ზამთრის ტურიზმზე ხელი უკვე ჩაქნეულია?!

ზამთრის ტურიზმზე ხელი უკვე ჩაქნეულია?!

იქნება თუ არა წელს ზამთრის ტურისტული სეზონი, უშუალოდ სეზონის დაწყების წინაც კი გაურკვეველია. იმედი გადაწურილი არ არის, მაგრამ შანსი ძალიან მცირეა. “მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“ აცხადებენ, რომ ზამთრის კურორტებზე სეზონის გახსნა კლიმატსა და ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

კომაპანიის ინფორმაციით, კურორტებმა სეზონისთვის მზადება დიდი ხანია დაიწყეს. ბაკურიანში მოეწყო სამი ახალი საბაგირო, კობი-გუდაურის სათხილამურო არეალი აღიჭურვა საზვავე უსაფრთხოების სისტემებით, მომზადდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემაც, რომელიც უზრუნველყოფს, როგორც უსაფრთხო სრიალს, ასევე გაახანგრძლივებს სასრიალო დღეების რაოდენობას.

„მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“ ამბობენ, რომ ბაკურიანში მოწყობილი სამი ახალი საბაგირო არის 6-ადგილიანი სავარძლის ტიპის. სამივე საბაგიროს გამტარუნარიანობა ჯამში, პირველ ეტაპზე საათში 5400 მგზავრი იქნება, რომლის გაზრდაც ჯამურად 7200 მგზავრამდე არის შესაძლებელი. საბაგიროები არის ინოვაციური, უახლესი მოდელი მთელს რეგიონში, მიწისქვეშა ფარეხებით.

ეს ყველაფერი მაშინ იქნება გამოსადეგი, თუკი ზამთარში კურორტებს დამსვენებლები ეყოლება. პანდემიური პიკის, ჩაკეტილი საზღვრების და ეკონომიკური კრიზისის პირობებში ამ ეტაპზე ეს შეუძლებლად მოსჩანს. ყოველ შემთხვევაში დიდი იმედი არ აქვთ თავად საკურორტო ზონაში მდებარე სასტუმროების მენეჯერებს.

„ჩვენი ქონება, რომელიც შედგება ხუთი სასტუმრო სახლისა და კვების ობიექტისგან, იჯარით, ხუთი წლის ვადით, აღებული აქვს უკრაინის მოქალაქეს. თითო სასტუმრო სახლი, კოტეჯის ტიპის, თორმეტ ადამიანზეა გათვლილი. ჯამში, ერთდროულად, სამოცი პერსონის მიღება შეგვიძლია. მოიჯარე სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით განვითარებას გეგმავს.

შარშანდელი ზამთრის სეზონი, კოვიდის გამო, ადრე დავასრულეთ. წელს ორმა ადამიანმა დაგვირეკა მხოლოდ და სიტუაცია მოიკითხა. ნომრები ჯერჯერობით არავის დაუჯავშნია. ძირითადად შიგა ტურიზმზე ვართ ორიენტირებული.

სახელმწიფოს მხრიდან ყადაღა გვაქვს დაკისრებული მიწაზე, 60 000 ლარის ფარგლებში. 4 000 ლარს ვიხდით ყოველთვიურად. 12 ათასზე მეტი უკვე გადახდილი გვაქვს. მძიმე ტვირთია ეს ჩვენთვის. გვინდოდა გადავადება ახალ წლამდე მაინც, მივმართეთ საგადასახადო სამსახურს, მაგრამ ჯერ პასუხი არ მიგვიღია. არ ვიცით, სხვას ვის მივმართოთ. ვიხდით ამ თანხას, მაგრამ ამ პერიოდში რომ ჩვენ დაგვრჩეს, ზამთრისთვის მზადებას მოვახმართ. ამ გადასახადის გადახდაზე უარს არ ვამბობთ, მაგრამ ცოტახნით რომ გადაგვივადებდნენ, ამოვისუნთქავდით.

ჩვენ გარდა, აქ საოჯახო სასტუმროებიც მუშაობს. პროგნოზს ვერ გავაკეთებ, ისეთი დაძაბული სიტუაციაა აჭარაში პანდემიის მხრივ და რამდენი გაბედავს კურორტზე ამოსვლას, ვერ გეტყვით. ეს შეზღუდვაც, ათი საათის შემდეგ რომ აკრძალულია გადაადგილება, პრობლემას ქმნის. ადამიანი რომ ამოდიოდა ერთი დღით და დღის ბოლოს უკან ბრუნდებოდა, ახლა იძულებული გახდება, რომ აქ დარჩეს, ან საერთოდ აღარ ამოვა“, - განაცხადა შპს „გომარდულის“ წარმომადგენელმა ბადრი ქათამაძემ.

დაახლოებით იგივე მოლოდინია სხვა კურორტებზეც. სასტუმრო „გუდაურა“ მარტის შემდეგ დაკეტილია. მიუხედავად იმისა, რომ საკარანტინო სივრცედ მუშაობის შემოთავაზება მიიღეს, სასტუმრო საკურორტო სეზონს მაინც ელოდება.

„ამჟამად, ჩვენი სასტუმრო დაკეტილია, რადგან სეზონის დაწყებას ველოდებით. საკარანტინო სივრცეზედ მუშაობაზე გვქონდა შემოთავაზება, თუმცა უარი ვთქვით. მარტის შემდეგ გაჩერებულები ვართ. მაისში ავიღეთ ნებართვები, რომ შევძლებდით ყველანაირი რეგულაციის დაცვით სამუშაოს განახლებას, თუმცა ჯავშნები წინა წლების ჯავშნებთან შედარებით მხოლოდ 15-პროცენტს შეადგენს. თუ პოზიტიური სიტუაცია იქნება, იმედი გვაქვს გავაგრძელებთ მუშაობას. ზოგადად, გუდადურში სასტუმროების უმეტესობა დაკეტილია, მუშაობის აზრს ვერ ხედავენ“, - განუცხადა „კომერსანტს“ „გუდაურას“ მფლობელმა.

Aburjga Tasmanieli ვახ ჩემი! მე ვიყო ფირტიოფ ნანსენი... ეს ტურიზმი, მერე კიდევ ზამთრის ტურიზმი რაღა უბედურებაა?! ვინც ეს ხალხი ტურისტული ბიზნესისაკენ შეაგულიანა ყველა დასახვრეტია!
4 წლის უკან