იბრაჰიმოვიჩი:

იბრაჰიმოვიჩი: "მარადონა ბევრისთვის რელიგიად იქცა"

„მილანის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა იტალიური მედიასთან ინტერვიუში დიეგო არმანდო მარადონას შესახებ ისაუბრა. შვედმა ფეხბურთელმა ლეგენდის მიმართ ძალიან თბილი სიტყვები არ დაიშურა.

ზლატანი დარწმუნებულია, რომ მარადონა ყოველთვის ნომერ პირველ ფეხბურთელად დარჩება და რასაც მოედანს მიღმა აკეთებდა, ეს მხოლოდ მისი პრობლემა იყო.

„ძალიან ვწუხვარ, რადგან ჩემთვის მარადონა ფეხბურთზე მეტია. ის ბევრისთვის რელიგიად იქცა. მე გამიმართლა, რომ ვიცნობდი და მასთან საუბრის შესაძლებლობა მქონდა. ის არის სიმბოლო იმისა, რაც მოედანზე გააკეთა. მე მას ყოველთვის მოედანზე გაკეთებულით ვაფასებ და ის, რაც მოედნის მიღმა გააკეთა, ეს მისი პრობლემაა, ჩვენი - არა. დიეგო უნდა გავიხსენოთ იმის გამო, რაც ფეხბურთელმა გააკეთა და ჩემი აზრით, ყოველთვის ემახსოვრებათ. როდესაც 10 ნომერს ვხედავ, ვინ მახსენდება? მარადონა. სიმბოლოა, დღესაც არიან ისეთები, რომლებიც 10 ნომერს მის გამო ირჩევენ.

როგორც ადამიანიც ყველაფერს გულით აკეთებდა, არ არსებობდა სხვა მიზეზები და ფიქრები. არ ვიცი არის თუ არა ეს სწორი, მაგრამ მთელ მსოფლიოს სწორედ ამიტომ უყვარდა. დღევანდელ ფეხბურთში ყველა ცდილობს იყოს იდეალური, მაგრამ რომ გაიზარდო და ისწავლო, შეცდომა უნდა დაუშვა. მარადონა ყოველთვის ყველაფერს გულით აკეთებდა და სამუდამოდ პირველ ნომრად დარჩება“, - უთხრა იბრაჰიმოვიჩმა Sky Sport-ს.