პაატა იმნაძის განცხადებით, მომავალი 2-3 კვირის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების კიდევ მატებაა მოსალოდნელი

პაატა იმნაძის განცხადებით, მომავალი 2-3 კვირის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების კიდევ მატებაა მოსალოდნელი

რეალურად, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში ორჯერ მეტი გვაქვს. უბრალოდ, ეს არის მსუბუქი შემთხვევები და ასეთი პაციენტები სამედიცინო დაწესებულებებს არ მიმართავენ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „ქრონიკას“ სატელეფონო ჩართვისას განუცხადა.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდის სხვადასხვა ტიპის აქტივობამ სიტუაცია ქვეყანაში გააუარესა. შესაბამისად, შემთხვევების კიდევ მატებაა მოსალოდნელი.

„სამწუხაროდ, ასეთი მაღალი ციფრები 2-3 კვირა კიდევ იქნება, რაც ჩვენი ჯანდაცვის სისტემაზე დიდ დატვირთვას იწვევს. უნდა ვივარაუდოდთ, რომ ეს ციფრები დაბლა წამოვა, მაგრამ ნუ ვიფიქრებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი კლება იქნება. ეს მნიშვნელოვანი კლება არ იქნება. შესაძლოა მოიკლოს, მაგრამ ასეთი მაღალი ციფრები კარგა ხანს იქნება“, - განაცხადა იმნაძემ.

მისივე თქმით, ახალი შემთხვევების გამოვლენა სიმპტომიან პაციენტებში ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში გაცილებით მეტია.

„ახალ შემთხვევების დადასტურება სიმპტომების მქონე ადამიანებში ხდება. რეალურად კი ჩვენ ახლა გვაქვს ორჯერ მეტი შემთხვევები, უბრალოდ, ეს არის მსუბუქი შემთხვევები და ასეთი პაციენტები სამედიცინო დაწესებულებებს არ მიმართავენ. ამ შემთხვევების ლაბორატორიულად დადასტურება არ ხდება. აქედან გამომდინარე, ყველა წესის დაცვა სულ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან უსიმპტომო და ნაკლებადსიმპტომიანი ადამიანები, რომლებსაც მცირე გაციება აღენიშნებათ, ინფექციის გადამტანები არიან. კი ბატონო, მოსახლეობის აბსოლუტურმა უმეტესობამ პრობლემის გარეშე გადაიტანა კორონავირუსი, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი მსხვერპლიცაა. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ყველამ და ყველგან უნდა დავიცვათ წესები. ეს არის: ნიღაბი და დისტანცია. სამწუხაროდ, კაცობრიობამ ჯერჯერობით ამ ვირუსის გავრცელებას სხვა ვერაფერი დაუპირისპირა“, - განაცხადა იმნაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 100 684 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 81 783-ს შეადგენს. გარდაიცვალა 927 მოქალაქე. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.