ჟვანიამ ახალგაზრდა სააკაშვილი დააწინაურა

ჟვანიამ ახალგაზრდა სააკაშვილი დააწინაურა

(იბეჭდება შემოკლებით)

4 ნოემბრის ფრაქციის სხდომაზე მოქალაქეთა დეპუტაციამ ჟურნალისტები კარს მიღმა დატოვა. სხდომაზე პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეთა კანდიდატურები იხილებოდა.

პარლამენტის თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას განცხადებით, მოქალაქეები ერთი საერთო ტენდენციის მომხრენი არიან - საპარლამენტო ცხოვრებაში წინ წამოიწიოს ახალმა სახეებმა, ახლებურმა აზროვნებამ და პროფესიულად მომზადებულმა ადამიანებმა.

მოქალაქეთა კავშირის ფრაქციამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ დაამტკიცა ახალგაზრდა ეკონომისტი ზაზა სიორიძე, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარედ - დათო ონოფრიშვილი, დარგობრივი ეკონომიკის განვითარების საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელობა სააქციო საზოგადოება „ამალთეას“ დირექტორს, ზურაბ ცქიტიშვილს ერგო.

საკონსტიტუციო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ 27 წლის მიხეილ სააკაშვილი დაამტკიცეს.

მიუხედავად ასაკის სიმცირისა, მან დაამთავრა სტრასბურგის და ოსლოს ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუტი. აქვს კოლუმბიის უნივერსიტეტის მაგისტრის წოდება და არის ნიუ-იორკის ადვოკატთა კოლეგიის წევრი.