„თუ ოპოზიცია უარს იტყვის პარლამენტში შესვლაზე, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ გაიმარჯვა“

„თუ ოპოზიცია უარს იტყვის პარლამენტში შესვლაზე, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ გაიმარჯვა“

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, უცხოელი ელჩების ჩართულობით, მიმდინარე მოლაპარაკების რაუნდების პარალელურად, ოპოზიციაში დაპირისპირება უფრო და უფრო ნათლად გამოჩნდა. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ გეგმა არჩევნების მეორე ტურზე „სირცხვილის დერეფნის“ მოწყობის თაობაზე, ოპოზიციის ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

პარალელურად, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ოფისი გაურკვეველ ვითარებაში დაიწვა.

რა ხდება ოპოზიციაში, იქნება თუ არა ერთპარტიული პარლამენტი და როგორ იმოქმედებს მიმდინარე მოვლენების ქვეყნის განვითარებაზე, for.ge-ის კითხვებს, კონსტიტუციონალისტი და ექსპერტი ვახუშტი მენაბდე პასუხობს.

ვახუშტი მენაბდე: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ყოველთვის ამბობდა იმას, რომ ამომრჩეველს უნდა შეეძლოს ზეწოლისა და თვალთვალის გარეშე ხმის მიცემა. „სირცხვილის დერეფანს“ მიუღებლად ვთვლი. ამას მნიშვნელობა არ აქვს, ხელისუფლება გააკეთებს თუ ოპოზიცია. ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე მშვიდად უნდა შეეძლოს გადაწყვეტილების მიღება, მიუხედავად ეს ვინმეს მოსწონს თუ არა.

გლდანში, სადაც მეორე ტური უნდა გაიმართოს და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას საარჩევნო შტაბი დაიწვა. ოპოზიცია კვლავ მმართველი გუნდისკენ იშვერს ხელს. რამდენად იმოქმედებს აღნიშნული ფაქტი ამ უბნის არჩევნების შედეგზე?

- აღნიშნული შემთხვევა რაც შეიძლება მალე უნდა იქნას გამოძიებული. ახლა მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია. თუ ეს განზრახ მოხდა, ცხადია, ეს მმართველი გუნდის პასუხისმგებლობა იქნება.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ოპოზიციის ნაწილი განუდგა და არ იღებს მონაწილეობას „სირცხვილის დერეფანში“. თქვენი აზრით, ოპოზიციის ეს ნაწილი შევა პარლამენტში?

- შესაძლებელია, რომ შევიდეს და ამის სრული უფლებაც აქვთ. თუმცა, წინასწარ ვერ ვიტყვი ახლა, ვინ რას მოიმოქმედებს.

ვერ გვეუბნებით შევა თუ არა ოპოზიცია პარლამენტში, მაგრამ როგორ ფიქრობთ, მოლაპარაკებების რაუნდი თუ გამოიღებს შედეგს?

- თუ ოპოზიცია შეინარჩუნებს თავის პოზიციას და უარს იტყვის პარლამენტში შესვლაზე, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ გაიმარჯვა. აქ წინასწარმეტყველების დიდი არჩევანი არ არსებობს. ასე თუ მოხდა, მმართველ გუნდს პარლამენტში 90 მანდატი ექნება, რაც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ პარლამენტმა მუშაობა დაიწყოს.

თუ ასე მოხდა და ერთპარტიული პარლამენტი გვეყოლება, ეს ქვეყანას რამდენად დააზარალებს?

- ცხადია, ეს თუ მოხდა, ძალიან დიდი დისკომფორტი იქნება, რადგან საკანონმდებლო ორგანოში ამომრჩევლის დიდი ნაწილი წარმოდგენილი არ იქნება. თუმცა, ეს გადასაწყვეტია იმ ოპოზიციის და შემდეგ ამომრჩევლის, თუ რამდენად კმაყოფილი იქნება ოპოზიციის ამ ნაბიჯით. ერთპარტიულობა მმართველ გუნდს შეიძლება უარყოფითად დაუბრუნდეს და მათ რეიტინგზეც იმოქმედოს.

და ეს აწყობს ოპოზიციას, რომ იყოს ერთპარტიული პარლამენტი, რათა მმართველი გუნდის რეიტინგი დაეცეს?

- ყველაფერი შესაძლებელია.

შეიძლება ეს ოპოზიციის გეგმა იყოს, რომ არ შევიდეს პარლამენტში, რათა შემდეგ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს?

- ვადამდელი არჩევნები შეიძლება ამანაც და სხვა ფაქტორებმაც გამოიწვიოს. თუ პარლამენტი მთავრობას ვერ დააკომპლექტებს, მხოლოდ ეს ფაქტორი იწვევს პარლამენტის დათხოვნას. დანარჩენი არც ერთი ფაქტორი არ იწვევს.