პერსპექტიული საქმრო - კახა თარგამაძე

პერსპექტიული საქმრო - კახა თარგამაძე

14 დეკემბერს, საკომიტეტო განხილვისას შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დასამტკიცებლად წარმოადგინეს კახა თარგამაძის კანდიდატურა.

იგი დაიბადა 1955 წელს ბათუმში. 1987 წელს დაამთავრა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი. 1979 წლიდან მუშაობდა შსს-ში სხვადასხვა თანამდებობებზე. ამჟამად ორგანიზებული დანაშაულის, კორუფციის, რეკეტისა და ეკონომიკური დივერსიის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის თავმჯდომარეა.

კახა თარგამაძის თქმით, მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობითაა გახსნილი 700-ზე მეტი მძიმე დანაშაული. ლიკვიდირებულია 150-მდე ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფი. მათ შორისაა ბოლო დროს გახსნილი ყველა ტერაქტი.

კახა თარგამაძეს განსაკუთრებით თავი გამოუჩენია ბორჯომის ხეობაში 5 მკვლელობის გახსნაში, რუსთავიდან გატაცებული 1 ტონა დარიშხანის დაბრუნებაში, ასევე გატაცებული 4 ვერტმფრენის აღმოჩენისა და სასაზღვრო და საბაჟო შემოწმებაგავლილი 18 ძვირფასი ტილოს დაბრუნებაში.

ქალაქის პოლიციის ყოფილი უფროსის ზეიკიძის კითხვაზე, თუ როგორ დაიზღვევს იგი თავს მომავალში უშიშროების სამსახურიდან ცრუ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, თარგამაძემ უპასუხა, რომ მას თვითონ ჰყავს აღმოჩენილი და გამოვლენილი ეს დეზინფორმატორები.

მომავალ მინისტრს ასევე კარგად ესმის რომ პოლიციაში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ, ყველაფერი წესრიგში არ არის და აცხადებს, რომ „ერთი ადამიანის უდანაშაულოდ დაკავება მთელი სამსახურის დისკრედიტაციას ნიშნავს“.

კარგია, ეს სიტყვები თუ მისი მოქმედების კრედოდ იქცევა მომავალში. თუმცა, ელენე თევდორაძის საუბრისას, რომელიც ციხეში პატიმრების მდგომარეობას შეეხებოდა, დარბაზში ხმაური ატყდა. დეპუტატებს ეს საკითხი არ აინტერესებდათ.

თენგიზ შარმანაშვილის კითხვაზე, ახალი კონსტიტუციის პირობებში, როცა უკვე 48 საათში მსჯავრდადებული მოსამართლეს უნდა წარუდგინონ, როგორ აპირებს იგი ასეთი „პროფესიონალებით“ მუშაობას, თარგამაძეს ახალი არაფერი უთქვამს. თუმცა, დამსწრეთ დაეთანხმა, რომ ასამაღლებელია პოლიციელთა პროფესიონალიზმი, ინტელექტუალური დონე და დასახვეწია გარეგნობა.

როსტომ დოლიძეს მინისტრის კანდიდატურის განხილვისას მხოლოდ ის აინტერესებდა როდის აპირებს თარგამაძე ცოლის მოყვანას და შსს-ში კორუფციის აღკვეთას.

განხილვა ისე გახანგრძლივდა, რომ ორ მოქკავშირელ ქალბატონს ლანა ღოღობერიძესა და მანანა გიგინეიშვილს ტკბილმა სიზმრებმა თავი წაართვეს. ადრე ამ სავარძელზე ნიკო ლეკიშვილს ეძინა. ის ახლა სახელმწიფო მინისტრია. შემდეგ - ლანა ღოღობერიძეს, რომელიც ფრაქცია „მოქალაქის“ თავმჯდომარე გახდა.