„ხმები რომ აიღეს, ამიტომ ფინანსდებიან, ეს ხმები კი იმიტომ აიღეს, რომ პარლამენტში უნდა შევიდნენ“

„ხმები რომ აიღეს, ამიტომ ფინანსდებიან, ეს ხმები კი იმიტომ აიღეს, რომ პარლამენტში უნდა შევიდნენ“

საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერგადალახული ოპოზიცია მანდატებზე უარს აცხადებს, მაგრამ ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე უარს არ ამბობს.

საპარლამენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღები 14 პარტია გახდა. არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, პარტიების დაფინანსების წესთან დაკავშირებით, კანონში ცვლილებები განხორციელდა, რომლის საფუძველზე პარტიების დაფინანსების ფორმულა მთლიანად შეიცვალა. ახალი წესით, დაფინანსება დამოკიდებულია მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობაზე - სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას ის პარტია მიიღებს, რომელმაც პარლამენტის ბოლო არჩევნებში ხმების 1% მაინც მოიპოვა. პირველი 50 000 ხმის ფარგლებში მიღებული თითოეული ხმისათვის განსაზღვრულია 15 ლარი, ხოლო თითოეული შემდგომი ხმისთვის − 5 ლარი. აღნიშნული თანხის გარდა, პარტიები გენდერული კვოტის დაცვის შემთხვევაში, დამატებით დაფინანსებას იღებენ. კერძოდ, ვის საარჩევნო სიაშიც ყოველი მესამე განსხვავებული სქესის წარმომადგენელია, მისაღებ დაფინანსებას თანხის 30% ემატება. წამახალისებელი გენდერული კვოტა დაიცვა: „ევროპულმა საქართველომ“, „პატრიოტთა ალიანსმა“, „ალეკო ელისაშვილი მოქალაქეებმა“ და ბლოკმა „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“.

კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მქონე პარტიებს ყოველწლიურად საბიუჯეტო დაფინანსება შემდეგი ოდენობით ერგებათ: „ევროპული საქართველო“- (72 986 ხმა); ჯამში, 1 124 409 ლარი.

საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“ (523 127 ხმა); ჯამში, 3 115 635 ლარი. აღნიშნული ბლოკი არჩევნებში ხუთი პარტიით მონაწილეობდა, რომელთა შორის თანხა შემდეგი პროპორციით განაწილდება:

ნაციონალური მოძრაობა“ – 2 299 635 ლარი; „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ – 240 000 ლარი; „პროგრესი და თავისუფლება“ – 12 000 ლარი; „რესპუბლიკური პარტია“ – 204 000 ლარი; „ევროპელი დემოკრატები“ – 360 000 ლარი; „პატრიოტთა ალიანსი“ (60 480 ხმა), ჯამში, 1 043 120 ლარი. „ლეიბორისტული პარტია“ (19 314 ხმა); ჯამში, 289 710 ლარი. „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“ (25 508 ხმა); ჯამში, 497 406 ლარი.

საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ (60 671 ხმა); ჯამში, 1 044 361 ლარი. ბლოკი არჩევნებში ორი პარტიით მონაწილეობდა, რომელთა შორის დაფინანსება შემდეგი ოდენობით განაწილდება: „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ – 939 925 ლარი. “კანონი და სამართალი“ – 104 436 ლარი. „გირჩი“ (55 598 ხმა); ჯამში, 777 990 ლარი.

ქართული ოცნება“ (928 004 ხმა); ჯამში, 5 140 020 ლარი. „ლელო“ (60 712 ხმა); ჯამში, 803 560 ლარი.

ცესკოს საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე წერილობითი თანხმობით ცხრა პარტიამ მიმართა. ხუთ პარტიას კი, რომელსაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ბიუჯეტიდან დაფინანსება ეკუთვნის, ცესკოში განაცხადი არ შეუტანია. ცესკოსათვის დაფინანსების მისაღებად არ მიუმართავს: „ლეიბორისტულ პარტიას“, მოქალაქეებს“, გირჩსა“ და ლელოს“.

უნდა ფინანსდებოდეს თუ არა ქვეყნის მთავარი ბიუჯეტიდან პარტიები, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ და როგორ უნდა დარეგულირდეს ეს საკითხი, for.ge-ის ამ კითხვებზე „ქართული ოცნების“ წევრი ნუკრი ქანთარია პასუხობს.

ბიუჯეტიდან უნდა ფინანსდებოდეს თუ არა ოპოზიცია, რადგან პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს?

- მარტო მე კი არა, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს არ მოუნდება, რომ ფინანსდებოდეს. პოლიტიკური ძალები ბიუჯეტიდან იმიტომ ფინანსდებიან, რომ მათ პოლიტიკური მოღვაწეობა გააგრძელონ, რათა ქვეყანას გამოადგნენ. თუ პარლამენტში არ შედიან და ამ დროს სახელმწიფოსგან ფულს იღებენ, ეს უკვე უსინდისობაა და მეტი არაფერი.

ოპოზიციის ნაწილს დაფინანსებისთვის ცესკოსთვის ჯერ არ მიუმართავს...

- თუ იძახი და აკვიატებული გაქვს, რომ არჩევნები გაყალბდა (დარწმუნებული ვარ, მეორედ რომ ჩატარდეს ამდენ ხმას ვეღარ აიღებენ), ამ დროს კი, მეორე ხელით ლეგიტიმაციას აძლევ, საკუთარ თავს უარყოფ. სახეზეა სიხარბე - ერთი მხრივ ფული უნდათ და მეორე მხრივ პარლამენტში შესვლა არ სურთ. ისინი ფიქრობენ, ერთპარტიულ პარლამენტს რომ დავტოვებთ, ეს იქნება მმართველი გუნდისთვის სუსტი წერტილიო. ახლა ისინი საკუთარი ნათქვამის ტყვეობაში არიან. თუ უნდათ დაფინანსება, უნდა შევიდნენ და იმუშაონ, იქ მოახდინონ საკუთარი აზრების რეალიზება.

თქვენ როგორ ფიქრობთ, ის ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც დაფინანსება მოითხოვეს, მანდატებთან დაკავშირებით თავიანთ გადაწყვეტილებას ხომ არ შეცვლიან?

- ამას დაზუსტებით ვერ გეტყვით. თუმცა, ასეთი პრეცედენტიც იყო. ერთ-ერთი პარტია პარლამენტში არ შევიდა, მაგრამ ხელფასებს იღებდნენ. შეიძლება, ეს ოპოზიციაც ამ გზას ადგას. ახლა ხელფასს არა, მაგრამ დაფინანსებას იღებენ პარტიისთვის, სწორედ იმისთვის, რომ ხმები აიღეს. ამაშია საქმე, ხმები რომ აიღეს, ამიტომ ფინანსდებიან. ეს ხმები კიდევ იმიტომ აიღეს, რომ პარლამენტში უნდა შევიდნენ, მაგრამ იქ შესვლა არ უნდათ. ყველანაირ ლოგიკას სცილდება. მარტო მინდა - მინდაზეა საუბარი ამ დროს კიდევ, ქვეყანაში უსაშველოდ დიდი პრობლემაა - პანდემია. იმის ნაცვლად, რომ ყველა ერთად დაჯდეს, რათა ეს პრობლემა გადაიჭრას, ამ დროს პირადი მერკანტიული აზრებით არიან დაკავებულები. იმედი მაქვს, რომ გონზე მოვლენ.

პანდემია ახსენეთ და ცნობილი გახდა, რომ 31 იანვრამდე წერტილოვანი „ლოკდაუნი“ გაფართოვდა. თითქმის ყველაფერი დაიხურა. ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებასაც ოპოზიცია აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მთავრობამ პანდემიასთან ბრძოლაში კრახი განიცადა...

- ეს იმდენად ვერაგი დაავადებაა, რომ ამ ვირუს ვერც ერთმა ქვეყანამ აჯობა. გამონაკლისები არც ჩვენ ვართ. ხელისუფლების მხრიდან მაქსიმალურად მიმდინარეობს მცდელობა, რომ იქნებ როგორმე ეს პროცესი შეანელონ. თქვენ კარგად ხედავთ, რომ ექიმების რესურსიც ნელ-ნელა იწურება. ინფექცია ძალიან სწრაფად ვრცელდება და დღიური მაჩვენებელი 4 ათასსაც კი ასცდა. რა თქმა უნდა, ეს ჩაკეტვები მთავრობას გათვლილი ექნება.

პანდემიის ბრძოლის დროს კი, ოპოზიცია სულ სხვა მიზნებისთვის არის შეპყრობილი. ეს რასაკვირველია, ქვეყანას აზარალებს.

გამოცხადებული „ლოქდაუნი“ ქვეყნის ეკონომიკაზე როგორ აისახება?

- რასაკვირველია, აზარალებს. თუმცა, აქ ორი რამეა გასარკვევი რა უფრო აზარალებს - როდესაც ექიმების რესურსები იწურება და ადამიანები საავადმყოფოებში ადგილს ვეღარ პოულობენ, თუ ეკონომიკა? ამ თვალსაზრისით, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ „ლოქდაუნებით“ ეპიდვითარება მართონ. ბუნებრივია, ეს ეკონომიკას კარგს ვერაფერს მოუტანს.

გაფართოვებული „ლოქდაუნი“ ცოტა დაგვიანებულიც ხომ არ იყო?

- გარკვეულ მომენტში შეიძლება დაგვიანებულიც იყო, მაგრამ არჩევნები იყო. იმ დროს რომ ჩაეკეტათ, ოპოზიცია იტყოდა წინასაარჩევნო კამპანიის საშუალება არ მოგვცესო. კამპანია ჩაატარეს და რა ამბავი ატეხეს და კამპანია რომ არ ჩაეტარებინათ, მერე გენახათ, რა ამბავს ატეხავდნენ. არჩევნები, რომ არა, იქამდეც ჩაკეტავდნენ.

გაფართოვებული „ლოკდაუნი“ 31 იანვრამდეა და მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სესია დეკემბერში უნდა გაიმართოს, როგორ მოხდება ეს?

- პრემიერ-მინისტრმაც განაცხადა, რომ პარლამენტის პირველი სესია აუცილებლად გაიმართება. სავარაუდოდ, დისტანციის დაცვით შეიკრიბებიან. თან, თუ ის 60 დეპუტატი არ შევა, 90 დეპუტატს დისტანციის დაცვა არ გაუჭირდება.