ვახტანგ ძაბირაძე: „ნაციონალებიდან“ დისტანცირება დაიწყეს, რაც სრულიად სწორი გადაწყვეტილებაა“

ვახტანგ ძაბირაძე: „ნაციონალებიდან“ დისტანცირება დაიწყეს, რაც სრულიად სწორი გადაწყვეტილებაა“

„როგორც ჩანს, ცოტა ჩამოყალიბდნენ და დაინახეს ის, რაც თავიდანვე ნათელი იყო. „ნაციონალური მოძრაობიდან" დისტანცირება დაიწყეს, რაც სრულიად სწორი გადაწყვეტილებაა" - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ მათი პარტია არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს არჩევნების მეორე ტურის დღეს საარჩევნო უბნებთან დაანონსებულ ე.წ. სირცხვილის კორიდორებში.

„პრობლემა არ არის სირცხვილის კორიდორების მოწყობა. მთავარია ამ სირცხვილის კორიდორებმა არ გამოიწვიოს - დავა, სიტუაციის პროვოცირება, არჩევნების ჩაშლა და ა.შ. ვარშალომიძეს ამის გარანტია თუ აქვს, კი ბატონო, პრობლემა არაა. თუ გარანტია არ არსებობს, მაშინ ასეთი ქმედებებისგან ჯობია თავი შეიკავოს. სხვა მანდ მეტი არაფერია.

„ბუნებრივია, ამას „ქართული ოცნება" პროვოცირებად აღიქვამს. მთელი აჭარის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანზე უნდათ ჩხუბი გაიმართოს. ზოგადად ქვეყანაში არასტაბილურ გარემოს შექმნის, პირველ რიგში თავად ოპოზიციისთვის დამაზიანებელი იქნება. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შეუძლიათ ეს გააკეთონ. ვთვლი, რომ მშვიდობის გარანტია ვარშალომიძეს არ ექნება. ამიტომ, ჯობია მოუწოდოს, არჩევნებზე ნუ მივლენ. თუმცა საარჩევნო უბნებზე პიკეტები რომ გააკეთონ, ხიფათის შემცველია.

„როგორც ჩანს, ცოტა ჩამოყალიბდნენ და დაინახეს ის, რაც თავიდანვე ნათელი იყო. ვგულისხმობ დაპირისპირებას ბოკერიასა და ბარამიძეს შორის სააკაშვილის ფუნქციასთან დაკავშირებით. „ნაციონალური მოძრაობიდან" დისტანცირება დაიწყეს, რაც სრულიად სწორი გადაწყვეტილებაა.

„დღეს ვინ ვინ არის, ცოტა გაურკვეველია, ამომრჩეველი და საზოგადოება დაიბნა. „ქართული ოცნება" კი გასაგებია. კი ბატონო შეიძლება ოპოზიციას ერთიანი პოზიცია ჰქონდეს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერში ყველა ნაბიჯში ერთად უნდა იყვნენ", - განაცხადა ძაბირაძემ.

ცნობისთვის, 15 ნოემბერს აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვარშალომიძემ სიტყვით გამოსვლისას აქციის მონაწილეებს მოუწოდა 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურის დღეს სირცხილის კორიდორი მოაწყონ.

"ერთად დგომით ბევრ საქმეს გავაკეთებთ. ბათუმი ყოველთვის იყო სიყვარულის ქალაქი და ის გამარჯვების ქალაქი გახდება. 8 ნოემბრიდან ღამეებს ვათენებთ, ჩვენ ამით მივაღწევთ გამარჯვებას. მადლობა ყველა ახალგაზრდას, ვინც გვერდში დაგვიდგა, ამ ძალას თქვენ გვაძლევთ და თქვენთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ეს ქუჩა და ეს შენობები სიმბოლურია, რადგან ბათუმმა 2003-2004 წლებში ერთი გამარჯვება იზეიმა და კიდევ ვიზეიმებთ ამ გამარჯვებას.

„31 ოქტომბერს სპეცოპერაცია მოხდა. დღეს რუსული ოცნება გვეუბნება: არ გამოხვიდეთ დაჯექით სახლში, როდესაც ცესკო და უსკო უსინდისოდ აყალბებს არჩევნებს, ერთადერთი გზაა, რომ დავიცვათ თითოეული ხმა და არჩევნებით ხელისუფლება შევცვალოთ. ჩვენი გზავნილი არამარტო საქართველოსთვის არამედ მსოფლიოსთვის, ასეთია: მშვიდობიანად შევცვალოთ ხელისუფლება, გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი და შეიცვალოს ცესკოს ხელმძღვანელობა.

„ამ მიზნით ვდგავართ ყველა პარტია, ბევრი ჭორი და ლაპარაკი იქნება, მე არსად არ ვაპირებ წასვლას ბოლომდე ვიბრძოლებ და თქვენს გვერდით ვიქნები. მოთხოვნას სჭირდება კონკრეტული გეგმა, 24 - საათიან რეჟიმზე ვიქნებით. 21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტური იქნება, ჩვენ არ ვღებულობთ მონაწილეობას და აქტივს მოვუწოდებთ, რომ არ მივდივართ არჩევნებზე. არცერთი ჩვენგანი არ შედის პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში. 21 ნოემბერს დავდგეთ ყველა საარჩევნო უბანზე და სირცხვილის კორიდორი გავაკეთოთ, ვნახოთ რამდენი ჰყავს "ქართულ ოცნებას" მხარდამჭერი.

„22 ნოემბერს აქ ჩვენ ისევ შევიკრიბებით. ეს ბრძოლა მხოლოდ არჩევნებისთვის არ არის, აქ ბრძოლაა საქართველოს მომავლისთვის, იმ ქვეყანაში, სადაც დემოკრატია არაა, ყველამ ერთად დემოკრატიის სადარაჯოზე დავდგეთ. ხვალ ბათუმში აივნებზე გამოვფინოთ საქართველოს დროშა და ვაჩვენოთ რამდენი ვართ",- განაცხადა ვარშალომიძემ.