საერთაშორისო პროტოკოლების ადაპტირებას წარმოადგენს, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, ძირითადად ექიმები სწორედ ამ პროტოკოლებს მიჰყვებიან, თუმცა შესაძლებელია მათში გარკვეული კორექტივებიც შეიტანონ.
„ყველა ქვეყანაში არის ეროვნული პროტოკოლი და ეროვნული გაიდლაინი, მაგრამ ისინი დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან, ანუ რაღაც საერთო მიმართულებები არის. რა თქმა უნდა, როდესაც პროტოკოლი დგება ქვეყანაში და ჯანდაცვის სამინისტრო მას ამტკიცებს, ის ეყრდნობა იმ მტკიცებულებებსა და საერთაშორისო გამოცდილებებს, რაც არსებობს და ამას გარკვეულ კოორდინირებას უწევს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია. ამიტომ, ძირითადად პროტოკოლები და გაიდლაინები, რაც ქვეყანაში არის, ეყრდნობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლებს. რა თქმა უნდა, მედიცინაში აბსოლუტური არაფერია. ყველა ჩვენგანი ვართ ინდივიდუმი და შესაძლებელია ექიმმა თავისი გადაწყვეტილებით და ექსპერტული მოსაზრების საფუძველზე ზოგიერთი კორექტივი შეიტანოს, მაგრამ ძირითადად ექიმები მიჰყვებიან დადგენილ პროტოკოლებსა და გაიდლაინებს“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 135 584 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 113 986-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 267 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 2 076 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6 286 პაციენტი. კოვიდ-სასტუმროში 3 844 ადამიანი იმყოფება.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.