ჰუმანური შრომის კოდექსი შრომის ნაცვლად?

ჰუმანური შრომის კოდექსი შრომის ნაცვლად?

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა შრომის კოდექსის პროექტი, რომელიც თვისებრივად ცვლის ურთიერთობას დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის. კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ მოიძებნა ოქროს შუალედი, რომელიც შრომით ურთიერთობაში ჩაბმული ყველა მხარის ინტერესს უპასუხებს, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები შიშობენ, რომ შრომის კოდექსის ახალი რედაქცია შეიცავს ისეთ მუხლებს, რომელთა მიღების შემთხვევაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ინვესტიციების მოზიდვა შეფერხდება.

1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალა ასრულებს დაპირებას და, დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით, ძირეულად ცვლის შრომის კანონმდებლობას. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, შრომის კოდექსის პროექტის შექმნაში მონაწილეობას იღებდნენ როგორც დამსაქმებელთა გაერთიანებების, ასევე პროფკავშირებისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

„ჩვენ ვითვალისწინებთ ბიზნესსამყაროს დიდ წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს არ უნდა ჰქონდეს მოუქნელი შრომის კოდექსი, მაგრამ ის უნდა იყოს ისეთი, რომ დასაქმებულის უფლებები იყოს დაცული. არც ერთ დამსაქმებელს მომავალში არ ექნება უფლება დასაბუთების გარეშე, ერთი ხელის მოსმით გააგდოს დაქირავებული სამსახურიდან“, განაცხადა თეა წულუკიანმა, რომლის თქმითაც, წინა ხელისუფლების პირობებში ამის საშუალებას იძლეოდა კოდექსის 37-ე მუხლი, რომელშიც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლებზეა საუბარი.

იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებული იქნება დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ანუ მტკიცების ტვირთი, რომ გათავისუფლებას ჰქონდა საფუძველი, გადავა დამსაქმებელზე, რომელიც ასევე ვალდებული იქნება სამსახურიდან დათხოვილ თანამშრომელს გადაუხადოს ერთი თვის ხელფასი ან ერთი თვით ადრე აცნობოს გათავისუფლების შესახებ. გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბარამიძის თქმით, ახალი კოდექსის მე-9 მუხლით გათვალისწინებული იქნება ზეგანაკვეთური შრომის აუცილებელი ანაზღაურება:

„მოქმედ კოდექსში წერია, რომ მხარეებს უტოვებს არჩევანს შეთანხმდნენ ანაზღაურებაზე, 41 საათის შემდეგ (ამდენია ნორმირებული საათების რაოდენობა კვირაში) რამდენ საათზე შეიძლება ზეგანაკვეთური ანაზღაურება მიიღო, მაგრამ რეალურად ეს არასოდეს ხდებოდა, რადგანაც ჩვენთან სამუშაო ადგილები ბევრი არ არის. ჩვენი პროექტის მიხედვით, 41 საათის ზევით ნამუშევარი ყველა საათი არის ზეგანაკვეთური, მაგრამ პირველი შვიდი საათი არის უფასო“.

ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას იანგარიშებენ 48 საათის შემდეგ და მისი მოცულობა განისაზღვრება საათობრივი ანაზღაურების 125 პროცენტით. გარდა ამისა, კოდექსის პროექტის მიხედვით, დისკრიმინაციის მუხლს დაემატება პროფკავშირებისადმი კუთვნილება, ანუ დასაქმებულებს დამსაქმებლის ნებართვის გარეშე ექნებათ გაერთიანების შექმნის უფლება და ამ გაერთიანებაში მათი წევრობის გამო სამსახურიდან დათხოვნა ჩაითვლება დისკრიმინაციად. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელის ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, მოქმედი შრომის კოდექსის შეცვლით საქართველოს ხელისუფლება უარს იტყვის ფაქტობრივად დაკანონებულ მონურ შრომაზე:

„დღეს არსებული კოდექსი - როგორც დეკრეტულ შვებულებებთან დაკავშირებით, ისე კოლექტიურ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და დასაქმებული ადამიანების უფლებებით - იყო მე-16–მე-17 საუკუნის ნორმები, რომელსაც შრომის კოდექსი ერქვა“.

შრომის კოდექსის შეცვლას ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი, რომლის თქმითაც, კოდექსის შეცვლა უპასუხებს საქართველოს ინტერესს ხელსაყრელი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა დაამყაროს როგორც ევროკავშირთან, ასევე შეერთებულ შტატებთან:

„ევროკავშირთან მიმდინარეობს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები, რომელიც თავისთავად გულისხმობს საქართველოში მრავალი სახის რეფორმის გატარებას და მათ შორის არის მოთხოვნა შრომის კოდექსთან დაკავშირებით. შრომის კოდექსის შეცვლას ასევე ითხოვდა შეერთებული შტატებიც მასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შესაძლო ამოქმედების კონტექსტში“.

ექსპერტების გარდა, შრომის კოდექსის განხილვაში მონაწილეობას იღებენ დამსაქმებლებიც, რომელთა ერთ-ერთი წარმომადგენელი, მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ხელმძღვანელი კახა კოხრეიძე ვარაუდობს, რომ ცვლილებები პოზიტიურ გავლენას მოახდენს ბიზნესის განვითარებაზე:

„ჩვენ უნდა განვავითაროთ ისეთი კომპანიები, რომლებიც შეძლებენ საერთაშორისო დონეზე კონკურენციას, რომლებიც შეძლებენ საერთაშორისო პარტნიორების მოძიებას, ხოლო თუ შრომის სტანდარტები არის არაშესაბამისი საერთაშორისო ნორმებთან, ასეთ კომპანიებს გაუჭირდებათ განვითარებაზე ორიენტაცია. ვფიქრობ, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვისაც კარგი იქნება ეს ცვლილებები. ხშირად მომაქვს ხოლმე გერმანელი მეწარმის რობერტ ბოშის სიტყვები: მე ვიხდი მაღალ ხელფასებს არა იმიტომ, რომ ბევრი ფული მაქვს, არამედ ბევრი ფული მაქვს იმიტომ, რომ მაღალ ხელფასებს ვიხდიო“.

განსხვავებული აზრისაა როგორც მოქმედი ბიზნესმენების, ასევე ქართველი ეკონომისტების ერთი ნაწილი. „პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი ვახტანგ ლეჟავა შიშობს, რომ ხელისუფლების სურვილი, დამსაქმებელთა ხარჯზე დაიცვას დასაქმებულთა უფლებები, უარყოფით გავლენას იქონიებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე.

„ის, რომ ჩვენ კეთილშობილური სურვილები გვაქვს, არ ნიშნავს იმას, რომ თავისთავად შედეგებიც გვექნება კარგი. ამ ცვლილებებით მივიღებთ იმას, რაც მიიღეს სამხრეთ ევროპაში, ანუ გამოიწვევს ზოგადად მაღალ უმუშევრობას და განსაკუთრებით მაღალს ახალგაზრდებში, ასევე გაზრდის არაფორმალურ დასაქმებას და, შედეგად, შრომის უფლებები უფრო მეტად ვერ იქნება დაცული. ეს არ არის თეორია, ეს არის პრაქტიკა! დღეს იტალიის, ესპანეთისა და საბერძნეთის მთავრობებისათვის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა შრომის კანონმდებლობა მორგებული იყოს რეალობასთან და არა სურვილებთან“, უთხრა ვახტანგ ლეჟავამ რადიო თავისუფლებას.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო შრომის კოდექსის პროექტზე მუშაობის დასრულებას თებერვლის შუა რიცხვებისთვის აპირებს. შემდეგ ჯერი პარლამენტზე მიდგება. გია ჟორჟოლიანი, პარლამენტის წევრი და სოციალურ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, მიიჩნევს, რომ კოდექსის ახალი ვარიანტის მოწინააღმდეგეთა შიშები უსაფუძვლოა:

„მითი იმის შესახებ, რომ სრული უუფლებო მდგომარეობა დასაქმებულებისა და დაქირავებულებისა ხელს უწყობს ინვესტიციების მოზიდვასა და ეკონომიკის განვითარებას, აბსოლუტურად არაადეკვატურია ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში არსებული წესრიგისა. ეს თეორია იმდენად სუსტია, რომ მისი კრიტიკა სერიოზულად არც ღირს. ადამიანები, რომლებიც კმაყოფილი არიან შრომის პირობებით, უფრო ჯანმრთელები და ენერგიულები არიან, გააზრებული აქვთ თავიანთი როგორც უფლებები, ასევე პასუხისმგებლობა, ქმნიან უკეთეს პროდუქციას და უკეთესად მუშაობენ, ვიდრე ღატაკები, ავადმყოფები და ისინი, ვინც მათრახის ქვეშ ჰყავთ“, უთხრა გია ჟორჟოლიანმა რადიო თავისუფლებას.

შრომის კოდექსის პროექტის თანახმად, ასევე მნიშვნელოვნად იცვლება 49-ე მუხლი, რომელიც გაფიცვისა და ლოკაუტის უფლებას ეხება. სიახლის მიხედვით, უქმდება გამაფრთხილებელი გაფიცვის აუცილებლობა, ხოლო დამსაქმებელთან მოლაპარაკების პერიოდი 21 დღით განისაზღვრება. იზღუდება ე.წ. მოკლევადიანი ხელშეკრულებების დადება, რაც მიზანშეწონილია ისეთ შემთხვევებში, როდესაც დამსაქმებელს სამუშაოს მოცულობის დროებითი ზრდა წარმოეშობა, დროებით შესაცვლელია რომელიმე თანამშრომელი ან თუ ივარაუდება, რომ სამუშაოს მოცულობა ამოიწურება. კოდექსის პროექტის მიხედვით, მნიშვნელოვნად იზრდება ქალის შრომითი უფლებებიც, თუმცა იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ კოდექსის პროექტის ეს ნაწილი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია და მისი შეჯერებული ვარიანტი მოგვიანებით გამოქვეყნდება.