ოპოზიციამ მძიმე დარტყმა მიიღო და რთულ მდგომარეობაშია - მათ ხალხის მხარდაჭერა თანდათან ელევათ და ოთხშაბათს, საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტის შემდეგ კი საბოლოოდ გაირკვა, რომ აღარც საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა აქვთ. ამ ფაქტორების გარეშე კი, ანალიტიკოსთა უმრავლესობის შეფასებით, ოპოზიციას უკიდურესად გაუჭირდება ხელისუფლებაზე ზეწოლა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე დასათანხმებლად და ახლა პრაქტიკულად იმაზე უნდა იზრუნონ, თუ როგორ შეცვალონ კოლექტიური ბოიკოტის გადაწყვეტილება და როგორ შევიდნენ პარლამენტში ისე, რომ სახე შეინარჩუნონ.
არადა დასავლეთის მხარდაჭერაზე ოპოზიცია დიდ იმედებს ამყარებდა და ეს მათთვის იმდებად მნიშვნელოვანი იყო, რომ თბილისში მაიკ პომპეოს ვიზიტის დღეს რუსთაველის გამზირზე საგანგებოდ მდუმარე აქციაც მოაწყვეს ყირადღების მისაქცევას.
საქართველოს დასავლელი პარტნიორები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მნიშვნელოვანი დარღვევების არსებობას არ უარყოფენ და საკმაოდ მკაცრ შეფასებებსაც აძლევენ, მაგრამ ამავდროულად არჩევნების პოზიტიურ შედეგებზეც საუბრობენ, მაგალითად, მათი შეფასებით, ეს იქნება ყველაზე მრავალფეროვანი პარლამენტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, სადაც 9 პარტია იქნება წარმოდგენილი. ამის პარალელურად კი უკვე ღია თექსტით მოუწოდებენ ოპოზიციურ პარტიებს, რომ პარლამენტში შესვლაზე უარი არ თქვან.
ანალიტიკოსები ელიან, რომ ოპოზიციის ლიდერების უმეტესობა საბოლოოდ ამ დასკვნამდე მაინც მივა და სჯობია პომპეოს ვიზიტი პარალმენტში შევლის მიზეზად გამოიყენონ. ახსნან, რომ ანგარიშს დასავლეთს უწევენ და ბრძოლას ქუჩაში პარალელურად გააგრძელებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩიხიდან გამოსავალს ვეღარ იპოვნიან.
სამშაბათს, მაიკ პომპეოს თბილისიდან გამგზავრების შემდეგ, ოპოზიციის ლიდერებს მისი მოადგილე ფილიპ რიკერი შეხვდა. ამ შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის ლიდერები კვლავაც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრობდნენ და აცხადებდნენ, რომ პარლამენტში არშესვლის გადაწყვეტილება არ გადაიხედება.
რა უთხრეს ოპოზიციას ამერიკელებმა
„ის, რასაც ჩვენ ხელს ვუწყობთ, არის, რომ ოპოზიციამ ცვლილებისთვის პარლამენტიდან იბრძოლოს, ბოიკოტი აღარ გამოაცხადოს. თქვენ ამომრჩეველმა იმისთვის აგირჩიათ, რომ შეხვიდეთ პარლამენტში და მოახდინოთ ცვლილება“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს, სადაც ოფიციალურმა პირებმა საქართველოს შესახებ ისაუბრეს.
„გასულ ზაფხულს მათ განახორციელეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რის შედეგადაც უფრო პროპორციული საარჩევნო სისტემა მიიღეს და ამ საარჩევნო სისტემამ, იმ ახალმა სისტემამ, ფაქტობრივად, იმუშავა. მათ უფრო მრავალფეროვანი პარლამენტი აქვთ, ვიდრე აქამდე ჰქონიათ, სადაც ცხრა პარტიაა წარმოდგენილი, რომლებიც ბევრად უფრო მრავალფეროვან პერსპექტივებსა და შეხედულებებს წარმოადგენენ. ამასთან, საარჩევნო ცვლილებების შედეგად პარლამენტში უფრო მეტი ქალია,“ - აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში და ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ ღიად მოუწოდებენ.
„ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტის გამოცხადება იგივეა, რაც უკვე ნანახი ფილმის ხელახლა ნახვა. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, შევიდნენ პარლამენტში, განახორციელონ საარჩევნო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც შემდეგი არჩევნები უკეთესი იქნება და ჩვენ არ ვნახავთ და ისინი არ ნახავენ ერთი და იმავე დარღვევების განმეორებას,“ - აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.
ბრიფინგზე აღინიშნა, რომ აშშ-სა და ევროკავშირის ელჩები მხარეების დახმარებას ცდილობენ კომპრომისი მიღწევაში.
რა უთხრეს ოპოზიციის ლიდერებმა მაიკ პომპეოს მოადგილეს
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილისგან ნამდვილად იყო მინიშნება იმის თაობაზე, რომ ოპოზიციამ ბრძოლა პარლამენტში უნდა განაგრძოს, თუმცა ოპოზიცია უკვე მიღებული გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს.
„მინიშნება, რომ მნიშვნელოვანია საპარლამენტო ცხოვრება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, ამაზე ნამდვილად იყო საუბარი, თუმცა ჩვენ ვუთხარით, რომ საქართველოს პარლამენტარიზმის 8-წლიანი ისტორია ადასტურებს, რომ პარლამენტში ოპოზიცია არის უუფლებო და მხოლოდ უმრავლესობას აქვს უფლებები, რაც ნიშნავს, რომ ასეთი პარლამენტი ვერანაირ შედეგს ვერ დადებს. ამიტომ, თუ რამეზე შეთანხმება უნდა მოხდეს, უნდა მოხდეს ამ დღეებში, ამ კვირებში, ამ დიალოგის ფორმატში, ჩვენ სხვა ნდობა არ გვაქვს „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა კი განაცხადა, რომ შეხვედრაზე, უბრალოდ, აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო.
„ჩვენ მას არჩევნების გაყალბების ძალიან კონკრეტული დეტალები ვუთხარით, ასევე ის, თუ როგორ არ მუშაობს ჩვენთან ისტიტუციები, მაგალითად, როგორც არ იღეს ყურად საჩივრები საარჩევნო კომისიაში. მათი მხრიდან ამ ყველაფერზე არის წუხილი და უნდათ, რომ პარლამენტი და დემოკრატია ფუნქციონირებდეს და არჩევნებისადმი რწმენა იყოს.
„მათ ასევე გვითხრეს, თუ როგორ წარმოუდგენიათ მოვლენათა განვითარება - მშვიდად, წყნარად და კონსტიტუციურად. დღეს მოლაპარაკებები არ ყოფილა, უბრალოდ აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო,“ - განაცხადა ელისაშვილმა.
„გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ კი აცხადებს, რომ მაიკ პომპეოს მოადგილე ფილიპ რიკერთან შეხვედრაზე ოპოზიცია ისევე, როგორც სხვა დროს, ერთიანი იყო.
„ამ რეალობაში, რომელშიც ახლა ვართ, პარლამენტში შესვლა შეუძლებელია. გამოსავალი შესაძლოა იყოს მხოლოდ პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც მიიღწევა მხოლოდ იმ მოლაპარაკების მაგიდასთან, რომელსაც მოდერაციას აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები უკეთებენ.
„თავად ელჩ რიკერის პოზიციაც ის იყო, რომ მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია და გამოსავალიც იქ შეიძლება იყოს მოძიებული. მას კარგად ესმის, თუ რა მასშტაბის კრიზისია საქართველოში,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე კი იმ გარემოებაზე აკეთებს აქცენტს, რომ ფილიპ რიკერი ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ საქართველოში დარჩა.
„ჩემი 45 წლის გამოცდილებით გეუბნებით - ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არაფერს არ ნიშნავს, როგორც წესი, ისინი არიან რუსეთის გავლენის აგენტები. ნიშნავს, რადგან აშშ-ს პოლიტიკა საქართველოს მიმართ არის ორპარტიული. ის, რომ ელჩი რიკერი დარჩა საქართველოში და არ გაჰყვა სახელმწიფო მდივანს ისრაელში, იმის ინდიკაციაა, რომ ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეს, ისევე, როგორც ევროკავშირს, შესანიშნავად ესმის, რაოდენ ღრმა არის პოლიტიკური კრიზისი საქართველოში და როგორ გვჭირდება ჩვენ ჩვენი სტრატეგიულ მოკავშირეთა დახმარება, რომ გამოსავალი მოვნახოთ.
„ყურადღებით მოისმინეს, რაც ჩვენ ვუთხარით: ფაქტებით დარღვევებზე, გაყალბებაზე, ფაქტებით იმაზე, რა უმსგავსოდ იქცეოდნენ საუბნო და საოლქო კომისიები, როდესაც პირდაპირ ხელით დაიწყეს გადაწერა ოქმები და ჩვენი მოსაზრებები, რა უნდა იყოს გამოსავალი ამ კრიზისიდან.
„სახელმწიფო დეპარტამენტის გზავნილი იყო ის, რომ გამომდინარე რთული ეკონომიკური, სოციალური ვითარებიდან, რეგიონში რთული მდგომარეობიდან, სასწრაფოდ საჭიროა საქართველოში კომპრომისის მონახვა. ჩვენს უკან დგას უამრავი ათასი საქართველოს მოქალაქე, რომელიც ითხოვს სამართლიანობის აღდგენას,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები დასავლეთის გზავნილებს
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ მაიკლ პომპეოს ოპოზიციასთან არშეხვედრა და გზავნილი, რომელიც მათ მისი მოადგილისგან მიიღეს, რომ პარლამენტში უნდა შვიდნენ, ცალსახა იმის დემონსტრირებაა, რომ ამერიკა საქართველოში შიდა სტაბილურობას მხარს უჭერს. მისი თქმით, პომპეო ოპოზიციას მიზანმიმართულად არ შეხვდა, რადგანაც ეს ოპოზიციის ირიბი მხადაჭერა იქნებოდა და მათ კიდევ უდრო რადიკალიზებას გამოიწვევდა. ამიტომაც მან აირჩია ასეთი ტაქტიკა, რომ ქვეყანაში სიტუაციის დასტაბილურებისთვის ერთადერთი გამოსავალი პარლამენტში შესვლაა.
„პომპეოს ოპოზიციასთან არშეხვედრა მაშინვე იმის ნიშანი იყო, რომ ის მათი პარლამენტში შევლის მომხრეა. არც უნდა ჰქონოდა ოპოზიციას იმის ილუზია, რომ ამერიკა რიტორიკას შეცვლიდა. ახლა საქართველო მათთვის რეგიონში ერთადერთი ნათელი წერტილია. შესაბამისად, არ სურთ შიდა რყევები და ამიტომაც ოპოზიციას პარლამენტში შესვლიკენ მოუწოდეს.
„მისი მხრიდან საკმაოდ სწორი გადაწყვეტილებაა, რადგანაც ეს ოპოზიციის კიდევ უფრო რადიკალიზებას გამოიწვევდა. ისინი ამას ამერიკის მხადაჭერად ჩათვლიდნენ და ქვეყანაში სიტუაცია დაიძაბებოდა. ახლა კი არც დასავლეთის და არც ხალხის დიდი მხადაჭერის გარეშე ოპოზიცია უბრალოდ იძულებული გახდება, რომ პარლამენტში შევიდეს.
„როგორ უნდა მოახერხონ, რომ სახე არ დაკარგონ, ეს რთული სათქმელია, უბრალოდ ამ ჩიხიდან სხვა გამოსავალი აღარ არის. პომპეომ ნათლად მიანიშნათ, რომ ამერიკას საქართველოში დაძაბულობა და დაპირისპირება არ უნდა. ამიტომაც ნება იბოძეთ და გარკვეულ კონსესუსამდე მიდითო“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“.
ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძისთვის პომპეოს და მისი წარმომადგენლების განცხადებები მოულოდნელი არ ყოფილა. ის „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ოპოზიცია ხიბლსა და ილუზიაში ჩავარდა. მათ შექნეს ფუჭი იმედი, რომ ამერიკა ივანიშვილს „თითს დაუქნევდა“ და ეტყოდა, რომ არჩევნები გაყალბდა.
„ხომ ამბობენ, რომ პროდასავლული ძალა ვართო, ჰოდა ახლა ამერიკის მოწოდებას ანგარიში გაუწიონ და თუ არ უნდათ, რომ სახე საბოლოოდ დაკარგონ, მაშინ პარალმენტში ამ არგუმენტით უნდა შევიდნენ.
„ოპოზიცია ხიბლსა და ილუზიაში ჩავარდა. ეგონათ, რომ რადგანაც პარალამენტში არ შევიდოდნენ და იქ მხოლოდ ერთპარტიული შემადგენლობა იქნებოდა, დასავლეთი ხელისუფლებაზე ზეწოლას გააძლიერებდა, მაგრამ შეცდნენ. ეუთო/ოდირმა, ევროკავშირმა და სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა არჩევნები აღიარეს და ოპოზიციის აღიარება-არაღიარება ვერაფერს შეცვლის. იმედია, რომ პატარა პარტიების ლიდერებს გონიერება ეყოფათ და „ნაციონალების“ შაანტაჟს თავს დააღწევენ. ველი, რომ გრიგოლ ვაშაძის მსგავსად, ძალიან ბევრი გამოცდილი პოლიტიკოსი, რომელიც ოპოზიციაშია, მიხვდება, რომ სხვა გზა არაა და პარლამენტში შევლენ. წინააღმდეგ შემთხვევაში 2024 წლისთვის ოპოზიცია ფაქტობრივად გაკოტრებული და დაქსაქსული გვეყოლება“, - ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან“.