შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 7 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 450 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 7 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 450 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაანადგურეს, სხვადასხვა დროს, საქართველოს მასშტაბით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებული 450 კილოგრამი სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალებები, რომელთა საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 7 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ნარკოტიკების განადგურების პროცესში, რომელიც გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ჩატარდა, მუდმივმოქმედი კომისიის წევრ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობენ გენერალური პროკურატურიდან და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალურ მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურეს უკანონო ბრუნვიდან ამოღებული შემდეგი ნარკოტიკული საშუალებები:

• 2 კილოგრამი მეთადონი,
• 379 კილოგრამი კანაფი,
• 4 179 გრამი ჰეროინი,
• 218 გრამი კოკაინი,
• 261 გრამი ალფა-პვპ,
• 95 გრამი კეტამინი,
• 28 გრამი კლეფედრონი,
• 707 გრამი და 755 ტაბლეტი “მდმა“,
• 928 ტაბლეტი მეთადონი,“
• 811 ტაბლეტი ბუპრენორფინი,
• 1850 ტაბლეტი პრეგაბალინი, 256 ტაბლეტი ტრამადოლი,
• 402 ტაბლეტი კოდეინი,

ასევე, სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.

აღსანიშნავია, რომ საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები, ნივთმტკიცებად ამოღებულ ნარკოტიკებსა და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, პერმანენტულად - სამ თვეში ერთხელ ანადგურებენ. მანამდე - სასამართლოს შესაბამისი განაჩენის დადგომამდე, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, სპეციალურად მოწყობილ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ საცავში ინახება. სასამართლო განაჩენის დადგომის შემდეგ კი, საცავიდან მათი გადატანა ხდება საპატრულო პოლიციისა და დაცვის პოლიციის ეკიპაჟების თანხლებით შესაბამის ლოკაციაზე, სადაც გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების მაღალტემპერატურულ ღუმელში (ინსინერატორი) ნარკოტიკების სრულად დაწვა, განადგურება ხორციელდება.