„თუკი ხელისუფლებამ მოლაპარაკების კარი ჩაკეტა, მაშინ ოპოზიცია ჩიხში შევა“

„თუკი ხელისუფლებამ მოლაპარაკების კარი ჩაკეტა, მაშინ ოპოზიცია ჩიხში შევა“

„იმისათვის, რომ არ იყოს ქუჩაში გამოსვლები, საჭიროა, პოლიტიკურმა ძალებმა შეცვალონ რიტორიკა, ორიენტირებულნი იყვნენ არა ერთმანეთის ლანძღვასა და შეურაცხყოფის მიყენებაზე, არამედ კომპრომისსა და დიალოგზე“,-აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ჯიპა-ს ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი თენგიზ ფხალაძე.

ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის ნაწილი მაინც შევა პარლამენტში. ავდროულად, მმართველი გუნდი მოთმინებით ელის მორიგ სცენარს, რომლის მიხედვითაც, ოპოზიცია დაიშლება. როგორ ფიქრობთ, მიმდინარეობს კულუარული მოლაპარაკებები ოპოზიციის ნაწილთან და საბოლოოდ გადაბირებულნი აღმოჩნდებიან ისინი?

- მიმდინარეობს თუ არა კულუარული მოლაპარაკებები ოპოზიციასთან, გამიჭირდება ამის დადასტურება, რადგან გულწრფელად გითხრათ, არ ვფლობ ამის შესახებ ინფორმაციას, მაგრამ მე გეტყვით, რაც არ მინდა, რომ მოხდეს, როგორც საქართველოს რიგით მოქალაქეს. მე არ მინდა, რომ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც მტკივნეულია მოქალაქეებისთვის, ხმების სწორად და გამჭვირვალედ დათვლის კონტექსტში, პოლიტიკურ ვაჭრობაში გადაიზარდოს. ზოგადად, ეს საკითხი მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის და არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიისთვის. საერთოდ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავაბიჯოთ იმ ზღვარს, გადავიდეთ იმ ფაზაში, კითხვის ნიშანი საქართველოში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით აღარ ისმოდეს. მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ტექნიკური შეცდომის ალბათობა და გამორიცხული იყოს შეგნებული მანიპულაცია. ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, ნამდვილად არ მინდა, მოხდეს ამ ყველაფრის გადატანა პოლიტიკური ვაჭრობის კონტექსტში. შევა ოპოზიცია პარლამენტში და შეინარჩუნებს თუ არა ერთობას, ეს რთული სათქმელია, მაგრამ არსებობს საკითხები, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნის ღირსებისთვის, რომელი ხელისუფლებაც არ უნდა იყოს, ერთ-ერთ ასეთ მნიშვნელოვან საკითხს მიეკუთვნება არჩევნების ღირსეულად და მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარება.

ოპოზიციამ გამოაცხადა დაუმორჩილებლობა, ისინი კომენდანტის საათსაც არად დაგიდევენ, სადამდე ეყოფათ დაუმორჩილებლობისთვის რესურსები, ან სადამდე გაგრძელდება სააკაშვილის ხისტი შეძახილები, რომ უნდა დავღალოთ ხელისუფლება, ყველგან გავუხსნათ ფრონტი? ეს შეიძლება იმით აიხსნას, რომ ცალკეულ ნაციონალებს დღესაც 2003 წელი ჰგონიათ?

- პირველ რიგში, ცუდია, თუკი მოვლენებს განვიხილავთ ორპარტიულ პარადიგმაში - „ქართული ოცნება“, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი. ორპარტიული პარადიგმა არასწორია, როცა ან ერთს მიეკუთვნება ადამიანი, ან მეორეს. ქუჩაში პროცესის გადასვლა ყოველთვის იწვევს პოლარიზაციას. ამიტომ იმედი მაქვს, პოლიტიკურ ძალებს იმდენი წინდახედულება ეყოფათ, საკითხი გადაწყდეს არა ქუჩაში, არამედ უფრო ცივილიზებული გზებით. ჩვენ არ უნდა ვიაროთ ჩაკეტილ წრეზე, არ უნდა დავბრუნდეთ 17 წლით უკან, ქვეყანამ უნდა იაროს წინ. ჩვენი დემოკრატიის და სახელმწიფოებრიობის ტესტია, რამდენად შეგვიძლია ამ ვითარებაში საკითხის გადაჭრა ისე, რომ გაიმარჯვოს ქართველმა ხალხმა და ქართულმა დემოკრატიამ. თუ ამის უნარი არ შეგვწევს, მაშინ უნდა დავბრუნდეთ იმ წრეზე, რომელიც, თითქოსდა, გავიარეთ. ამიტომ არა მგონია, რომ საუკეთესო გზაა ქუჩა, მაგრამ იმისათვის, რომ არ იყოს ქუჩაში გამოსვლები, საჭიროა, ჯერ ერთი, პოლიტიკურმა ძალებმა შეცვალონ რიტორიკა, იყვნენ ორიენტირებულნი არა ერთმანეთის ლანძღვასა და შეურაცხყოფის მიყენებაზე, არამედ კომპრომისსა და დიალოგზე. იმედი მაქვს, პოლარიზაციის გზა არ იქნება არჩეული.

ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციამ დაღალა ხალხი რევოლუცია-რევოლუციის განუწყვეტელი მოწოდებით და ქუჩის აქციებით მაშინ, როცა საამისო განწყობა არ არის ხალხში? თუკი არ არის საამისო განწყობა საზოგადოებაში, ალბათ, დამღლელიცაა განუწყვეტლივ ქუჩის აქციებით მანიპულირება.

- ოპოზიცია არის მრავალფეროვანი, ამიტომაც აღვნიშნე, რომ არ არის სწორი ორ ფერში მათი დახატვა. ოპოზიციის ნაწილი ემხრობა რადიკალურ ზომებს, ნაწილი არ ემხრობა. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ოპოზიციაზე ბევრი რამეა დამოკიდებული, მაგრამ კიდევ ბევრი რამეა დამოკიდებული ხელისუფლებაზე. თუკი ხელისუფლებამ მოლაპარაკების კარი ჩაკეტა, მაშინ ოპოზიცია ჩიხში შევა, ანუ ოპოზიცია არ უნდა იყოს იმ ჩიხში შეყვანილი, რასაც ჰქვია ერთადერთი - ქუჩის გზა. ასეთ შემთხვევაში, ოპოზიციას დასაკარგი არაფერი აქვს და ეცდება იმ ველზე ითამაშოს, რომელი ველიც დარჩა. ამიტომ აქ პარტიულ ინტერესებზე შორს უნდა გაიხედონ და ეს გამოწვევა აქციონ იმად, რომ ქართული დემოკრატია კიდევ უფრო ძლიერი იყოს, ვიდრე იყო დღევანდელ დღემდე. თუ ისევ ორპოლუსიან დაპირისპირებაში წავედით, მივიღებთ პოლარიზებას, რაც ძალიან ცუდია.

მოლაპარაკება როგორ გესახებათ, როცა ოპოზიცია ხელახალ არჩევნებს ითხოვს?

- უპირველესად უნდა მოიხსნას ყველა კითხვა არჩევნებთან დაკავშირებით, ხმის დათვლის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და გასაგები ყველასთვის. ნებისმიერი საკითხის განხილვა შესაძლებელია, თუკი პოლიტიკური ნება არსებობს. ასეთი ნება უნდა იყოს წარმოჩენილი და არა ვიღაცამ ვიღაცას მოუგოს, ან ხელი გადაუწიოს. აქ მთავარია რაციონალიზმი, ამის მაგალითები არაერთია დემოკრატიულ სახელმწიფოებში. არც ხმების გადათვლაა პრობლემა. არათუ როდესაც ოქმში არასწორი ციფრია დასმული, არამედ ხმები შეიძლება გადაითვალოს მცირე განსხვავებების დროსაც, არის ამის პრაქტიკა. ამიტომ ნებისმიერ პოლიტიკოსს, რომელ მხარესაც არ უნდა წარმოადგენდეს ის, პოლიტიკური სიმწიფე, გამჭრიახობა და სახელმწიფოებრივი აზროვნება მართებს. ხელისუფლებამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დახუროს მოლაპარაკების კარი.