რა უფლებები ექნება და რა არა 90 დეპუტატით „ქართულ ოცნებას“ მე-10 მოწვევის პარლამენტში

რა უფლებები ექნება და რა არა 90 დეპუტატით „ქართულ ოცნებას“ მე-10 მოწვევის პარლამენტში

საპარლამენტო არჩევნები დასრულდა, თუმცა მოვლენები საკმაოდ საინტერესოდ განვითარდა - ბარიერ გადალახული ოპოზიცია მანდატებზე და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს. მათგან განსხვავებით „ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ორგანოში 90 დეპუტატით შედის.

როდის დაიწყებს საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი მუშაობას, ზუსტი თარიღი უცნობია. როგორც კონსტიტუციონალისტმა, ლევან ალაფიშვილმა for.ge-თან საუბრისას განაცხადა, პარლამენტის პირველი სესიის თარიღი ცესკოს მიერ შემაჯამებელი ოქმების გამოცხადებაზეა დამოკიდებული, თუმცა ამბობს, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტი მუშაობას დეკემბერში აუცილებლად შეუდგება.

მე-10 მოწვევის პარლამენტი მუშაობას როდის შეუდგება?

- კანონის მიხედვით, არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 10 დღეში უნდა იქნას ჩატარებული პარლამენტის პირველი სხდომა. როდის შეაჯამებს ცესკო, არ ვიცი, თუმცა ამისთვის ჯერ ვადა აქვს. შესაბამისად, გასაჩივრების ვადები არის, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციაში, ასევე სასამართლოში. ამ ვადების გასვლის შემდეგ კი, ცესკო შეაჯამებს და შეჯამებულ შედეგებს გამოაქვეყნებს. ანუ, პარლამენტის შეკრება ორ რამეზეა დამოკიდებული - როდის შეაჯამებს ცესკო და როდის გამოაქვეყნებს. ამის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი როდის მოიწვევს პარლამენტის პირველ სხდომას, ეს უცნობია. თუმცა, დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს დეკემბერში მოხდება.

ოპოზიცია უარს აცხადებს პარლამენტში შესვლაზე და პროცედურულად როგორ ხდება მანდატებზე უარის თქმა?

- ვინც დეპუტატის სტატუსის მატარებელი იქნება, მან პარლამენტს განცხადებით უნდა მიმართოს და უფლებამოსილების შეწყვეტა უნდა მოითხოვოს, ხოლო პარტიული სიები, რომელიც ცესკოშია, იქ თავად სუბიექტებმა უნდა თქვან უარი სიაზე ან კანდიდატურაზე. ამის შემდეგ, ცესკო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, სიის გაუქმების თუ ცალკეული კანდიდატის სიიდან ამოღების თაობაზე.

მე-10 მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნება“ 90 დეპუტატით არის წარმოდგენილი. 90 დეპუტატით რისი განხორციელების უფლება არ ექნებათ, ან პირიქით ექნებათ?

- პარლამენტს ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს. მმართველმა გუნდმა შეიძლება რაღაც კონკრეტულ შემთხვევაში კანონი ვერ მიიღოს. კი, ჩვეულებრივ კანონის მისაღებად 50-დან 76-მდე დეპუტატი სჭირდება, თუმცა ჩვენ ამ პარლამენტისა თუ წინა პარლამენტის პირობებში გვინახია, რომ არათუ 76 ხმა ვერ გროვდებოდა, პლენალური სხდომების ჩასატარებლად ქვორუმიც კი ვერ დგებოდა.

„ოცნება“ ვერ მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რადგან ამისთვის პარლამენტის უმრავლესობის 2/3-ია საჭირო. ვერ მიიღებს იმ კონსტიტუციურ კანონს, რომელიც დაკავშირებული იქნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან, ამას 100 დეპუტატი სჭირდება. ვერ დააყენებს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს, რადგან ამას 100 და მეტი დეპუტატის ხმა სჭირდება. ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას კომუნიკაციის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე, ამ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა 101 დეპუტატი ან მეტი. შეიძლება პრობლემა შეექმნას სახალხო დამცველის არჩევის დროს, რადგან 90 ხმაა საჭირო. თუმცა, 2 კანდიდატურა თუ დასახელდა, 90 ხმას ვერც ერთი დააგროვებს. 90 ხმა არის საჭირო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ასარჩევად.

კომიტეტებს და ფრაქციებს თუ ჩამოაყალიბებს?

- კომიტეტებისა და ფრაქციების დაკომპლექტებისას „ოცნებას“ პრობლემა არ შექმნება. რეგლამენტის მხრივ კომიტეტები 10 წევრისგან შედგება. შესაბამისად, ამ მხრივ პრობლემა არ შეექმნებათ. უბრალოდ, პარლამენტში არ გვეყოლება პარლამენტის თავმჯდომარის ორი მოადგილე უმცირესობისა და ოპოზიციის კვოტიდან. ასევე, არ გვეყოლება კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები ოპოზიციიდან.

გასაგებია, რომ მთავრობის ჩამოყალიბებაც შეეძლებათ, მაგრამ თუ არის მაინც რაიმე ფაქტორი, რაც ხელს შეუშლის „ქართულ ოცნებას“ აღმასრულებელი ხელისუფლება რომ დააკომპლექტოს?

- კონსტიტუციით და არითმეტიკით თუ ვიმსჯელებთ, პრობლემა არ ექნებათ, მაგრამ შეიძლება, რაღაც გაითამაშონ და არ დააკომპლექტონ. კონსტიტუციით 76 ხმა არის საჭირო მთავრობის დასაკომპლექტებლად.

ქვეყნის მთავარი ბიუჯეტის დამტკიცება კანონით როდის უნდა მოხდეს და შეძლებს მმართველი გუნდი რომ დაამტკიცოს?

- ვფიქრობ, ბიუჯეტის დამტკიცებაზე მმართველ გუნდს არანაირი პრობლემა არ შეექმნება. იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც ბიუჯეტის საკითხი „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო დაწყებული და 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა. ბიუჯეტის დასამტკიცებლად დეკემბრის ბოლო კვირამდე ვადა არის. შესაბამისად, არ მგონია, რომ რაიმე პრობლემა შეიქმნას.

petrekupry პარლამენტართა რაოდენობა 100-მდე უნდა შემცირდეს.... აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული რეგიონული პრინციპი. არჩევნები რეგიონულ-[როპორციული პრინციპით უნდა ჩატარდეს
3 წლის უკან