ირინა სარიშვილი-ჭანტურიას ციხე ემუქრება?!

ირინა სარიშვილი-ჭანტურიას ციხე ემუქრება?!

ხვალინდელი დღე პარლამენტარებისთვის, ერთობ, სენსაციური განცხადებით დაიწყება. ედპ-ს ლიდერი, ირინა სარიშვილი-ჭანტურია პარლამენტის წინაშე საკუთარი იმუნიტეტის მოხსნის საკითხს დააყენებს.

„ყველაფერს ვიღონებ, რათა პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება მიიღოს“, - აცხადებს იგი, თუმცა, რით აიძულებს და რას შესთავაზებს კოლეგებს ისეთს, რომ ამგვარ ნაბიჯზე წავიდნენ, სარიშვილი-ჭანტურია, ჯერჯერობით, საიდუმლოდ ინახავს.

გიორგი გოგნიაშვილი, სახალხო ფრაქციის წევრი: - ეს გოგო, როგორც ყოველთვის, ვიღაცის დარიგებითა და დავალებით მოქმედებს. ყველამ კარგად იცის, ეს „ვიღაც“ ვინც არის. თუ ესეც ამ დავალების გაგრძელებაა, მაშინ სარიშვილის განცხადებას სულ სხვა შეფასებას მივცემდი.

როგორ?

- ალბათ, გასაგებია, როგორსაც... მე ჯერ ის მაინტერესებს, პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აქამდე რატომ არ აღიძრა. ერთი სიტყვით, ძალიან ბევრი კითხვა მაქვს, ჯერ პასუხი გამცენ და მერე გადავწყვეტ, როგორ მოვიქცე.

მიხეილ სააკაშვილი, ფრაქცია „მოქალაქეთა კავშირის წევრი: - თუ სარიშვილის მისამართით კონკრეტულ ბრალდებებს არ წამოაყენებენ, იმუნიტეტის მოხსნაზე საუბარი არ შეიძლება. ჯერჯერობით, პროკურატურას ბრალი არ წაუყენებია. საერთოდ, იმუნიტეტის საკითხი გადასახედია. დეპუტატებს განუსაზღვრელი უფლებები არ უნდა ჰქონდეთ. ყველამ საკუთარ ტყავზე უნდა იგრძნოს, უბრალო მოქალაქე რა მდგომარეობაშია და საერთოდ, კონსტიტუციაა გადასახედი.

სამშაბათამდე კონსტიტუციას ვერ შეცვლით. კონკრეტულად რას აპირებთ?

- არ ვიცი... რას ვიზამთ. დეპუტატის იმუნიტეტი კონსტიტუციით არის დაცული. სარიშვილისთვის არც დანაშაულზე წაუსწრიათ და არც ბრალი წაუყენებიათ. რის საფუძველზე უნდა მოვუხსნათ?

სარიშვილი-ჭანტურიას განცხადებით, იგი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას საქმეს უიოლებს. „მერე ვეღარ იტყვიან, იმუნიტეტით სარგებლობდა და სისხლის სამართლის საქმე ამიტომ ვერ აღვძარითო“, - ამბობს იგი.

გენერალური პროკურორის მოადგილემ, ანზორ ბალუაშვილმა კი „ალიასთან“ საუბარში გაოცება ვერ დაფარა:

- ვერც ერთ ჩემს დოკუმენტს ვერ ნახავთ, სადაც ქალბატონი ირინას იმუნიტეტის საკითხი დავაყენე. მე მას ვთხოვე, პროკურატურაში მოსულიყო, მასალებს გაცნობოდა და პრეტენზია ამის შემდეგ წამოეყენებინა.

ქალბატონი ირინა მასალებს არ გასცნობია?

- სარიშვილი პროკურატურაში არ მოვიდა. სამმართველოს პროკურორი რამდენჯერმე ბინაშიც ვაახლე, სამსახურშიც გავაგზავნე, წერილიც მივწერე, მაგრამ მოსვლაზე კატეგორიულ უარს გვეუბნება. ჩვენ მზად ვართ, მისი წინადადებები განვიხილოთ და გადაწყვეტილება ამის შემდეგ მივიღო.

თქვენ არც ერთი აუდიოკასეტა არ მოგისმენიათ, კანონიერ გადაწყვეტილებას როგორ მიიღებთ?

- საუბარი მხოლოდ აუდიოკასეტებზე არ არის. სარიშვილმა კონკრეტული ფაქტები დაასახელა. ეს ფაქტები შემოწმდა და არ დადასტურდა. რაც შეეხება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლს, რომელსაც სარიშვილი-ჭანტურია იშველიებს, ამ საკითხს, საერთოდ, არ ეხება. ყველაფერი იმ იურისტების სინდისზე იყოს, ვინც მას ასეთი რჩევა-დარიგებები მისცა.

თუ სარიშვილის ბრალდებები ცილისწამება და მონაჭორია, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს რატომ არ აღძრავთ, ან პარლამენტს რატომ არ სთხოვთ, იმუნიტეტი მოუხსნას?

- ჩემს დასკვნაში ასეთი რამ არ წერია. იქ წერია: „ფაქტები სინამდვილეს არ შეესაბამება და მონაჭორია“.

ეს რა, ერთი და იგივე არ არის?

- არ არის. ჯერ მე არ მითქვამს, რომ სარიშვილმა ვინმეს ცილი დასწამა. მისი პიროვნების საკითხი ჯერ არ დამდგარა.

და შეიძლება დადგეს?

- ჯერჯერობით, რაღაც საკითხები გადასაწყვეტი გვაქვს. სისხლის სამართლის საქმეს რომ აღვძრავ, უნდა დავადასტურო, შეგნებულად, წინასწარი განზრახვით გააკეთა ეს თუ შეუგნებლად.

ქართულ პოლიტიკურ პრაქტიკაში კი იმუნიტეტის მოხსნის პრეცედენტი მაშინაც არ ყოფილა, როდესაც „მხედრიონის“ ლიდერი, დეპუტატი ჯაბა იოსელიანი დააპატიმრეს და არც მაშინ, როცა მონარქისტ თემურ ჟორჟოლიანს დანაშაულზე წაასწრეს.

დეპუტატები, ალბათ, მსგავსს არც ახლა დაუშვებენ, თუნდაც იმიტომ, რომ ქალბატონი პარლამენტარი ციხის გზას არ გაუყენონ. ისე კი, საინტერესოა, რა გეგმები ექნება ირინა სარიშვილი-ჭანტურიას, თუ პარლამენტმა მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა, პროკურატურამ კი, იმუნიტეტის მოხსნისთანავე, მასზე სანქცია გასცა.