„გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ოპოზიციას აქვს ბოიკოტი, რომელიც შეიძლება რაღაც მნიშვნელოვანში დააბარტერო. საკუთარ პოზიციას, რომელიც ჯაფარიძემ „ზუმში“ ონლაინ შეხვედრაზე მხარდამჭერებთან დააფიქსირა Facebook-ზე ავრცელებს.
„მე და „გირჩსაც“ პარლამენტში შესვლა გვინდოდა, რომ იქ გვეკეთებინა საქმე, რაზეც ოპოზიციასთან შეთანხმებები დავდეთ. თუ კითხვა ისაა, რომ თუ ვადამდელ არჩევნებზე ხელისუფლებამ უარი თქვა, მაგრამ მოდის მართლმსაჯულების სისტემის იმ რეფორმაზე, რომელზეც ოპოზიცია ვართ შეთანხმებული, ამაში უნდა გაიცვალოს თუ არა ბოიკოტი, მე ეგრევე გავცვლიდი“, - ამის შესახებ ჯაფარიძემ „ზუმში“ ონლაინ შეხვედრაზე მხარდამჭერებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, „დაბარტერება“ ქვეყნისთვისაა მნიშვნელოვანი. „დააბარტერო მნიშვნელოვანში არა პარტიისთვის, არამედ ქვეყნისთვის. ახლა არის მოლოდინის რეჟიმი, რომ ხელისუფლებამ რაღაც კონკრეტული პასუხი უნდა მოიტანოს მესამე რაუნდზე, კონკრეტულად ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, მანამდე სხვა თემების წამოწევის სივრცე არ არსებობს, რადგან გაუგებარი ამბავი იქნება. ალტერნატივა უნდა იყოს წონიანი, თუ არ არის ვადამდელი არჩევნები, მაშინ რაიმე ძალიან მნიშვნელოვანი უნდა დათმოს ხელისუფლებამ“, -აღნიშნა ჯაფარიძემ.