შევარდნაძე სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა

შევარდნაძე სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა

შავი ვოლგა, რომელშიც ედუარდ შევარდნაძე თანმხლებ პირებთან ერთად იჯდა, სახელმწიფოს მეთაურის პრეს-სამდივნოს ცნობით, არ იყო დაჯავშნული.

ქალაქის პოლიციის უფროსის დემურ მიქაძის თქმით კი, სახელმწიფოს მეთაური დაჯავშნული მანქანით საერთოდ არ დადიოდა.

29 აგვისტოს პარლამენტის სხდომის დამთავრების შემდეგ დეპუტატების დიდი ნაწილი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისაკენ კონსტიტუციაზე ხელის მოწერის საზეიმო ცერემონიალზე გაემართა.

18. 30 საათისათვის რუსთაველის გამზირი გადაკვეთა სახელმწიფოს მეთაურის დაცვის ესკორტმა და გეზი სასახლისაკენ აიღო. ხუთი წუთის შემდეგ კი მოხდა ძლიერი აფეთქება. აფეთქების ზონას ყველა მხრიდან მიაწყდნენ მოქალაქეები.

15 წუთის შემდეგ სახანძრო მანქანები გამოჩნდნენ. ვინაიდან პარლამენტის შენობის ეზოში ხანძრის ორი კერა იყო, მეხანძრეებს ხანძრის საკმაო დრო დასჭირდათ მის ჩასაქრობად.

ხანძრის შედეგად დაიწვა პარლამენტის ეზოში მდგარი რვა მანქანა. მათ შორის იყო ვოლგა, რომელშიც აფეთქების მომენტში სახელმწიფოს მეთაური, ვიცე-სპიკერი ვახტანგ რჩეულიშვილი და აპარატის უფროსი პეტრე მამრაძე ისხდნენ.

ისინი მიემართებოდნენ კონსტიტუციაზე ხელმოწერის საზეიმო ცერემონიალზე. როგორც თვითმხილველები ამბობენ. სახელმწიფოს მეთაურის მანქანა დიდი ეზოდან გადიოდა, როდესაც აფეთქება მოხდა.

ცეცხლმოკიდებული ვოლგიდან პირველი პეტრე მამრაძე გადმოვიდა, ხოლო მეორე - ედუარდ შევარდნაძე და იგი თავისი ფეხით გადაჯდა სხვა ავტომანქანაში.

აფეთქების შედეგად ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა შოთა მესხიას, ძნელაძის ყოფილი ლუნაჩარსკის ქუჩებზე მდებარე საცხოვრებელ სახლებში და პარლამენტის შენობაში.

ოპერატიული სამსახურების მოსვლის შემდეგ დაიწყო აფეთქების ზონიდან და პარლამენტის შენობიდან ხალხის ევაკუაცია. ამ საქმის შესრულებას პირველები შეუდგნენ ქალაქის პოლიციის თანამშრომლები.

მათ შეუერთდნენ გია გულუას სახელობის სპეცდანიშნულების რაზმი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალოგიური სამსახურის თანამშრომლები.

მოგვიანებით რუსთაველის გამზირი გადაკეტეს შინაგანი ჯარის სატანკო ნაწილებმა. აფეთქებიდან ერთი საათის შემდეგ სამართალდამცავი ორგანოები აკონტროლებდნენ პარლამენტის შენობას და მიმდებარე ტერიტორიას.

პარალელურად, აფეთქების ადგილზე პროკურატურისა და სხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.