“გირჩის” ლიდერი ზურა ჯაფარიძე “რეფორმერ ფიტნესთან” დაკავშირებით პოლიციაში გამოცხადდა. როგორც მან უწყებაში შესვლამდე „პალიტრანიუსის“ ეთერში განმარტა, თავს დაზარალებულად მიიჩნევს, რადგან გუშინ საკუთარი ბინიდან უსაფუძლოდ გამოაგდეს.
ჯაფარიძის თქმით, ის აპირებს სამართალდამცავებს აუხსნას, რომ "რეფორმერ ფიტნესის" შენობა ნამდვილად მისი საცხოვრებელი სახლია.
“12 საათზე დაიბარეს კომპანიის ხელმღვანელი და მფლობელი, ვისგანაც დარბაზი საცხოვრებლად ვიქირავე. გუშინ მითხრეს პოლიციელებმა, ხვალ მოდი და გავარკვიოთ, ნამდვილად შენი ბინაა თუ არაო. მოვედი, რომ დავუმტკიცო, ნამდვილად ჩემი ბინაა და შემიშვან შიგნით საცხოვრებლად. ჩემთან ერთად იმყოფება იმ კომპანიის ხელმძღვანელი, რომელიც 12 საათზე იყო დაბარებული. მე ვარ დაზარალებული. გუშინ საკუთარ სახლში არ შემიშვეს, გამომაგდეს. მინდა გავარკვიო, რის საფუძველზე გამომაგდეს, რადგან გუშინ არავითარი დოკუმენტი არ მაჩვენეს. არავითარი სტატუსი არ მაქვს, მაგრამ დაზარალებული ვარ, რადგან სახლიდან გამომაგდეს“,-განაცხადა ჯაფარიძემ.
მისი განმარტებით, მომხდარზე, სამართალდამცველები ფიტნეს დარბაზის მფლობელს, სისხლის სამართლის საქმის აღძვრით დაემუქრნენ.
ჯაფარიძის თქმით, სატრენაჟორო დარბაზი ძაფით არის „დალუქული“, ხოლო შენობას სამართალდამცავები აკონტროლებენ.
„დალუქული რამდენად არის არ ვიცი, მაგრამ ჰანტელები ერთმანეთზე ძაფით არის გადაბმული. ტრენაჟორებზე ძაფია შემოხვეული. დაცვა ჰყავთ დაყენებული. პოლიციელები დგანან ეზოშიც და შენობაშიც, არავის უშვებენ“,-განაცხადა ჯაფარიძემ.
„გირჩის“ ლიდერის თქმით, მკაცრი რეგულაციების შედეგად საქართველოში უამრავი ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა, რასაც ის აპროტესტებს.
ის არსებული ეპიდვითრების გაუარესებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას აკისრებს. ზურა ჯაფარიძის თქმით, ხელისუფლებას თვეები ჰქონდა იმისთვის, რომ კორონავირუსის მეორე ტალღისთვის სათანადოდ მოზადებულიყო.
გუშინ, ბათუმში, "რეფორმერი ფიტნესში" პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ფიტნეს ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სხადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები იყვენენ შეკრებილი. ადგილზე ხმაური იყო, პოლიციამ ერთი პირი დააკავა, თუმცა შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.
ცნობისთვის, 29 ნოემბერს “გირჩის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ბათუმში ჩავიდა. მისი განცხადებით, ბათუმში მდებარე ფიტნეს კლუბი "რეფორმერი ფიტნესი" საცხოვრებელ სახლად იქირავა, მას შემდეგ, რაც შრომის ინსპექციამ ობიექტი აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო დააჯარიმა.
როგორც "გირჩის" ლიდერმა სოციალურ ქსელში განმარტა, მას ფიტნეს დარბაზთან ზეპირი ხელშეკრულება დადო და ვისაც ვარჯიშის სურვილი ექნებოდა, შეეძლოთ სახლში სტუმრებოდნენ.
ვინ ხარ, რა სულიერი ხარ, რას შემოგვიჩნდი??!!