გიორგი ბარამიძემ თანაპარტიელებს შეუტია

გიორგი ბარამიძემ თანაპარტიელებს შეუტია

(იბეჭდება შემოკლებით)

გიორგი ბარამიძემ გუშინ გამართულ ფრაქცია „მოქალაქეთა კავშირის“ სხდომაზე ფრაქციის წევრებს თანამდებობის პირთა ქონებრივი აღნუსხვის წარმოება შესთავაზა, რასაც ოფიციალურად დეკლარაციის სახე ექნება და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, „თუნდაც ჟურნალისტისათვის“ იქნება ხელმისაწვდომი.

მისი აზრით, საჭიროა ამ საკითხის შემსწავლელი ინსტიტუტის შექმნა, რომელიც კონტროლის პალატისგან დამოუკიდებლად იმუშავებს. ამ დეკლარაციის გამოუქვეყნებლობა დაუშვებელია.

გამსახურდიას დროინდელ მთავრობაშიც იყო ანალოგიური პრეცედენტი. ყველა თანამდებობის პირი ვალდებული იყო, აღენუსხა საკუთარი ქონება, მაგრამ კონტროლი არ ეწეოდა თვითონ შემოსავლის წყაროს.

ბარამიძის მტკიცებით, მსგავსი შეცდომები აღარ განმეორდება და კორუფციას იგი ამ ეტაპზე დეკლარაციის საჯაროობით დაუპირისპირდება. დამოუკიდებელი ექსპერტების პროგნოზით, კორუმპირებულ თანამდებობის პირთა ასეთი „ხმამაღალი“ დაშინება რა შედეგს მოიტანს, უახლოეს მომავალში გაეცემა პასუხი. ვინაიდან, ვისაც „პარადი“ მიჰყავს, მას ჯერჯერობით არავისი ეშინია.

თანამდებობის პირთა დეკლარირების საქმეში ბარამიძეს პრესის მხარდაჭერის იმედი აქვს. იმისდა მიუხედავად, რომ პრესამ ნებისმიერი მინისტრის შემოსავალი იცის, ბარამიძე თვლის, რომ ჟურნალისტებს ამ კანონპროექტის მოფიქრებით ახალი საარსებო წყარო - პური არსობისა მისცა.