2020 წელს საქართველოში უმუშევრობა 4%-ით გაიზრდება. პანდემიამ დამატებითი პრობლემა წარმოშვა იქ, სადაც ისედაც დიდი უფსკრული იყო. სამსახური გარეშეა დარჩენილი ასეულ ათასზე მეტი ადამიანი და ისინი დაკარგული სამუშაო ადგილებზე აღდგენას მალე ვერ შეძლებენ.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მაკროეკონომიკურ საბაზო საპროგნოზო სცენარში პირდაპირაა მითითებული, რომ მოსალოდნელია უმუშევრობის საგრძნობი ზრდა. სებ-ის სცენარით, წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 16.3%-ს მიაღწევს. (2019 წელს უმუშევრობის მაჩვენებელი იყო 12,3%) რაც შეეხება მომავალ წლებს, ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2021 წელს უმუშევრობა - 0.5%-ით, ხოლო 2022 წელს დამატებით 2%-ით შემცირდება.
სებ-ის ოპტიმისტური სცენარით, რაც ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებას გულისხმობს, უმუშევრობა ახლო მომავალში 3,5%-ით გაიზრდება, პესიმისტური სცენარით კი - 5%-ით.
მიმდინარე წელს საქართველოში უმუშევრობის ზრდას ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის პირველია გლობალური ეკონომიკური კრიზისი, რომელიც საქართველოსაც შეეხო. იგი ეკონომიკური აქტივობის შემცირებას გულისხმობს, რაც უმუშევრობის ზრდაზე პირდაპირ აისახება. როგორც მთავრობის წარმომადგნლები აცხადებენ, კრიზის გავლენით მიმდინარე წელს სამსახური უკვე 100 000-მდე ადამიანმა დაკარგა.
გარდა ამისა, უმუშევრობის ზრდაზე გავლენას მოახდენს მეთოდოლოგიური ცვლილებაც. როგორც ცნობილია, სტატისტიკის ეროვნული სამსახური უმუშევრობის აღრიცხვის ახალ მეთოდოლოგიაზე გადავიდა, რომლის მიხედვითაც, პირი აღარ ჩაითვლება თვითდასაქმებულად, თუ მის მიერ მოყვანილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უმთავრეს ნაწილს მოიხმარს საკუთარი მიზნებისთვის და არ არის ბაზარზე ორიენტირებული.
მეთოდოლოგია დღევანდელი სტატისტიკის მთავარი პრობლემაა. სწორედ მისი „ბრალია“, რომ ბოლო წლებში უმუშევრობის დონე სამუშაო ძალის კლების ხარჯზე, დასაქმების ზრდის გარეშე, მცირდებოდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქვეყანაში უმუშევრობის დონე, დღემდე მხოლოდ ტექნიკური მიზეზით იკლებს, რაც უმუშევრობის დონის გამოთვლის მეთოდით აიხსნება.
„საქსტატის“ მეთოდოლოგიით, უმუშევრობის დონე უმუშევარ ადამიანთა და სამუშაო ძალის შეფარდების შედეგად გამოითვლება. უმუშევრად მიიჩნევა მხოლოდ ის ადამიანი, ვინც სამსახურს ეძებს და ვერ საქმდება. სამუშაო ძალა (ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა) დასაქმებული და სამუშაოს მაძიებელი ადამიანების ჯამური რაოდენობაა. თუ ადამიანი სამსახურს აღარ ეძებს და ე.წ. „იმედდაკარგული მუშახელია“, აკლდება როგორც უმუშევართა რიგებს, ასევე სამუშაო ძალას.
2016-19 წლებში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა 106.8 ათასით შემცირდა. 2016 წლიდან ყოველწლიურად მცირდება დასაქმებულთა რაოდენობაც. 2016-19 წლებში დასაქმებულთა რაოდენობა 43.6 ათასით შემცირდა.
რაც შეეხება პანდემიისგან გამოწვეულ დამატებით პრობლემებს, ამ შემთხვევაში უმუშევართა რაოდენობის ზრდა გამოიწვია იმანაც, რომ საქართველოში ჩამოსული და უკან ვეღარ გაბრუნებული ემიგრანტები შეემატნენ დაუსაქმებელ ადამიანთა არმიას და მივიღეთ ის გაზრდილი რაოდენობა, რომელიც დღეს სახეზე გვაქვს.
„უმუშევართა მატება ყველა სფეროშია, მთელ მსოფლიოში, ყველა მიმართულებით და საქართველო გამონაკლისი არაა. ჩვენ ეკონომიკური რესურსი არ გვაქვს, რომ სამუშაო ადგილები მალე აღდგეს. მე არ ველოდები, რომ უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირება მალე მოხდება და სიტუაცია გამოსწორდება. სახელმწიფო შეეცადა, რომ სიტუაცია შეემსუბუქებინა კომპენსაციებით, დახმარებებით და ა.შ. მაგრამ ბიუჯეტი ყოვლისშემძლე არ არის და ფრთებს ფართოდ ვერ გაშლის. ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ კრიზისი ასე მარტივად არ დასრულდება“, - აღნიშნა ეკონომიკის დოქტორმა პაატა აროშიძემ.
ფაქტია, რომ ხალხმა ეკონომიკური კრიზისი ვერაფრით დაძლია და ისინი დაკარგული სამუშაო ადგილებზე აღდგენას მალე ვერ შეძლებენ, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს.