მთავრობა უცხოელი ინვესტორების მოზიდვას ცდილობს და მათ გულის მოსაგებად სპეციალური პროგრამაც აამოქმედა. ამან ადგილობრივი ბიზნესმენების კრიტიკა გამოიწვია. ისინი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა - „FDI გრანტი“, რომელსაც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.
აღნიშნული მექანიზმი მიმართულია ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების ზრდის ხელშეწყობისკენ, ტექნოლოგიის შემოდინების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისკენ.
უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, პრიორიტეტულ ეკონომიკიურ სექტორებად განისაზღვრა:
- ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის პროდუქციის წარმოება; სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების წარმოება;
- მანქანების და მოწყობილობების (მანქანა-დანადგარები) ასევე მათი ნაწილების წარმოება;
- ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნეს სერვისების - პროცესების აუთსორსინგი, რომელიც გულისხმობს საქართველოდან სხვა უცხოურ ბაზარზე მომსახურების მიწოდებას - აუთსორსინგს;
- დასაწყობება და ლოგისტიკური ცენტრების შექმნა, საჰაერო ხომალდების რემონტი და ტექნიკური მომსახურება.
იმ კომპანიებს, რომლებიც შექმნილია უცხოური კაპიტალით და მოისურვებენ საქართველოში შემოსვლას, ახალი წარმოების გახსნას ან არსებული წარმოების გადმოტანას, ასევე, აიღებენ ვალდებულებას, რომ სულ მცირე 10 მლნ ლარის ინვესტიცია ჩადონ საქართველოში, დაასაქმებენ მინიმუმ 150 ადამიანს, მიეცემათ თანადაფინანსება 1 მლნ ლარის ოდენობით, რომლის მიზნობრიობაც იქნება დასაქმებული კადრების მომზადება და გადამზადება, ასევე სხვადასხვა მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაო, რომელიც მათ შეიძლება დასჭირდეთ.
სააგენტოსა და ინვესტორს შორის გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომლითაც ინვესტორი იღებს საინვესტიციო ვალდებულებას და იწყებს პროექტის განხორციელებას, რომლის მაქსიმალური ვადა 39 თვე შეადგენს.
„კონკრეტული დარგების ჩამონათვალის შერჩევისას გავითვალისწინეთ „აწარმოე საქართველოში“ ჩვენი უცხოელი კონსულტანტების რჩევები. თანადაფინანსების ფორმა კარგად იმუშავებს შერჩეულ დარგებში. ეს არის დარგები, სადაც ყველაზე მეტად შრომატევადი პროცესებია და რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილები შეიქმნება. ვფიქრობთ, ეს იქნება დამატებითი სტიმული ინვესტორებისთვის“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.
აკადემიკოს ავთო სილაგაძის აზრით, უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორებისათვის არსებული სიტუაცია არახელსაყრელია. ახალი პროგრამა არის ნაბიჯი, რათა უცხოელი ინვესტორები მოვიზიდოთ და თანაც ადგილობრივი სამუშაო ძალის მხარდაჭერაც იყოს გარანტირებული.
„ეს არ არის ცუდი, მაგრამ უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორი არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან თუ ადგილობრვი ჩადებს იგივე თანხას, ის რატომ არ უნდა წავახალისოთ? სჯობს, ორივე თანაბარ სიტუაციაში იყოს“, - აცხადებს სილაგაძე.
იმაზე, რაც ექსპერტებმა მოსაზრების დონეზე გამოთქვეს, გაცილებით მოურიდებლად ილაპარაკეს ადგილობრივმა ბიზნესმენებმა. მათი აზრით, უცხოელი ინვესტორები პრივილეგირებულ მდგომარეობაში არ უნდა იყვნენ.
გადასახადის გადამხდელთა კავშირის ხელმძღვანელი, სანდრო რატიშვილი მთავრობის მიერ დაანონსებულ ახალ ინიციატივას გამოეხმაურა:
„ჩვენც ინვესტორები ვართ, ვაბანდებთ ფულს ეკონომიკაში, ვასაქმებთ ადამიანებს და ვქმნით აქ დოვლათს. საინტერესოა, რა გაკეთდა ჩვენი ხელშეწყობისთვის. მთავრობის გადადგმული ნაბიჯები თითქოს მიმართულია ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღებისკენ, მაგრამ ადგილობრივი კომპანიები, მოქმედი ბიზნესმენები ვართ ის პოტენციალი ქვეყნისთვის, ვისაც შეგვიძლია ქმედითი, სწრაფი ნაბიჯები გადავდგათ და გავაჯანსაღოთ ეკონომიკა“, - განაცხადა რატიშვილმა.
კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელ თემურ ჭყონიას კი მიაჩნია, რომ პანდემიის გამო შექმნილ კრიზისულ პერიოდში უცხოური ინვესტიციები საქართველოში მაინც არ შემოვა და ამიტომ უმჯობესია სახელმწიფომ ადგილობრივი ინვესტორები საგადასახადო ვალდებულებებისგან გაათავისუფლოს, თუმცა კონკრეტული დათქმით.
„ადგილობრივი ინვესტორები, რომლებიც სახელმწიფოს კარნახით გააკეთებენ ინვესტიციას იმ სფეროში, სადაც ეს სახელმწიფოს სჭირდება სიღარიბის დაძლევისთვის, პანდემიის პერიოდში ყველა უნდა გათავისუფლდეს გადასახადის გადახდისგან. პანდემიის დასრულების შემდეგ კი, ეს ინვესტორები დაუბრუნდებიან იმ საწყის საგადასახადო რეგულაციებს, რაც არსებობს საქართველოში.
სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ ახალი, არამედ მოქმედი ბიზნესების აქამდე არსებული წინადადებები - მათი, ვისაც არ აქვს სახსრები. ეს უფრო სწრაფ შედეგებს მოიტანს, ვიდრე ახალი ინვესტიციები ახალ წარმოებებში, რომელსაც ბაზარზე ადაპტაციისთვის დრო სჭირდება. გამოცდილი ვინც არის და ვისაც სჭირდება, სჯობს, იმას დავეხმაროთ, ვიდრე ახალ წინადადებებს და ინოვაციებს ველოდოთ“, - განაცხადა „ბიზნეს მედიასთან“ ჭყონიამ.